"რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები?" - კვირის პალიტრა

"რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები?"

თქვენ შეგიძლიათ იყოთ შუამავალი ქვეყნებს შორის, მაგრამ არ შეიძლება იყოთ შუამავალი სიკეთესა და ბოროტებას შორის - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქნესეთში ვირტუალური გამოსვლისას, ებრაელ კანონმდებლებს.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ კრემლის ოფიციალური პირები იყენებენ იმავე ტერმინს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ებრაელთა გენოციდისას, ნაცისტური გეგმისთვის ჰიტლერი იყენებდა.

„ყველამ იცის, რომ თქვენი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები საუკეთესოა“, - განუცხადა მან ისრაელის პარლამენტის წევრებს და კვლავ სთოხვა მათ ოფიციალური კიევისადმი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

„ყველამ იცის, რომ შეგიძლიათ ფეხზე წამოდგეთ და დაიცვათ თქვენი ეროვნული ინტერესები და დაგვეხმარო დავიცვათ ჩვენი, უკრაინელებისა და უკრაინაში მცხოვრები ებრაელების სიცოცხლე“,- დასძინა ზელენსკიმ, რომელიც თავადაც უკრაინელი ებრაელია.

„ჩვენ ვკითხულობთ, რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ თქვენგან იარაღი, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები ან არ ახორციელებს ზეწოლას რუსულ ბიზნესზე?!“,- აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.

შეგახსენებთ, ისრეალის ქნესეთამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს, ბრიტანეთისა და კანადის, პარლამენტებს, შეერთებული შტატების კონგრესს და გერმანიის ბუნდესტაგს მიმართა. მედიის ინფორმაციით, 23 მარტს დაგეგმილია უკრაინის პირველი პირის საფრანგეთის პარლამენტისადმი ვირტუალური მიმართვაც.

IPN