"გაავებულ და გახარბებულ ადამიანზე საშიში არც ერთი მტაცებელი ცხოველიც კი არ არის“ - კვირის პალიტრა

"გაავებულ და გახარბებულ ადამიანზე საშიში არც ერთი მტაცებელი ცხოველიც კი არ არის“

"66-ე გაზაფხული მაჩუქა უფალმა... ეს უსამართლო ომი ჩვენ თვალწინ ხოცავს ბავშვებს, ქალებს, უძლურ მოხუცებს. გტკივა, მაგრამ ვერაფერს შველი და სირცხვილია, ჩემი ასაკის ადამიანმა გრძელი სამზეო ინატრო...“

დღეს ყველა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მართალია, ზარბაზნები ქუხს, მაგრამ არც მუზები დუმან და თამამად ამბობენ, რომ არ ვნებდებით. ამ ურთულეს ვითარებაში სულიერი საზრდოს ნაწილია ეთერ თათარაიძის შემოქმედება. მასთან საუბარი ისე შეგიყოლიებს, საათების გასვლას ვერ იგრძნობ. ეთერ თათარაიძემ და მისმა მეუღლემ, ამირან არაბულმა, მთელი საქართველო ფეხით შემოიარეს და უნიკალური საგანძური მოუპოვეს ქართველ ხალხს. მათი დამსახურებაა უაღრესად საინტერესო დოკუმენტური მასალის შეგროვება.

ქალბატონ ეთერ თათარაიძეს ვულოცავთ იუბილეს და მადლობას ვუხდით თავისი შემოქმედებით ქართველი ხალხისთვის დიდი ბედნიერების მინიჭებისთვის.

- მერამდენე გაზაფხულს ხვდება საქართველო თქვენს დაბადების დღეს?

- 66-ე გაზაფხული მაჩუქა უფალმა... რა ხარბი ყოფილა ადამიანი! გახსნილად რომ ვთქვა, 40 წელს კიდევ ვიცოცხლებდი­. ბევრი რაღაცის გაკეთებაზე ვოცნებობ, მაგრამ ,,სიბერეზე ძნელ სენივ ჯერ არ მოგონებულავ, - სიდო ბებომ იცოდის". ეს სტრიქონები ჩემი ერთი ლექსიდანაა და მაშინებს ,,ძნელი სიბერე"... თუშებისავე "წყევლაა: "შე დიიდხან საცოცხლებელოვ", ამიტომ მეტისმეტი ოცნება დამღუპველია, მით უმეტეს, როცა ამას უფალი თავად გიწყვეტს... მოლოცვით მთელი საქართველო მილოცავს და დიდი სიყვარულით ვმადლობ ყველას...

- რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის მძიმე ყოფას ვერ გავექცევით...

- ეს უსამართლო ომი ჩვენ თვალწინ ხოცავს ბავშვებს, ქალებს, უძლურ მოხუცებს. გტკივა, მაგრამ ვერაფერს შველი და სირცხვილია, ჩემი ასაკის ადამიანმა გრძელი სამზეო ინატრო... რაც ომი დაიწყო, არაფერი გამხარებია. სულ ვგრძნობდი, რომ ადამიანზე დაუნდობელი არავინაა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი - გაავებულ და გახარბებულ ადამიანზე საშიში არც ერთი მტაცებელი ცხოველიც კი არ არის. არც არასდროს გადამიხდია დაბადების დღე და ამ შხამიან დღეებში რა ჩემი დაბადების­ დღის აღნიშვნაა?! თითქმის არ მძინავს, რომ ხედავ, ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს, ისედაც განწირულებს, ბომბს როგორ დასცემენ... ტელევიზორს არ ვუყურებდი და ახლა დილის 4 საათამდე, სადამდეც შემიძლია, მიჯაჭვული ვარ, სადმე რამე ახალი ამბავი თუ ცხადდება. ჩემი შვილებისათვის ლოცვებიც კი დამავიწყდა, სულ მათზე ვლოცულობ... ძალიან მძიმეა, რაც ახლა უკრაინაში ხდება და, დარწმუნებული ვარ, ასეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის. ვთხოვ უფალს, შეწყდეს ეს ყველაფერი და ამ მართლაც ღვთაებრივმა ხალხმა მიიღოს უდიდესი სიმშვიდე. ისეთი ღონიერები აღმოჩნდნენ, რომ გაოგნებისაგან აღარ ვარ. ძალიან ბევრი რამ მქონდა მათზე წაკითხული, მაგრამ მაინც ვზივარ და ვფიქრობ: ნეტავ, მთელ სამყაროში ეგეთი თავგანწირული და თავისი ქვეყნის მოყვარული ხალხი მეორე არის თუ არა - ერი, რომელიც ქალ-ბალღიან-კაციანად ომობს!

- სულ ახლახან ახალი წიგნების პრეზენტაცია გქონდათ...

- პანდემიის პირობებში ამირანმა და მე გამოვეცით ხუთი წიგნი. ცოტა ხნის წინ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა ორი წიგნის წარდგენა: ამირან არაბულის "სიტყვის სარკმელი" და ჩემი ,,ალალ იყვიდ უშუროი". მძიმე კოვიდიანებს დაგვირეკეს მე და ამირანს კულტურის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ კონკურსი წარმატებით გავიარეთ და წიგნები დაგვიფინანსეს, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვიხდით. ამ წიგნებში ბევრი ძველი და ასევე ახალი ლექსებიც არის. თავიდან მინდოდა "ბერდედების" ციკლი ცალკე გამეკეთებინა, მაგრამ ვიფიქრე, მერე როდის რას გავაკეთებდი და ახალი ლექსებიც შევიტანე. ასევე - ჩემი ბალღობის სურათ­ები, რომლებიც ვერ გამიცვდა და უფრო და უფრო მიბევრდება. ამიტომ ეს წიგნი ნაზავია ყველაფრისა. დანარჩენი­ სამი წიგნი კი მკითხველთან შეხვედრას ელოდება.

- თუშეთი და თბილისი...

- თუშეთი ჩემი სულია, თბილისი­ გული. სკოლა დავამთავრე და იმ ზაფხულის­ შემდეგ თბილისში ვცხოვრობ. ორივე ჩემი სულისა და გულის სამყოფლოა და დიდი მადლობა უფალს ორივე წყალობისთვის...

- მეუღლესთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელეთ...

- მე და ამირანი ფოლკლორისტები, ზეპირსიტყვიერების დარგის მკვლევრები გახლავართ და ამ მხრივაც ბედის ნებიერები ვართ. ორივე ვგიჟდებით ჩვენს დარგზე და ყველა პროექტს დიდი სიყვარულით ვეფოფინებით... ბედნიერებაა, განმარტებების გარეშე რომ გვესმის ერთმანეთის...

- ერთ-ერთი ბოლო პროექტი დღე-დღეზე გამოვა ეკრანებზე...

- საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარებით გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი ,,ცისა და მიწის შუამავლები", რომელიც მალე გამოვა ეკრანზე და მის შეფასებას მაყურებლისგან ველით.

- როგორ ფიქრობთ, ამქვეყნად თქვენი მოვლინება შემთხვევითი არ ყოფილა?

- არც ერთი ადამიანის მოსვლა ამქვეყნად შემთხვევით არაა. ალბათ, არც ჩემი.

- ვინ არის ეთერ თათარაიძე?

- დაბადებიდან, ბალღობიდან სიყვარულით სავსე, სხვის დარდზე მოდარდე და სხვისი სიხარულით ზეცას მფრენი, თავის სამშობლოზე უგონოდ შეყვარებული, თავისი ენით, ქართული სიტყვით ძლიერი. მე სიტყვით ვცოცხლობ, ქართული სიტყვით...

- უფალს რას ეტყოდით?

- მუხლის ჩოქზე დაცემული უფალს ყველა ცოდვის მიტევებას და საქართველოს დაუსაბამო არსებობას შევთხოვ... ჩემი სამი შვილისა და ხუთი შვილიშვილის ღირსეულ ქართველობას შევავედრებ უფალს!...

დასასრულ გთავაზობთ ლექსს, სადაც რამდენიმე სიტყვით მთელი სიცოცხლის ორომტრიალია გადმოცემული და ეს რამდენიმე სიტყვა რითმის, მეტაფორისა და მუსიკის საოცარი ნაზავია:

"სატკივნა’იდ საშიშარ

წლებს ეწყობ ჯარ,

წინავ მსირსნავ ნიავის

ამოვარდნილ ქარ.

დაბალ სევდიანს ახვევს

განაგუდარ ქნარ,

სადღაც კუთხეს მიკუნჭულ

ერთ დროს ნაქორფ ქალ.

ვაი, კარებზე მომდგარ

წლების მძიმე ჯარ.

ვაი, ყეფაშენარევ

მომუქარე ქარ..."

რუსუდან შაიშმელაშვილი