"ჩერნობილში შესვლისას ხელს ვაწერთ, რომ პასუხისმგებლები ვართ საკუთარ თავზე..“ - კვირის პალიტრა

"ჩერნობილში შესვლისას ხელს ვაწერთ, რომ პასუხისმგებლები ვართ საკუთარ თავზე..“

ზურა გელაშვილი 15 წელია, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. არასდროს უშინდება ხიფათს, ბევრჯერ სიცოცხლის ფასადაც კი გაურისკავს. სწორედ ამიტომაც მის გვერდს - "მოგზაური მე" 75 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი გადაღებული კადრები ისეთ შეგრძნებებს ბადებს, თითქოს ამ ყველაფრის მონაწილე შენც ხარ. სურვილი, რომ დაეთვალიერებინა წლების წინ მიტოვებული და უკაცრიელი ქალაქი­ ჩერნობილი, წელს აისრულა. უკრაინიდან დაბრუნდა და რამდენიმე დღეში ომიც დაიწყო...

- პროფესიით ექიმი ვარ, ყბა-სახის ქირურგი. ერთხანს ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ მალევე მივხვდი, ჩემი საქმე არ იყო და მუსიკის განვითარებასა და მოგზაურობაზე­ გადავერთე. 2017 წელს მეგობრების თხოვნით გავაკეთე ფეისბუკბლოგი, რათა სხვებისთვის გამოცდილება გამეზიარებინა.­ ამან ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ დავიწყე გადაღება და ამ გზით ემოციების გაზიარება ჩემი გამომწერებისთვის... სულ 37 ქვეყა­ნაში ვარ ნამყოფი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო უკრაინაში. სერიალის ნახვის შემდეგ­ სულ მინდოდა­ ჩერნობილი ჩემი თვალით მენახა. იანვრის დასაწყისში სპონტანურად გადავწყვიტე და წავედი. უკრაინაში გავიცანი ერთი ქართველი, რომელიც ჩერნობილში გამომყვა. ერთ კვირა გავატარე­ იქ და ბევრ უკრაინელს დავუმეგობრდი, ამიტომ უფრო მტკივნეულია ჩემთვის ის ყველაფერი, რაც დღეს იქ ხდება. საქართველოში დაბრუნებულმა 15 თებერვალს სოცქსელში ავტვირთე ბოლო სიუჟეტი, 24-ში­ კი ომი დაიწყო...

cherno3-1647789124.jpg

ჩერნობილში მოგზაურობა დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ ზუსტად მივყვებით ინსტრუქციებს, საფრთხე იკლებს. უკან გამოსვლისას სპეციალური აპარატით­ ორჯერ იზომება რადი­აცია­ და თუ ამ დროს რადიაციული ფონი მომატებული აღმოჩნდა, არც ისე კარგად არის საქმე... ჩერნობილში შესვლისას ხელს ვაწერთ, რომ პასუხისმგებლები ვართ საკუთარ თავზე. განსაკუთრებით გვაფრთხილებენ, არ მოვკიდოთ ხელი არაფერს და არც სუვენირად წამოვიღოთ რამე, თუნდაც ქვა. შესაძლოა, ამ პატარა დეტალითაც კი ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე შევუქმნათ. განსაკუთრებით დამთრგუნველია პრიპიატში დასახლებების ნახვა, იქ აღარავინ არის, გარდა მეოთხე რეაქტორზე მომუშავე პერსონალისა, დღეს კი რუსებს აქვთ ჩაგდებული ხელთ ეს ტერიტორია და არავინ იცის, იქ რა ხდება. ეს არის ადგილი, რომელიც გვახსენებს, როგორ შეგვიძლია საკუთარი ხელით ჩვენი სიცოცხლის, პლანეტის განადგურება. 36 წელი გადის, მაგრამ რადიაცია, როგორც იქ მითხრეს, მინიმუმ 20 000 წელი იქნება. კატასტროფის შედეგებს დღესაც ებრძვიან და არავინ იცის, რას მოიტანს წლების შემდეგ. ჩემი საერთაშორისო ფესტივალების მოწოდება ეგეც არის - რა მიზანი და მიზეზიც უნდა გქონდეს, ადამიანები პირადი კეთილდღეობისთვის არ უნდა გაწირო...

cherno2-1647789123.jpg

ყველაზე ტრაგიკული კადრი საბავშვო­ ბაღში გადავიღე. გამყოლმა ამისთვის ექვსი­ წუთი მოგვცა, რადგან რადიაციის დონე მაღალი იყო. რომ შევედი, თვალში მომხვდა­ კარადაზე გადაკიდებული ბავშვების ტანსაცმელი და გაქვავებული თოჯინები, 36 წლის წინ როგორც დატოვეს, ისევ ისე იყო. ეს კადრი სამუდამოდ ჩამრჩება მეხსიერებაში...

ჩემთვის მოგზაურობის მთავარი მიზანია ადამიანებთან ურთიერთობა, მინდა გავიგო, როგორ ცხოვრობს ხალხი, ამიტომ თავდაპირველად ბაზარში მივდივარ ხოლმე, რადგან იქ კარგად ჩანს ქვეყნის ავ-კარგი. მე ვეძებ სიყვარულს და ადამიანებს, რომლებსაც სიყვარული შეუძლიათ. გარდა ამისა, მინდა ვიპოვო პასუხი კითხვაზე, რისთვის ვცხოვრობთ, რა მისია გვაქვს...

- ალბათ, ბევრჯერ მოხვედრილხართ სახიფათო სიტუაციებში.

- ჩემი მოგზაურობები სულ ხიფათზეა­ აგებული. თუნდაც ჩერნობილში ყოფნა ძალიან საშიში იყო, მაგრამ ყოველთვის მაინც ინტერესი ჭარბობს. მთებში კარვით ვმოგზაურობ ხოლმე და არაერთხელ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. შვედეთში გაყინული ტბების სანახავად ვიყავი და ყინული ჩამემტვრა. ძლივს გადავრჩი, თან მარტო ვიყავი... ერთ-ერთი ბოლო მოგზაურობისას ანდორაში 15 კილომეტრი გავიარე ფეხით, გამეთიშა ტელეფონი და დავიკარგე აპენინის მთებში...

ისლანდიაში ოთხნი ვიყავით ზამთარში.­ 2 000 კმ გვქონდა გასავლელი აისბერგების­ გარშემო. ურთულესი ბილიკებია. 28 კმ გადავიარეთ, ყველაზე რთული მონაკვეთი. კრატერის თავზე ვიყავით. 8-10 დღე მოგვიხდა გზაში ყოფნა. წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ ერთ-ერთ მხარეში პოლიცია ტურისტების ყველა მანქანას 750 ევროთი აჯარიმებდა სიჩქარის გადაჭარბების გამო. სიჩქარის კონტროლერი დავაყენეთ, საათში 90 კილომეტრისთვის არ უნდა გადაგვეჭარბებინა, მაგრამ მაინც გაგვაჩერეს და ჯარიმაც გამოგვიწერეს.

- გამოდის, უკანონოდ დაგაჯარიმეს?

- ასეა, რადგან მოძრაობის წესები არ დაგვირღვევია. არადა, ისლანდია ცხოვრების­ დონით მსოფლიოში პირველ სამეულშია. თუ გინდა, გაასაჩივრეო, მითხრეს, მაგრამ მაშინ მოგზაურობის გეგმა საერთოდ უნდა შეგვეცვალა, ამიტომ გადახდა ვარჩიეთ...

მყავს მეუღლე, ნენსი და რვა წლის სანდრო. მათთან ერთად ბევრგან მიმოგზაურია, თუმცა რისკიან მარშრუტებზე მაინც მარტო დავდივარ.

- რას ამბობენ საქართველოს შესახებ უცხოელი მოგზაურები?

- ყველა კითხულობს, ასეთი ქვეყანა გაქვთ და რატომ არ უვლითო? ყველა რეგი­ონში გვაქვს კურორტი და ხალხი მაინც გაჭირვებულია. რესურსი გვაქვს, რომ უკეთესად ვიცხოვროთ, მაგრამ ვერ ვიყენებთ...

ნინო ჯავახიშვილი