"ამან ჩემზე ასმაგი ზეგავლენა მოახდინა. ენით აუწერელი ემოცია მაქვს მის მიმართ, ძალიან მიყვარს" - კვირის პალიტრა

"ამან ჩემზე ასმაგი ზეგავლენა მოახდინა. ენით აუწერელი ემოცია მაქვს მის მიმართ, ძალიან მიყვარს"

ალბათ, ძნელად მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც მოუსმინა პაატა ცეცხლაძის მიერ შესრულებულ უწმინდესის საგალობლებს და მისი ხმა გულსა და გონებაში არ ჩარჩა.

მომღერალი, კომპოზიტორი და დირიჟორი პაატა ცეცხლაძე საუბარს თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდის გახსენებით იწყებს:

- გალობასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს. გავიზარდე ამ წიაღში და ჩემთვის არ იყო უცხო... დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდში, მისი სოლისტი ვიყავი და ვარ ახლაც. ამ გუნდმა უდიდეს წარმატებას მიაღწია სწორედ ქართული გალობისა და ქართული ხალხური სიმღერის შესრულების განსაკუთრებული მანერით. გუნდის ხელმძღვანელია სვიმონ ჯანგულაშვილი. შემდეგ ამას დაემატა მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლები, რომელთა ნაწილს მე გავუკეთე არანჟირება და თავადაც შევასრულე. იყო ასეთი სიტყვები: "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო". ამ საგალობელმა ზღვა ემოციები გამოიწვია საქართველოს და არამარტო საქართველოს მოსახლეობაში. მახსოვს, როგორ წერდნენ იაპონიიდან, ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, მაგალითად, საფრანგეთიდან, მუსიკოსები, რამხელა ზეგაველენა მოახდინა მათზე ამ საგალობლებმა. ეს მაბედნიერებს როგორც მუსიკოსს, როგორც კომპოზიტორს, როგორც მომღერალს. ეს ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში მაშინ და ყველაფერი კიდევ გრძელდება.

paata2-1647794961.jpg

- პირველად როდის გაგიჩნდათ უწმინდესის საგალობლების არანჟირების იდეა?

- მოგიყვებით ჩემი და მისი უწმინდესობის ურთიერთობის შესახებ. ჩემი ცხოვრების სამი წელი მასთან გავატარე, მასთან ერთად ვცხოვრობდი საპატრიარქოში. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე. მან ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. 18 წლის ვიყავი, როდესაც მასთან მივედი და გულში ჩამიკრა. როგორც დედა და მამა, ისე მექცეოდა, გამზარდა, ყოველთვის კითხულობდა, სად ვიყავი, ზრუნავდა, როგორც მშობელი. ამან ჩემზე ასმაგი ზეგავლენა მოახდინა. ენით აუწერელი ემოცია მაქვს მის მიმართ, ძალიან მიყვარს. ძალიან ემოციურია ეს მუსიკა - პატრიარქის საგალობლები და მადლობა ღმერთს, მადლობა პატრიარქს, რომ ამის საშუალება მომცა.

- ამის შემდეგ დაიწყეთ საგუნდო ნაწარმოებების შექმნა?

- მაქვს რამდენიმე საგუნდო ნაწარმოები, რომლებიც ვახტანგ კახიძის ცენტრში კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდმა შეასრულა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ვცდილობ, ისეთი ჟანრის მუსიკა შევქმნა, რომელიც ჯერ არ შექმნილა - ქართული ფოლკლორისა და კლასიკის სინთეზი. მოგეხსენებათ, ვმღერი სახელმწიფო ანსამბლ „"ბასიანში". კონცერტი გვქონდა ლისაბონში, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა - ჩვენი სოლო გამოსვლა და რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი. მახსოვს ხალხის რეაქცია და ჩემი შეგრძნებაც - ორი რადიკალურად განსხვავებული ჟანრის შერწყმა სცენაზე. დამთავრდა ერთი, დაიწყო მეორე და პირველად მაშინ გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა ქართული პოლიფონიური ელემენტებისა და კლასიკური მუსიკის სინთეზი. "ბასიანისთვის" გავაკეთე რამდენიმე სიმღერის ჩემეული ვარიანტი, რაც მსოფლიოს ცნობილ სცენებზე წარმატებით შევასრულეთ. მაგალითისთვის, ალბათ, "კარნეგი ჰოლიც" კმარა. ჩემს კარიერაში გამოვყოფდი თანამშრომლობას კალიფორნიის­ ქალთა ანსამბლ "კიტკასთან". მათ ჩავუტარე მასტერკლასი და ვასწავლიდი ქართულ სიმღერებს.

- თქვენ დაიწყეთ მუსიკის შექმნა ტელეფილმებისა და სატელევიზიო შოუებისთვის, გამორჩეული იყო საუნდტრეკი ერთ-ერთი პოპუ­ლარული ქართული სერიალისთვის...

- ამ სერიალზე მუშაობის პროცესი ნამდვილად რთული აღმოჩნდა. ვნახე ფილმი მუსიკის გარეშე. უნდა მოიფიქრო, განწყობა უნდა შექმნა და მოძებნო გზა, რომ ის ემოციური მდგომარეობა, რაც იმ წუთას არის კადრში, სრულყოფილად გადმოსცე მუსიკაში. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ნახა და მოეწონა. ასევე, მახსოვს, ფესტივალში - აღდგომიდან ამაღლებამდე“- ჩემი ნაწარმოებები გამოიყენეს ერთ-ერთი მიზანსცენისთვის და დადგეს ძალიან საინტერესო და ლამაზი ნიმუშები.

- და ასე, ნელ-ნელა, დაიბადა დირიჟორი და კომპოზიტორი პაატა ცეცხლაძე?

- ვქმნი ქართული ფოლკლორით გაჯერებულ მუსიკას. კომპოზიციაში ადგილის დამკვიდრება რთულია, რადგან ბევრნი არიან და ამ ბევრში შენ უნდა ანათებდე. ჩემს გულთან ახლოს იყო პოლიფონიური მუსიკა და მისი შერწყმა თანამედროვე ჟანრთან, თუნდაც პოპკულტურასთან, თუმცა ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბეთჰოვენს, კლოდ დებიუსის და შოსტაკოვიჩს და მათი ნაწარმოებების შერწყმას ქართულ ელემენტებთან. ჩემი ოცნებაც ეს არის - უნდა გამოვიდეს ისეთი სინთეზი, რომ არ გაჩნდეს შეკითხვა: "ფოლკლორია? კლასიკურია?" არამედ მივიღოთ მთლიანობა.

- დირიჟორობის დებიუტიც წარმატებული აღმოჩნდა...

- საბედნიეროდ, ჩემს ამერიკაში გამომგზავრებამდე დაიგეგმა კომპოზიტორ ენრი ლოლაშვილის კონცერტი და ჩემთან დარეკა შესანიშნავმა ალტისტმა გიორგი ცაგარელმა. სვიმონ ჯანგულაშვილისგან იცოდა ჩემ შესახებ. სვიმონი ჩემი დიდი გულშემატკივარია და მადლობა ამისთვის. გიორგი ცაგარელმა მკითხა, თუ მქონდა სურვილი, ენრი ლოლაშვილის კონცერტზე­ მედირიჟორა. ასევე მადლობას ვუხდი ნიკოლოზ რაჭველს და სიმფონიურ ორკესტრს, თავიანთი გამოცდილებით გვერდით რომ დამიდგნენ გამოუცდელ დირიჟორს. ენრის განსაკუთრებული მადლობა, რომელმაც თავისი კინომუსიკა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ შესრულებულა, მე მანდო. ასე რომ, ჩემი პირველი კონცერტი საქართველოში დიდი წარმატებით ჩატარდა.