ქართული თონე კიევის ცენტრში უფასო პურს აცხობს უკრაინელების დასახმარებლად - კვირის პალიტრა

ქართული თონე კიევის ცენტრში უფასო პურს აცხობს უკრაინელების დასახმარებლად

მსოფლიოს ისტორიაში თავისუფლებისათვის ბრძოლის ნათელ მაგალითად დარჩება უკრაინის ომი, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების ხალხი მონაწილეობდა, მათ შორის - ქართველებიც, ვისაც უკრაინასთან ბევრი საერთო აქვს. ნათია ალანია-ჯიქიამ 13 წელიწადი გაატარა უკრაინაში ოჯახთან ერთად. ისინი კიევში ცხოვრობენ, ქალაქში, რომელიც მათი სიცოცხლის ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ ქალბატონმა ნათიამ და მისმა ოჯახმა უკრაინის დატოვება ვერ შეძლეს. დღეს ამ ოჯახის ქართული თონე კიევის ცენტრში უფასო პურს აცხობს უკრაინელების დასახმარებლად და ქალაქში ძალიან დიდხანს ეხსომებათ ქართული პურის სურნელი, რომელიც თანადგომის სიმბოლოდ იქცა. კიევის ცენტრში ქართველების თონე ომამდეც ხალხმრავალი ადგილი იყო, დღეს კი კიეველები უფრო ხშირად დგანან აქ, რადგან თანადგომისთვის გაწვდილ ხელს განსაცდელის ჟამს უდიდესი ძალა აღმოაჩნდა.

"ამ სულისკვეთების ხალხს, რაც უნდა მოხდეს, ვერავინ დაიმორჩილებს და ვერავინ დაიმონებს"

- ყოველ ადამიანს თავის ბედისწერა სდევს თან. ჩემი ოჯახის ბედისწერა, ალბათ, ის იყო, რომ კიევი ჩემი მეორე სახლი გამხდარიყო და აქაურობა სამშობლოსავით შემეყვარებინა. ამ ქალაქში, სადაც ჩვენმა ერთადერთმა შვილმა განათლება მიიღო, მე და ჩემი მეუღლე, უკვე 13 წელიწადია, ვცხოვრობთ და საცხობიც გავხსენით. ჩვენი ვაჟი პროფესიონალი ფეხბურთელია. ის ჯერ კიევში თამაშობდა, მერე - ესტონეთში, საიდანაც ისევ კიევში დაბრუნდა. ძალიან უყვარს ეს ქალაქი. ახლა ცოლიც შეირთო - უკრაინელი რძალი გვყავს, უსაყვარლესი გოგო. უკრაინელები ისეთი თბილები არიან, მეც კი მიკვირს - ქართველ ქალს, რომლის სამშობლოს ემოციურობასა და სითბოს გაცემაში ტოლი არ ჰყავს. ჯერ არ მინახავს, რომელიმე უკრაინელი რომელიმე რუსს წაკამათებოდა, არადა, რუსეთი აქაც სულ ძაბავდა სიტუაციას. ამიტომაც ვერც აქაურებს და ვერც მე ვერ წარმოგვედგინა უკრაინაში ომი და მით უფრო - ამ მასშტაბის. შეუძლებელი იყო წარმოდგენა, რომ ბომბებს კიევში ჩამოყრიდნენ, ამიტომ ყველა შოკში აღმოვჩნდით, როდესაც ქალაქში პირველი აფეთქების ხმა გაისმა. როდესაც პირველი განგაშისას თავშესაფარში გავრბოდი, კიეველების სახეებს ვაკვირდებოდი - სახეზე გაბედულება, იმედი და სიმშვიდე ეწერათ და მეც დავმშვიდდი. დღესაც იმედით ვარ.

როდესაც აღელვებულმა რძლის დედამ ტირილით დამირეკა ქალაქ მელიტოპოლიდან, რომელიც პირველი დაიბომბა და დამპყრობლებიც იქ მალევე შეცვივდნენ, დიდხანს ვამშვიდებდი, ნუ გეშინია, კიევში ასეთი­ ამბები არ მოხდება-მეთქი, მაგრამ დედაა და, ალბათ, გული უგრძნობდა, რაც მოხდებოდა, როცა ტირილით შვილს მაბარებდა, მიხედე და გადამირჩინეო. დავამშვიდე, კიევში არაფერი მოხდება, მაგრამ თუ მოხდა, საკუთარი სიცოცხლით დავიცავ-მეთქი. მეორე დილით კი, გამთენიისას­, დილის ხუთის ნახევარზე, ერთ-ერთმა მცხობელმა დამირეკა კიევის გარეუბნიდან, დღეს სამუშაოდ ვერ მოვალ, ჩემი კორპუსის მახლობლად აფეთქება მოხდა, ჩემი ქმარი სამხედრო ნაწილში წავიდა, მე კი თავშესაფარში მივდივარ ბავშვებთან ერთადო. ეს სიტყვები ჩემთვის თავზარდამცემი იყო, თუმცა მალევე მოვედი გონს და მაშინვე გადავწყვიტე, რა უნდა გამეკეთებინა უახლოეს ხანში - აუცილებლად უნდა დავხმარებოდი კიეველებს, რომელთაც ამ სიტუაციაში მატერიალურად გაუჭირდებოდათ. აი, ასე დავიწყეთ თონეში უფასო შოთის ცხობა. Gგანცდამ, რომ ამ სიტუაციაში რაც შეგვიძლია, ქალაქისათვის იმას ვაკეთებთ, სიმშვიდე მომიტანა. საცხობთან ყოველდღე უშველებელი რიგი დგება. ამჟამად ჩვენი მცხობელები უფასოდ მუშაობენ. როცა ვუთხარი, მაპატიეთ, ახლა ხელფასს ვერ გადაგიხდით, მაგრამ როცა სიმშვიდე დადგება, აუცილებლად აგინაზღაურებთ-მეთქი, აქეთ გადამიხადეს მადლობა, არაფერი გვინდა, როგორც შევძლებთ, ისე ვიმუშავებთო. მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით ამ სიკეთის კეთების ძალაც გვაქვს და შესაძლებლობაც. საცხობში ყოველთვის­ გვქონდა ერთი თვის მარაგი და ამჟამად ამ მარაგს ვხარჯავთ. როდესაც მარაგი შემცირდა, აქაურებმა შემოგვამატეს.

- კიევი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა, თუმცა ბევრმა უარიც თქვა.

- ძალიან ბევრმა თქვა უარი ქალაქიდან წასვლაზე, მათ შორის, ჩვენმა ქართველებმა, განსაკუთრებით - აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებმაც ერთხელ უკვე გამოსცადეს სახლ-კარიდან აყრის სიმწარე და ახლა ამის გადატანა აღარ შეუძლიათ. თუმცა ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ბავშვების გადასარჩენად ქალაქიდან მიდის. ძალიან ბევრს არ ჰყავს ავტომანქანა, რომ საზღვრამდე მიაღწიონ, მაგრამ ასეთებს­ ავტომანქანიანი კიეველები ეხმარებიან. ჩემი შვილი და მისი კიეველი მეგობრებიც მთელი დღე ქალაქში დადიან ამ ხალხის დასახმარებლად.

- საოცარი ერთსულოვნებმა გამოამჟღავნეს უკრაინელებმა...

- დიახ, ამ სულისკვეთების ხალხს, რაც უნდა მოხდეს, ვერავინ დაიმორჩილებს და ვერავინ დაიმონებს. ჩემი რძალი განუწყვეტლივ ტირის, მაგრამ ცოცხალი თავით არ ტოვებს თავის ქვეყანას, სადაც მშობლები ჰყავს. ვეფერები და ვამშვიდებ, მაგრამ ჩემი მოფერება ვერ შველის იმ ტკივილს, რომელსაც თავისი ქვეყნისა და ოჯახის გამო განიცდის. მის მშობლიურ ქალაქში, სადაც არც შუქია, არც სითბო და არც წყალი, უკვე დამპყრობელია შესული. ხალხმა­ არ იცის, თავი როგორ გადაირჩინოს, თუმცა უძლებს. რუსები იქაურობას მოედვნენ და ყველაფერს იტაცებენ, გაუპატიურების უამრავი შემთხვევაც იყო. მოსახლეობას სახლებშიც უცვივდებიან და ტელეფონებს გლეჯენ იმის გასარკვევად, ვინ არის მათი მოწინააღმდეგე. უამრავი დამბეზღებელიც გაჩნდა. ჩემმა ახლობელმა დამირეკა ერთ-ერთი სოფლიდან, მე რომ კარგი ადამიანი მეგონა, სწორედ მან დამაბეზღა, უკრაინელების მხარდამჭერიაო, რუსებმა კარი შემომიმტვრიეს, მაგრამ კიდევ კარგი, მოვასწარი და ტელეფონზე ყველაფერი წავშალეო.

ვიცი, რომ შიშს გასაქანი არ უნდა მივცე და ჩემი ოჯახისთვის გამძლეობის მაგალითი ვიყო. უკრაინა ჩვენი მეორე სამშობლოა, მიგვიღო, შეგვიფარა, გვერდით დაგვიდგა, ახლა კი მას ჩვენ უნდა დავუდგეთ გვერდით. როდესაც ეს განსაცდელი ჩაივლის, ჩავთვლი, რომ ამ ქვეყნის წინაშე ვალი ნაწილობრივ მაინც მოვიხადე.

ეთერ ერაძე