დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ?! - კვირის პალიტრა

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ?!

საქართველოს ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ საზოგადოებას გაუჩინა განცდა, რომ ხელისუფლებას არ სურს ევროინტეგრაცია. საფუძვლიანია თუ არა ზურაბიშვილის მიმართ "ქართული ოცნების" პრეტენზია და გახდება თუ არა ეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზი? კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს.

- "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, ერთი მხრივ, არაოფიციალური ვიზიტებისა და, მეორე­ მხრივ, იმის გამო, რომ მან რამ­დენიმე შემთხვევაში არ დანიშნა წარდგენილი ელჩები­ და დიპლომატიური წარმომადგ­ენლები. მეორე ნაწილზე უფრო იოლია პასუხი, იყო თუ არა პრეზიდენტის ეს ქმედება კონსტიტ­უციური. თავიდანვე ვიტყვი, რომ ვერ ვიზი­არებ მმართველი პარტიის შეფასებას, თითქოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნა ცერემონიულია და პრეზიდენტმა მხოლ­ოდ­ ნოტარიუსის როლი უნდა შეასრულოს. ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია ნორმისა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს­. კონსტიტუციაში სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც არის რამდენიმე ასეთი­ ჩანაწერი. მაგალითად, თუ პრეზიდენტმა ან პარლამენტმა უარი თქვეს საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე, მთავრ­ობის სურვილის მიუხედავად, ის ვერ გამოცხადდება და ეს არის სამმაგი კონტ­როლი. რაც შეეხება ელჩების დანიშვნას, აქ ორმაგი კონტროლია,­ ანუ დამოუკიდებ­ლად ვერც მთავრობა და ვერც პრეზიდენტი­ ვერც ერთ ელჩსა თუ დიპლომატს ვერ დანიშნავენ. მათ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და ორმაგი კონტროლიც დაწესებულია იმისთვის, რომ კანდიდატების შერჩევისას შეცდომა გამოირიცხოს, ასე რომ, პრეზიდენტის­ როლი ცერემონიული კი არა, არსებითია.

ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება და თუ ამ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, მეეჭვება, პრეზიდენტის ეს ქმედება არაკონსტიტუციურად მიიჩნიონ. რაც შეეხება ვიზიტებს, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობით მონაწ­ილეობს. მთავრობის თანხმობაა საჭირო­ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე­ ხელმოწერისა და სახელმწიფოს პოზიციის გამოხატვისასაც, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი არის პირის, ამ შემთხვევაში­ პრეზიდენტის მოქმედება სახელმწიფოს სახელით. ამ ვიზიტებისას პრეზიდენტი­ ახორციელებდა თუ არა წარმომადგენლ­ობით უფლებამოსილებას? როგორც გავი­გეთ,­ პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრეს, მაგრამ არ ვიცით, როდესაც­ მან ოფიციალური ვიზიტის თხოვნით მთავ­რობას მიმართა, მიუთითა­ თუ არა, რომ­ელი საკითხების განხილვას გეგმავდა და როგორი იქნებოდა მისი პოზიცია. თუ პრეზიდენტს ვიზიტის მიზანი და ჩარჩოები მითითებული ჰქონდა და მთავრობამ ეს არ გაიზიარა, მაშინ მისი უარი ლეგიტიმურია, რადგან მთავრობას ამის უფლება კონსტიტუციით აქვს, მაგრამ თუ მთავრობის უარი არ იყო არგუმენტირებული, გაუგებარია, რა მოხდა...

მოდი, მივყვეთ მოვლენებს:­ პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ვიზიტი იყო არაოფიციალური, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტის­ მოქმედება­, როდესაც­ ის სახელმწიფოს არ წარმოადგენს და ამ დროს მის მიერ ნათქვამი არ უნდა განვიხილოთ, როგორც სახელმწიფოს პოზიცია. თუმცა ვენის კონვენციის თანახმად, არსებობს ზოგადი წესი, რომ ქვეყნების პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს არ სჭირდებათ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისთვის სპეციალური უფლებამოსილება, ანუ ამ პირების მოქმედება მიიჩნევა სახელმწიფოს სახელით მოქმედებად­, მიუხედავად იმისა, რას ამბობს ამაზე შიდა კანონმდებლობა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის არც ერთი მოქმედება არ იყო ისეთი, რომ გამოეწვია საქართველოს მიერ კონკრეტული ვალდებულების აღება და რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მან თქვა, რომ გამოხატავდა­ თავის პოზიციას და ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ­ იცოდა. ასე რომ, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, თუმცა­ თუკი მმართველი­ პარტია მიმა­რთავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ის დაადგ­ენს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა ამის უფლება­, სამართლებრივი­ თვალსაზრისით, კონსტიტუციის დარღვევად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, დარღვევად ვერ ჩაითვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩადენილი ქმედება და ეს შეეხება მხოლოდ შემდეგ ჩადენილ ქმედებებს.

რუსა მაჩაიძე