"თუ საჭირო გახდა, თლად გავვარდები ფირალად, სად გვაქვს დასაკარგი სამშობლო?!“
"ახლა მოსკოვში არიან წასულები. მანამდე რუსეთი ჩამეიშლება - მე ისეთი დავწყევლე, ნახავთ თქვენ! გურული წყევლა ჭრის, ნენა!“
ქართულ ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გურული ქალბატონი სოფელ ლიხაურიდან, ისტორიის მასწავლებელი ირმა გორდელაძე ოზურგეთში პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციის გახსნას აპროტესტებდა. როგორც გაირკვა, 12 მარტს ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისის გვერდით, პრორუსული "ალტ ინფოს" ბაზაზე შექმნილი "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი გაიხსნა, რაც ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ოზურგეთი არ დაუშვებს ქალაქში პრორუსული ძალების მხარდამჭერი ჯგუფის ფუნქციონირებას. ისინი აცხადებენ, რომ ოზურგეთში რუსული პროპაგანდის ადგილი არ არის, ე.წ. რუსეთუმეებს აქ დამკვიდრების საშუალებას არ მისცემენ და გაუშვებენ იქ, სადაც რუსული ხომალდების ადგილია...
- ბებია-ბაბუას გამოზრდილი ვარ და ასეთებს სხვანაირი ძარღვი აქვთ. მათივე დატოვებულ ძველ კარ-მიდამოში ვცხოვრობ, ლიხაურში. მყავს ერთი სტუდენტი შვილი. ქმარს გაშორებული ვარ - რომელი კაცი გამიძლებდა მე?! მარტო დამოუკიდებლობამ არ გამაძლიერა, თავიდანვე ასეთი მებრძოლი და შეუდრეკელი ვიყავი. 9 აპრილის თაობა ვარ და ის წლები რომ მახსენდება, მეტირება ხოლმე, ჩემი სამშობლოა ჩემთვის მთავარი... 51 წლის ვარ და ქონება არ დამიგროვებია, დავაგროვე ცოდნა და სიყვარული. დიდი არაფერი მაქვს, მაგრამ შემიძლია სხვებსაც გავუყო ლუკმა - ასე გამზარდა ბებია-ბაბუამ. ისტორიას ვასწავლი ლიხაურისა და ბაილეთის სკოლებში, მიწევს ფიზიკური შრომაც, რადგან ეზოში ბოსტანიც მაქვს, ყანაც და სათხილეც. ბაბუამ ყველაფერი მასწავლა - ბარვა, თოხნა, ცელვა, შეშასაც ვაპობ... ჩემთვის მთავარი კომფორტია სულიერი სიმშვიდე და ის, რომ ბევრ ბედნიერ ადამიანს ვხედავდე, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. 27 წელია, სკოლაში ვასწავლი და ჩემთვის მთავარი მაინც ის არის, მე განვვითარდე, სულ ვისწავლო, რომ მერე ჩემს მოსწავლეებს დავეხმარო. თაობები გამოვზარდე, თანაც ვასწავლი ძალიან საპასუხისმგებლო საგნებს ისტორიას და სამოქალაქო განათლებას. რაც დღეს გვჭირს, ყველაფერი გაუნათლებლობით გვჭირს. ოთხი წლის წინ წამოვიდა გარემოს დაცვის თემები, ჰესების გამო ცუდად ექცეოდნენ მდინარეებს და დავიწყე მოქმედება მათი გადარჩენისთვის. ბევრი მომხრე გამომიჩნდა და იმხელა ცოდნა შევიძინეთ, ექსპერტების დონეზე ვართ. მეგობართან ერთად დავაფუძნე გარემოს დაცვითი ორგანიზაცია "ეკო" და ახლა ვცდილობთ, გურიაში რაღაცებს მივხედოთ.
- დარიკო როდის და რატომ შეგარქვეს?
- ოთხი წლის წინ, როდესაც ჰესების აშენებას ვაპროტესტებდით, მომხრეებთან ერთად პარტიზანული "ჩახტომები" დავიწყე. სანამ სერიოზულად აღგვიქვამდნენ, მიჩვეული ვიყავი წნეხს, თვალთვალს, შევიწროებას, დევნას, მაგრამ ჩემი მთავარი დასაყრდენი ყოველთვის ხალხი იყო. ვერ ვიტან უსამართლობას, ჩაგვრას. ხან ვფიქრობ, ცოტა მაკლია-მეთქი, მაგრამ ეს ჩემი პრინციპებია. ერთხელ ჩემს მეგობართან ვიყავი, რომელმაც მამის ნაქონი ნაბადი, ყაბალახი და 300 წლის ფიშტო დამაჭერია ხელში, გადავიღე სახალისო ფოტო და მას მერე შემარქვეს დარიკო. ადვილად ვცივდები და როცა სიცივეა, თავზე ყაბალახივით ვიკეთებ თავშალს. თან გურული იერია ეს. პროტესტი, უსამართლობისა და რუსის წინააღმდეგ ბუნტი გურულებისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ახლა მერვე ჯანყია გურიაში. 1819 წლიდან 1924 წლამდე შვიდი აჯანყება იყო რუსული იმპერიის წინააღმდეგ, ყველაზე ძლიერად ჩვენ ვებრძოდით რუსს. სოფელი ლიხაური ექვთიმეს სოფელია, ჩვენ ვართ ექვთიმეს ლაშქარი (ასე ვუწოდებთ ჩვენს თავს). სოფელში რამდენიმე უბანია. მე ვცხოვრობ ოქროს მუხულოში (გურულ დიალექტზე კუთხეს ნიშნავს), სადაც თავს აფარებდა რუსულ ჟანდარმერიას გამოქცეული გურული ფირალი და ე, იმ ფირალების სული მაძლიერებს.
- ზოგიერთებმა "ნაციონალად" მოგნათლეს...
- არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები არც ერთი პარტიის წევრი. ჩემი პარტია არის ქართველი ხალხი და საქართველოს მომავალი - ჩვენი ბავშვები. პარტიის წევრობა ნიშნავს, მოექცე მის ჩარჩოებში. მე სა შემიძლია ჩარჩოები და საზღვრები?! ერთადერთი იმედი ჩვენი მომავალი თაობაა, მათ იმაზე უკეთ უნდა მოუარონ ქვეყანას, ვიდრე ჩვენ მოვუარეთ. ილიასი არ იყოს, ჭკუით მოსული მტრის უფრო გეშინოდეს, ვიდრე ხმლით მოსული მტრისაო. რუსულ აგენტურას ყველგან აქვს საცეცები და ძალიან მძიმეა, როდესაც რუსულ პროპაგანდას ეწევიან და ჩვენს გვერდით მდგომ ახლობლებს ტვინს უბრუნებენ. სიყვარულის და სიბრძნის ენით, მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავიცვათ თავიც და ისინიც, რათა ეს პუტინის ხელის ბიჭები ყველა ქალაქიდან და რეგიონიდან მოვიშოროთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ ერი უნდა გავერთიანდეთ სიყვარულით და შრომით, იმ ბანაკში უნდა აღმოვჩნდეთ, სადაც მშვიდად ვიგრძნობთ თავს, სადაც არ წაგვართმევენ ტერიტორიებს, სადაც ჩვენს იდენტობას შევინარჩუნებთ.
- "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნის თაობაზე გამოხატულმა თქვენმა პროტესტმა სრულიად ინტერნეტი მოიცვა...
- ახლა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომია, ეს სამი თვის პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" ოფისებს გამალებული ხსნის, მიდის რუსული აგიტაცია და პროპაგანდა. ისინი მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ევროკავშირში გაწევრებაზე გავაკეთეთ განაცხადი. რუსეთს არ უნდა ჩვენი დათმობა და პუტინის მიმდევრებმაც წამოყვეს თავი. ისინი მალულად მოქმედებენ, იყენებენ მრევლს და ეკლესიას... ჯვარს, პატრიოტიზმსა და ტრადიციებს ამოფარებულები ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. მათი გაგებით, ევროპა ყოფილა მარტო პრაიდი და ესენი ყოფილან წმინდანები. ევროპა არის მოწესრიგებული სისტემები - ეკონომიკა, სამოქალაქო სამართალი, ინფრასტრუქტურა და სხვა. რუსეთს არ უნდა საქართველოს გაშვება და ყველანაირად ცდილობს დავივიწყოთ ევროპა, დაანახოს მოსახლეობას, ევროპა მარტო ცუდს ნერგავს, ჩვენ - ყველაფერ კარგსო. როგორ შეიძლება, ნორმალურმა ადამიანმა ეს დაიჯეროს? ჯერ სიტყვა ლიბერალის მნიშვნელობა გაიგონ ამ უდღეურებმა, სალანძღავი სიტყვა რომ ჰგონიათ. ეს ფაშისტები ყოვლად დაუნდობლად გვესხმიან თავს ადამიანებს, ვინც ნორმალურად ვაზროვნებთ, ვისაც ტვინი არ გვაქვს არეული და არ ვართ მტერს მიყიდულები. როგორ შეიძლება ეს ფაშისტები სადმე მოვიდნენ?! ვეცდებით, ისინი აქ არ გავაჭაჭანოთ. პუტინის ხელის ბიჭებს გურიაში არაფერი ესაქმებათ!
- გურიაში როგორია მოსახლეობის განწყობა, ჰყავთ "პროპუტინისტებს" მიმდევრები?
- კი, ჰყავთ მომხრეებიც, მაგრამ მოწინააღმდეგე მეტია, ამიტომ უნდა გავძლიერდეთ და მათი მომხრეები გადმოვიყვანოთ ჩვენს ჭკუაზე. 12 მარტს მათ ერთი დღით იქირავეს შენობა, 20 წუთით მოვიდნენ, ოფისი გახსნენ, აკურთხენ, დაკეტენ და წავიდნენ. შემთხვევით გავიგეთ, ოფისს ხსნიანო და სანამ შევიკრიბეთ და მივედით, აღარავინ იყო, მარტო სკამები და მაგიდები დაგვხვდა. შანსი არაა მაგათი გაჭაჭანების, გამორიცხულია! ის ოზურგეთელი, ვინც მათ ფართს მიაქირავებს, იქნება მხილებული და რუსეთის მოკავშირედ გამოცხადებული.
- საპროტესტო აქციაზე თქვით, რომ მათი ოფისი "ქართული ოცნების" ოფისის გვერდით გაიხსნა. ისინი იყვნენ ინფორმირებული?
- როგორ არ იყვენენ! აღმოჩნდა, რომ მათი ნაქირავები ფართი ოზურგეთის მერიას ეკუთვნის. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია იქნებოდა და შემოიპარნენ ვირთხებივით, ვითომ გახსნენ, დაკეტენ და წევიდნენ. ამფერი ხალხია მაგენი. ვინ, რომელი ოზურგეთელი გაბედავს აშკარად მათ მხარეზე დადგომას? ჩვენ იმიტომ ვატარებთ ამ აქციას, რომ არც ერთი ოზურგეთელი არ გაჭაჭანდეს მაგათ გვერდით. მაგალითი გადამდებია და უნდა ავმოძრავდეთ. ამ რუსოფილებს რომ საცეცები აქვთ და ხალხს ტვინს ურევენ, ეს ტვინარეული ხალხი უნდა დავიბრუნოთ, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან და ხომ ვერ გავრიყავთ? მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ისინი სააქაოს მოვაბრუნოთ და დავუმტკიცოთ, რომ აყოლილნი არიან რუსულ პროპაგანდას, რომელიც ქვეყნის დახლეჩას, დაკნინებას და დანგრევას ემსახურება.
- აქციაზე თქვენი ფრაზა იყო: "ვიყაით, არ იყაით. სა იყაით?" გაირკვა, სა იყვნენ?
- რა ვიცი, სა იყვნენ? ქვესკნელში! გახსნენ ოფისები და ამ საცოდავ ხალხს აბოლებენ ჯვრებით. ეროვნული ფასეულობების და სარწმუნოების დაცვისკენ ისწრაფვიან თურმე. ვისაც ალიანსი და ევროკავშირი, კაი ცხოვრება, მშვიდობა, უსაფრთხოება და დემოკრატია უნდა, ლიბერალები და ცუდები ვყოფილვართ, ვისაც რუსული ბაზები და დიქტატურა აწყობს, მაგენი ყოფილან მორწმუნეები. ნენა, ნენა, ნენაა...
- სავარაუდოდ, ოპონენტები რეაგირების გარეშე არ დატოვებდნენ თქვენს აქტიურობას...
- მას მერე ბოტები და ტროლები შემომისიეს. ვაჭრი თავს - ამოსდით. მივადექი და ყველანი დავბლოკე. სა შემიძლია მაგენის აბდლობის ატანა?! მუქარა - იცოცხლე! თავისი მოკლე ჭკუით, მაშინებენ. მაგენის შეშინებული არ გეიშვას არსად! მეგობრებმა მითხრეს, ვიღაც ალტინფოელს ფოტო დაუდია იარაღების არსენალით და დამმუქრებია. განვაცხადე იმ დღეს, მოვაქანჯალოთ მთავრობა, მათი ადგილობრივი ხელის ბიჭები გვემუქრებიან, რატომ არ რეაგირებთ-მეთქი. ეს არის დანაშაულებრივი საქციელი. დავდე პოსტი და ვუთხარი მაგენს, რასაა, არსენალს რომ დებთ, პირს რომ გავაღებ, მე თვითონ ვარ არსენალი-თქო. მერე აიღეს ის პოსტი... რადგან ასე გამწარდნენ, ლანძღვა-მუქარა დაიწყეს და შეტევაზე გადმოვიდნენ, ესე იგი სწორ გზაზე ვდგავართ. მათ აგრესიას მე იუმორს ვუპირისპირებ. ბოროტებას ჭკვიანურად უნდა მივუდგეთ. ქართული ჩოხით რუსულ პროპაგანდას ეწევიან და რუსეთის ინტერესებს იცავენ. მაგენს უნდათ "ფოდნოსით" მიართვან რუსეთს საქართველო, მარა ვერ ეღირსებიან. დიდი გამოხმაურება გვაქვს მთელი საქართველოდან, ჩვენკენ ბევრი სითბო და სიყვარული წამოვიდა ნიაღვრად. ის ვთქვით გურულებმა, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ, ეს კი გადამდებია და სხვებიც ასე მოიქცევიან. ვინ უნდა შეაშინონ მაგათ?! ბებიაჩემმა იცოდა თქმა, ბებია, შიში თუ შეგეპარა, დიდ საქმეს ვერ გააკეთებო. მშიშარა არ ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. რა ვქნა, რაც მომივა, მომივა.
აგენი იქ ხსნიან ოფისებს, სადაც სამოქალაქო სექტორი არის მკტარი. ოზურგეთის 90% ჩვენ გვერდითაა. ყველანი უნდა გავერთიანდეთ. თუ საჭირო გახდა, თლად გავვარდები ფირალად. სად გვაქვს დასაკარგი სამშობლო?! ახლა მოსკოვში არიან წასულები. მანამდე რუსეთი ჩამეიშლება - მე ისეთი დავწყევლე, ნახავთ თქვენ! გურული წყევლა ჭრის, ნენა!