დედით რუსი, მამით უკრაინელი ფოთელი ბიჭის ამბავი - კვირის პალიტრა

დედით რუსი, მამით უკრაინელი ფოთელი ბიჭის ამბავი

მიმდინარე მოვლენებისა და შემაშფოთებელი ინფორმაციების ფონზე სოცმედიაში, საკმარისია თუნდაც პატარა კეთილი ამბავი გამოჩნდეს, რომ მრავალრიცხოვანი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვება, რაც ზოგჯერ გაკვირვებასაც იწვევს, თუმცაღა, ალბათ, სწორედ ეს გვაჩვენებს, როგორ სჭირდება სიკეთე ჩვენს საზოგადოებას. ასე მოხდა ფოთელი ქალბატონის, იზა ჭითანავას ფეისბუკპოსტთან დაკავშირებით, რომელშიც იგი ფოთში მცხოვრები, ეროვნებით უკრაინელი ტაქსის მძღოლის, სერგო კარაპიშენკოს შესახებ წერს: "დღეს ტაქსით ვიმგზავრე. მძღოლი ახალგაზრდა, ცისფერთვალება ბიჭი იყო, რომელსაც ტაქსის სავარძელზე წარწერა ჰქონდა მიკრული: "ქვეყანაში გაჭირვებისა და უმუშევრობის გამო მგზავრობის ფასი იმდენია, რამდენის საშუალებაც გაქვთ." როდესაც ბიჭს ვკითხე, ვინ ხარ ასეთი მადლიანი-მეთქი, მიპასუხა, მამა უკრაინელი მყავს, დედა - რუსი, თავად ქართულად გაზრდილი ფოთელი ვარ და ცოლიც ქართველი მყავსო. ჰოდა, რომელ ქვეყანას არ დაამშვენებდა ასეთი ბიჭი?! მეც მიხარია, რომ ეს ახალგაზრდა, დიდი გულის კაცი, ჩემს ქვეყანას და ჩემს ქალაქს ამშვენებს."ჩვენ ფოთში სერგო კარაპიშენკო ვიპოვეთ, რომელიც, მართალია, თავდაპირველად საუბარზე უარს გვეუბნებოდა, მაგრამ მერე მაინც დავითანხმეთ და ამბავი დიდი ხნის წინ ფოთში გემით ჩამოსული უკრაინელი კაცით, ანუ სერგოს უკრაინელი ბაბუით დავიწყეთ.

- ბაბუაჩემი ფოთში დროებით ჩამოვიდა, მაგრამ ფოთელებს ისე დაუახლოვდა, რომ ვერც ეს ხალხი და ვერც ქალაქი­ ვეღარ მიატოვა. მერე დაიბადა მამაჩემი, რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა ფოთი. მამა უკვე გარდაცვლილი მყავს, მაგრამ ახლა ამ ქალაქში მე ვცხოვრობ და თავში აზრადაც არ მომდის სადმე წავიდე, ჩემი ქალაქი, ჩემი სამეგობრო მივატოვო, რომლის გარეშე ვერაფერი გამახარებს­. ქართველი ცოლი მყავს. 12 წლის წინ დავქორწინდით და 11 და 3 წლის გოგონებს ვზრდით. ორივემ, მგონი, უმცროსმაც კი იცის და ხვდება, რა ტრიალებს უკრაინაში. ჩვენ, უფროსები, კი ვცდილობთ, ამ თემაზე ბევრი არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ბავშვები მაინც ყველაფერს იგებენ. თავადაც ასე ვგრძნობდი იმ დევნილების ტკივილს, რომლებიც ფოთში აფხაზეთიდან მოვიდნენ. მართალია, მაშინ მხოლოდ 3-4 წლის ვიყავი, მაგრამ ტკივილის გაგებას რა უნდა! ბავშვები კი გამუდმებით ვთამაშობდით, მაგრამ ყველას ხომ გვეტყობოდა, რა ხდებოდა ჩვენს ოჯახებში, თანაც, მათი მშობლები სულ ტიროდნენ. ქართული ენაც სწორედ ბავშვებთან თამაშით ვისწავლე. იმ დღეებიდან მოყოლებული, ვიპოვე ის მეგობრები, რომლებიც ახლა მყავს, ოღონდ ახლა უფრო ბევრნი ვართ. დედამ ქართულ სკოლაშიც იმიტომ მიმიყვანა, რომ მათ გვერდით ვყოფილიყავი.

- უკრაინელი ნათესავები როგორ არიან?

- მათ ცხოვრება ჯერ კიდევ 2014 წელს აერიათ, როცა უკრაინაში საომარი სიტუაცია შეიქმნა. ჩემი ნათლია და სხვებიც აიყარნენ და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. იმაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, როდესაც ადამიანი თავის საცხოვრებელს ტოვებს, იმას ემშვიდობება, რაც უყვარდა და რითაც ცხოვრობდა. ეს ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთში ყველაზე მეტად უბრალო ხალხი იტანჯება და იხოცება. ვინც ომზე პასუხისმგებელია, ვინც დაგეგმა და დაიწყო, იმას არაფერი ემუქრება. ეს ყოველთვის ასეა, საუბედუროდ.

- მართლაც შესანიშნავად ლაპარაკობთ ქართულად. ალბათ, ფოთში ბევრი გიცნობთ და ბევრს უყვარხართ...

- ფოთი დიდი ქალაქია, მოსახლეობის უმრავლესობას სულაც არა აქვს ტაქსით სიარულის საშუალება და აბა, საიდან უნდა მიცნობდნენ. ჩემი ცოლი ბაღის მასწავლებელია, ასე რომ, შემოსავალი მცირე გვაქვს, ამიტომაც სულ ვცდილობ, მეტი ვიშრომო, ვიდრე, მაგალითად, გუშინ ვიმუშავე. სხვა სამუშაოს პარალელურად ტაქსიზეც სწორედ ამიტომ დავჯექი და უკეთ დავინახე, როგორ უჭირს ხალხს. რამდენჯერ მოხუცი შემხვედრია, წვიმაში რომ დგას და შინ წასასვლელი ფული არ აქვს. ასეთებს ყოველთვის ვუჩერებ და ვეუბნები, უფულოდ წამოსვლა თუ გეუხერხულება, რაც გაქვს, ის გადამიხადე, თუ არაფერი გაქვს, მაშინ უფასოდ წაგიყვან-მეთქი. ბოლოს ამდენ ლაპარაკს, ვარჩიე, ეს წარწერა მანქანაში გამომეკრა და აი, ასე დავდივარ. რაღა დავმალო და, მიხარია, ხალხი რომ კეთილ სიტყვას მეუბნება, მოხუცები მლოცავენ. ზუსტად ვიცი, სიკეთე არსად დაიკარგება, არც - ჩემთვის, არც - არავისთვის. მართალია, ტაქსი კომპანიისაა, მაგრამ მათ გასამრჯელოს ისე ვუხდი, როგორც ხელშეკრულებაშია და საარსებო თანხა მაინც მრჩება. დღეს, როდესაც საწვავი ასე ძვირია, შეიძლება ბევრს მგზავრობის ფასის დაკლება ტყუილად შრომა ჰგონია, მაგრამ ასე არ არის, ზოგი სულაც ვერაფერს მიხდის, მაგრამ, სამაგიეროდ, ზოგი იმდენს მაძლევს, რომ შინ ჩემი შვილებისთვის ლუკმაპურის ფული შევიტანო. ღმერთს მხოლოდ ჯანმრთელობასა და მშვიდობას ვეხვეწები უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც. დანარჩენს თავად გავაკეთებ და თუნდაც ვერ გავაკეთო, მაინც არაფერზე დავიწუწუნებ.