"თუ უნდა დამყარდეს რამე სახის დიქტატურა, დაე, ეს იყოს პოეზიის დიქტატურა!" - კვირის პალიტრა

"თუ უნდა დამყარდეს რამე სახის დიქტატურა, დაე, ეს იყოს პოეზიის დიქტატურა!"

1564 წელს დაიბადა გალილეი, რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა მიქელანჯელო, ხოლო ხუთი კვირით გვიან დაიბადა შექსპირი. ჯერ კიდევ ხატავს 87 წლის ტიციანი, მადრიდის საქალაქო სკოლაში სწავლობს ჩვიდმეტი წლის სერვანტესი და ნეაპოლის დომინიკელთა მონასტერში შედის ჩვიდმეტი წლის ჯორდანო ბრუნო. ამ ადამიანებმა საუკუნეებს გაუსწრეს, თავისი ცოდნით გააერთიანეს მსოფლიო და დააჩქარეს დამკვიდრება ყველა იმ სიკეთისა, რითაც ჩვენ დღეს ვსარგებლობთ. ეს ამბები, სულ ამ დღეებში ხდებოდა, ოღონდ საუკუნეების წინ. ყოველთვის ველოდები 21 მარტს. ჩემთვის გაზაფხული სწორედ ამ დღიდან იწყება. სწორედ დღეს ხდება რადიკალური ცვლილება სამყაროსი და ამ ცვლილებას თან ერთვის პოეზიის საერთაშორისო დღე.

დიახ, ერთ დღესაც „იუნესკომ“ თქვა, რომ პოეზიას თანამედროვე ადამიანის ნუგეში შეუძლია, მას საზოგადოების ყურადღების მიქცევა სჭირდებაო და 1999 წელს, 21 მარტი პოეზიის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. გახსოვთ ვინმეს ეს თარიღი? თავად პოეზია თუ გახსოვთ? იქნებ იმიტომაც გაცივდა და გატლანქდა ადამიანი, რომ პოეზია დაივიწყა? არა, არ ვხუმრობ. მწერლობა დაივიწყა, წიგნი დაივიწყა.

ზოგისთვის დღეს ამ თემაზე საუბარი შესაძლოა ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ იცით რამდენი ხანია ვფიქრობ, გავაკეთო ანგარიში, შევაგროვო ფული და ზუსტად 21 მარტს ყველამ უარი ვთქვათ პოლიტიკაზე. ბოლოს და ბოლოს ფული გადავუხადოთ „მათ“, რომ ერთადერთი დღე მაინც გაჩუმდნენ. მორჩნენ ერთმანეთის ზიზღს, აგრესიას, ბრალდებებს, თორემ პოლიტიკა რომ ამაში არ ურევია ისედაც ვხედავთ. ერთი დღით მაინც იყოს მხოლოდ პოეზიის დღე, შემოქმედის დღე.

იცით რა? ამასწინათ ერთ მწერალს ვესაუბრებოდი და მითხრა, - ხელოვანებს ნაკლებ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანი სრულყოფილი იყოს პოეზიის გარეშე, თუნდაც ომშიო.

დღეს რა არის აქტუალური? თანამედროვე ყოფაში აქტუალური კითხვაა: რა გვეშველება ხვალ? დაფიქრდით, ამ შეკითხვას რამდენი წელია ვსვამთ? ამას ომი არ სჭირდება. ეს მუდმივი ომია ჩვენში. წლებია ომია ჩვენს ფსიქიკაში, ჩვენს გარემოში, ჩვენს ურთიერთობებში, ჩვენს...

მუდმივი ბრძოლები, რომლისთვისაც თავი ვერა და ვერ დაგვიღწევია. დღესაც მხოლოდ ომზეა საუბარი. ინფორმაციაზე დიდი ვირუსი არ არსებობს. პოლიტიკური დაძაბულობა კი საზოგადოების დაქსაქსულობას იწვევს. ვუთხრათ - არა, ამ გამოგონილ სიყალბეს. დღეს მაინც მინდოდა მეთქვა, რომ პოეზია ერთიანებს, ადამიანის გაუხეშებულ სულს არბილებს. და, საერთოდ, როცა დავდივარ თბილისის ქუჩებში, სიცარიელეს ვგრძნობ, დაზიანებული სულები დადიან. აღარავინ საუბრობს როგორ იცვლებოდა ქალაქი პოეტისა თუ მწერლის აღქმაში.

დღევანდელი ადამიანი განსაკუთრებული ერთფეროვნებითაა შებორკილი - აი, პრობლემა! პოეტები და მხატვრები საკუთარი ნამუშევრების აღიარებას ვერ ახერხებენ. ისინი იძულებულნი არიან მასებს მიჰყვნენ კვალში, იმის მაგივრად, რომ „დიად სულებს მისდიონ“.

ვერც განვითარებულ ქვეყნებში და ვერც აქ, თანამედროვე მკითხველებად დარჩენას ვეღარ ახერხებენ. მათ აღარ შესწევთ იმის უნარი, რომ თვალწინ გადაშლილი წიგნის მოკრძალებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ, იყვნენ უბრალოდ ადამიანები, ადამიანები გესმით? და არა სხვა, დამოუკიდებელი აზროვნებითა და საკუთარი შეგრძნებებით.

არადა, პოეზია გახსენებს, რომ შესაძლებელია მეტი მგრძნობელობა გარემოსა და ადამიანის მიმართ. ბოლოს და ბოლოს მოქალაქეს რეალობაში აბრუნებს. მეტი მგრძნობელობა ადამიანებო! მოდით, მეტი მგრძნობელობა!

ნახევრად სიმართლის სამყაროში, ნახევარ სიმართლის მთქმელებს, ნახევრად გულწრფელებს, ნახევრად მებრძოლებს... და საერთოდ, ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებას, პოეზიის დღეს, ამ ორი სტროფით შემიძლია ვუპასუხო: „ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი, შემოდის, განჯღრევს ნახევრად ფხიზელს./ ოცნებას ადევს ნახევრად ლუქი და სანახევროდ ახდება ისევ./ ნახევრად ბრძოლა, ნახევრად დაღლა და ხმა სინდისის ნახევრად ისმის,/ ნახევრად გახდილ მიდიხარ ქალთან, რომელიც არის ნახევრად სხვისი./ ნახევრად რჩები, ნახევრად წახვალ და სულიც შველას ნახევრად ითხოვს./ ნახევრად დაბლა, ნახევრად მაღლა, შენ სანახევროდ იცხოვრე თითქოს“.