"ჯანყი გურიაში“ ანუ "სიკვდილი, კილავ, რუსებს!“ - კვირის პალიტრა

"ჯანყი გურიაში“ ანუ "სიკვდილი, კილავ, რუსებს!“

"რუსმა... უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური, რომ გადაგვეხადა, მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხდით და ვიპუნტეთ“

"საქართველოში ყველაზე ცნობილი აჯანყება თუ რევოლუციური გამოსვლა (1841 წელს და 1905 წლის რევოლუციის დროს) გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთის რაიონში მოხდა. გურიის ჯანყს ორგანიზებული და მასობრივი ხასიათი ჰქონდა. "ჯანყი გურიაში" თვითმპყრობელობისა და რუსეთის­ წინააღმდეგ იყო მიმართული და მასში მოსახლეობის ყველა ფენის, მათ შორის - თავადაზნაურობის დიდი ნაწილიც მონაწილეობდა". გვესაუბრება კინორეჟისორი, მკვლევარი ირაკლი მახარაძე:

- "ისტორია, ჩვეულებრივი გაგებით, ე.ი. თავგადასავალი, ყველაფერს აქვს, მაგრამ საკუთარი თავგადასავალი მხოლოდ საზოგადოებას ახსოვს. თავისი წარსული ცხოვრების ცოდნის მოთხოვნილება მხოლოდ კულტურული საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია. უისტორიო საზოგადოება კულტურულობას ვერ დაიჩემებს", - ეს არის აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ოზურგეთში გამოსვლის ფრაგმენტი 1963 წლის სექტემბერში.

გავიხსენოთ ბოლო ორი ასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები არა მარტო ლანჩხუთისა და გურიის ისტორიისა, არამედ საქართველოსი... საქართველოში ყველაზე ცნობილ აჯანყებასა თუ რევოლუციურ გამოსვლას არამხოლოდ სოციალურ-პოლიტიკურ-რელიგიური საფუძველი აქვს, მას გურულის საყოველთაოდ ცნობილი ხასიათიც განაპირობებდა.

ცნობილი საზოგადო მოღვაწე აპოლონ­ წულაძე წერდა: ,,ბედაური მათრახს არ დაირტყამსო” და გურულიც ბედაურობას­ ცდილობდა, მათრახს გაურბოდა. მათრახდარტყმულს, გაროზგილს, პანღურნაკრავს, თვალი არ გაეჭყვირებოდა, თავს შეაკლავდა, თუ ამ განსაცდელს ვერ აიშორებდა... გურულის ამაყობა, გურულის სიცოცხლე, თოფის წამალივით აფეთქება, მისი უცფათ გაკუჭება ანეგდოტათ იყო გავრცელებული... გურულს ახირებულათ ღვთის წყალობასაც ვერ შეკადრებდნენ. ვინც გურულის ამბავი იცოდა, მისი დიდი შიში და რიდიც ჰქონდა. ტყუილად და უმიზეზოთ კი არ იტყოდენ, გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდაო... არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია".

- რატომ დაიწყო აჯანყება?

- გურიაში ცნობილი 1841 წლის აჯანყება ლანჩხუთის რაიონში 22 მაისს დაიწყო, როდესაც გადასახადთა ამკრეფნი,­ თანახმად ახალი კანონისა, შეუდგნენ საერობო­ გადასახადების მოკრებას. ამაზე სოფელ ლანჩხუთის გლეხებმა კატეგორიული უარი განაცხადეს და ისინი სოფლიდან გააძევეს. ორი დღის შემდეგ, 24 მაისს, აკეთელმა გლეხებმა ენუქა, გოგია, ათან ვადაჭკორიებმა, დათა მეგრელაძემ და მარტინ ლანჩაბაძემ გაიგეს რა, რომ ლანჩხუთელმა გლეხებმა უარი განაცხადეს საერობო გადასახადებზე, თავს დაესხნენ გადასახადის ამკრეფ გოგოსი დოროძეს, კეტების ცემით დაასისხლიანეს და წაართვეს 11 მანეთი ვერცხლის ფული. ურჩი გლეხების დასაპატიმრებლად თავადი ბარათაშვილი სხვა თავად-აზნაურებთან ერთად გაემართა. როცა ისინი ზემოთ ხსენებული გლეხების სახლებს მიუახლოვდნენ, გლეხები გაიქცნენ. ბარათაშვილის ბრძანებით, გადასახადის ანგარიშში წამოიღეს სამი ქვაბი და ორი ძროხა. სანამ ამ ნივთებს აგროვებდნენ, ვადაჭკორიების მეთაურობით 50-მდე ხანჯლებითა­ და თოფებით შეიარაღებული­ აკეთელი გლეხი შეიკრიბა. ისინი თავს დაესხნენ მომხდურებს, გააქციეს ბარათაშვილი, მისდიეს სახლამდე და ქვებით კარ-ფანჯრები ჩაულეწეს, წართმეული ნივთები კი უკან დაიბრუნეს. შეტაკების დროს ხანჯლით თავში დაჭრეს აზნაური ალექსანდრე ჯაყელი, გლეხიG გაბრიელ ჩხაიძე კი ხელში დაიჭრა. გურულებმა საერობო გადასახადზე უარის თქმა გადაწყვიტეს. 1841 წლის გურიის ჯანყის მონაწილე ჭანჭათელი გოგია ვადაჭკორია ჰყვებოდა: "რუსმა... უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური, რომ გადაგვეხადა, მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხდით და ვიპუნტეთ".

გურიის ჯანყს მასობრივი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ­ კაჟიანი თოფებით შეიარაღებულმა, ცუდად ორგანიზებულმა რაზმებმა რუსის რეგულარულ ჯარებს ვერ გაუძლეს, თუმცა დიდი წინააღმდეგობა კი გაუწიეს და ზიანიც მიაყენეს. ისევ ვადაჭკორიას მოვუსმინოთ: "რუსი რომ გამოგვეკიდა, უკნიდან უკამანდრეს, პრიამა, პრიამაო. ჩვენ წინ გზაზე პრიამათ დიდი წიფელა დავაგორეთ. რუსებს გუუჭირდა წიფელაზე გადარება, მიადგა­ მისი პრტყელი ტაპორაით და წიფელა გადამორა. გზაი გეიკეთა პრიამათ, ამასობაში ჩვენ უკნიდან შემოუარეთ და სულ ჩორთი, ჩორთი გვეძახეს". აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს და მას შემდეგ წნეხი უფრო გაძლიერდა, მაგრამ გლეხობა არ ურიგდებოდა საკუთარ ბედს და გურიის დიდი აჯანყების შემდეგ რამდენიმე შეიარაღებული გამოსვლაც მოაწყვეს 1862 და 1881-82 წლებში. გურიის ჯანყის ჩახშობიდან დიდი ხნის შემდეგაც გოგია ვადაჭკორია ყოველი ახალი წლის დილას თოფს ჩრდილოეთისაკენ მიაბრუნებდა და უკიჟინებდა: "სიკვდილი, კილავ, რუსებს!"