ქართველი, რომელმაც ლენინს საიდუმლო სეიფი, რადიომართული ტანკები, თვითმფრინავები და სხვა შეიარაღება შეუქმნა - კვირის პალიტრა

ქართველი, რომელმაც ლენინს საიდუმლო სეიფი, რადიომართული ტანკები, თვითმფრინავები და სხვა შეიარაღება შეუქმნა

პეტერბურგში სეიფების ოსტატი ვლადიმერ ბექაური კარგად იყო ცნობილი და ლენინმაც­ ამიტომ დაამზადებინა თავისი­ სეიფი. როცა ბექაურმა საქმე დაამთავრა და ლენინმა მისი ნამოქმედარი მოიწონა, სეხნიები ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. ბექაურმა ლენინს უთხრა, რომ დიდ მანძილზე რადიოტალღებით მოქმედი ნაღმის შექმნა შეეძლო და მერე, სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში, რადიომართული ტანკების, თვითმფრინავებისა და სხვა ნებისმიერი შეიარაღების გაკეთება იყო შესაძლებელი.“

ვლადიმერ ბექაურის შესახებ ისტორიის მკვლევარი თენგიზ თხილავა­ გვესაუბრა.

- 1920 წლის ბოლოს ლენინს ახალი­, უსაფრთხო სეიფი დასჭირდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტების­ შესანახავად. მას სმენოდა სეიფების ელექ­ტრონული­ სიგნალიზაციის ოსტატის, ბექაურის შესახებ, რომელიც პეტროგრადში ცხოვრობდა და რევოლუციამდეც ამზადებდა ძალიან საიმედო ლითონის სეიფებს.

ვლადიმერ ბექაურმა­ 1905 წელს თბილისში სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა. ცოტა ხანს თბილისში ცხოვრობდა, მერე პეტერბურგში წავიდა, სადაც სეიფების ოსტატი გახდა. რკინის სეიფებს ელექტრონული უსაფრთხოების სისტემებს უმონტაჟებდა. მანამდე რამდენიმე გამოგონების ავტორი იყო, ძირითადად - რკინიგზის სფეროში.

ბექაურმა ლენინს უთხრა, რომ დიდ მანძილზე რადიოტალღებით მოქმედი ნაღმის შექმნა შეეძლო და მერე, სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში, რადიომართული ტანკების, თვითმფრინავებისა და სხვა ნებისმიერი შეიარაღების გაკეთება იყო შესაძლებელი. ლენინი ამ საქმით დაინტერესდა­. 1921 წლის 18 ივლისს შეიქმნა საგანგებო ტექნიკური ბიურო (Особое техническое бюро - Остехбюро) ბექაურის მეთაურობით. ბიურო პეტროგრადში დაბინავდა. "ოსტეხბიუროს" 500-მდე თანამშრომელი ჰყავდა. პირველი კვლევებისთვის ბიუროს 150 ათასი ფრანკი გამოეყო, ბექაური კი დასავლეთის ქვეყნებში შეუზღუდავ მივლინებაში გაიგზავნა.

ბიუროს ექვსი განყოფილება ჰქონდა: საგანგებო, ავიაციის, წყალქვეშა ცურვის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ელექტროტექნიკური და ექსპერიმენტულ-კვლევითი. 1926 წლამდე "ოსტეხბიუროს" განკარგულებაში იყო ნაღმების ქარხანა "ტორპედო". 1927 წლის 30 ნოემბერს ბექაურმა სამთავრობო კომისიას ბიუროს მოსკოვში გადატანის საჭიროების შესახებ მოახსენა. ეს პროცესი გაჭიანურდა და საბოლოოდ, 1935 წლის 8 მაისს, შესაბამისი დადგენილება მიიღო. ამასობაში ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა. მოსკოვში გადატანილ "ოსტეხბიუროში" გულაგის პატიმრებიც გაამწესეს. საზღვაო საკითხებზე მომუშავე განყოფილება ლენინგრადში დარჩა.

beqauri-1647791098-1648302109.webp

1930 წლის 3 ივნისს "ოსტეხბიურო" სამხედრო და საზღვაო საქმეების სახკომის განკარგულებაში გადავიდა. სახკომ კლიმენტ ვოროშილოვს ტექნიკური საკითხების­ ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ მისი პირველი მოადგილე, წითელი არმიის ცნობილი "კომანდარმი", მომავალი მარშალი ტუხაჩევსკი დისტანციურად მართული ტექნიკით დაინტერესდა და ბექაურს ყველანაირად შეუწყო ხელი. ბექაურის ყველაზე წარმატებული პროექტი "ბემი" იყო - რადიომართული ნაღმი, რომელზე მუშაობაც ვლადიმერ ბექაურმა და ვლადიმერ მიტკევიჩმა 1924 წელს დაიწყეს. "ბემი" მათი გვარების პირვე­ლი­ მარცვლებისგან შედგება. სამხედრო-საზღვაო საქმეების მაშინდელი სახკომი მიხაილ ფრუნზე ამ ტექნოლოგიით დაინტერესდა. მუშაობა ფრუნზეს გარდაცვალების მერეც წარმატებით გაგრძელდა და 1929 წელს "ბემი" წითელი არმიის შეიარაღებაში მიიღეს. 1932 წელს შორეული აღმოსავლეთის წითელდროშოვანი არმიის შემადგენლობაში შეიქმნა "ბემის" ხელსაწყოებით შეიარაღებული ასეული... ბექაურის ბიურო მუშაობას განაგრძობდა. შეიქმნა რადიომართული ტანკის ნიმუში, ასევე - ზემცირე რადიომართული წყალქვეშა ნავი "პიგმეი". დაიწყო მუშაობა უმართავ საფრენ აპარატებზე (ახლანდელი ბაირაქთარებისა და მსგავსი ხელსაწყოების შექმნამდე ათწლეულებით ადრე), მაგრამ 1937 წელს ეს ყველაფერი დამთავრდა. 11 აპრილს "ოსტეხბიურო" თავდაცვითი მრეწველობის სახკომს გადასცეს. მაისში დააპატიმრეს ტუხაჩევსკი და დახვრიტეს. მას გერმანიის სასარგებლო ჯაშუშობა ედებოდა ბრალად. იმავე ბრალდებით დააკავეს მასთან დაახლოებული ბევრი ადამიანი, მათ შორის - ბექაური. ის 1938 წლის 8 თებერვალს დახვრიტეს. 1937 წელს "ოსტეხბიურო" სამ ნაწილად დაშალეს. დღეს მისგან დარჩენილია სამხედრო-საზღვაო ფლოტის განკარგულებაში მყოფი კონცერნი„საზღვაო წყალქვეშა­ შეიარაღება - "ჰიდროხელსაწყო", მაგრამ ბექაურის ნამუშევარი უკვალოდ არ გამქრალა. 1941 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა­ დივერსანტებმა "ბემით" 556 კილომეტრზე რადიომართვით ააფეთქეს ხარკოვის გერმანელი კომენდანტის, გენერალ გეორგ ფონ რაუნის რეზიდენცია. ამ აფეთქებისას დაიღუპა ფონ ბრაუნიც.

წყალქვეშა ნავი "პიგმეი" "ოსტეხბიუროს"­ ბალაკლავის საზღვაო პოლიგონზე იდგა. ომის დაწყების მერე მისი გატანა ყველას­ დაავიწყდა და გერმანელებს ჩაუვარდა ხელთ. მის სანახავად საგანგებოდ მივიდნენ­ იტალიელი წყალქვეშა დივერსანტები, რომლებიც მაშინ მსოფლიოში საუკეთესო­ებად­ ითვლებოდნენ და თავიანთი ზემცირე­ წყალქვეშა ნავი ჰქონდათ შექმნილი. მათ აღნიშნეს, რომ "პიგმეი" მათ ნავზე ბევრად უკეთესი, თითქმის სრულყოფილი იყო. გერმანელებმა ნავის გერმანიაში წაღება გადაწყვიტეს, მაგრამ ის ღელვის დროს ჩაიძირა. 80-იან წლებში ეს წყალქვეშა ნავი, რომელიც მითიურად ითვლებოდა, მყვინთავებმა 50 მეტრ სიღრმეზე იპოვეს.