"ვესაუბრე ზელენსკის, რათა განმემარტა თუ როგორ ვიმუშავებ უკრაინის ინტერესების წინ წასაწევად ნატოსა და "დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე" - კვირის პალიტრა

"ვესაუბრე ზელენსკის, რათა განმემარტა თუ როგორ ვიმუშავებ უკრაინის ინტერესების წინ წასაწევად ნატოსა და "დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე"

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ბრიტანული მედია დაუნინგ სტრიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის დღეს შუადღით, რათა განმემარტა თუ როგორ ვიმუშავებ უკრაინის ინტერესების წინ წასაწევად ამ კვირაში დაგეგმილ ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერის გაძლიერებას ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად“, - დაწერა ჯონსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრემიერმა უკრაინის პირველ პირთან სატელეფონო საუბრისას, ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ერთგულებას იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მხარდაჭერის კოორდინაციის მიზნით.

ამის გარდა, ლიდერებმა განიხილეს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები, რა დროსაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის პოზიციისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის კუთხით, ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვეს სანქციების უწყვეტ მნიშვნელობას და დაგმეს „საზიზღარი თავდასხმები“ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„პრემიერმა აღფრთოვანება გამოხატა უკრაინის სიმამაცით და ცხადად განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მზად არის გააძლიეროს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად. უკრაინისა და ბრიტანეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ პირდაპირი კომუნიკაცია მომდევნო დღეებში“, - აღნიშნულია დაუნინგ სტრიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

IPN