"დასავლეთი ეცდება რუსეთი თავისივე სამეზობლოში დაამთავროს...“ - კვირის პალიტრა

"დასავლეთი ეცდება რუსეთი თავისივე სამეზობლოში დაამთავროს...“

"სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ ვითარებაში ასე იქცეოდეს პოლიტიკური ელიტა, რომელიც სახელმწიფოზე, საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავს?!“

მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, სამ კვირაზე მეტი გავიდა. უკრაინის თავდადებულ ბრძოლასთან ერთად ცივილიზებული მსოფლიო ოკუპანტს ახალ-ახალ უმკაცრეს სანქციებს უწესებს. ამასთანავე, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან იღებს იარაღს. ცნობილია, რომ ქვეყანამ აშშ-ისაგან მიიღო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლითაც უკრაინული ცის დაცვა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ რუსული თვითმფრინავებისგან, არამედ რუსული რაკეტებისაგან, რომლებითაც რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს. უმძიმესი ვითარებაა ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ოკუპანტების ალყაშია და გმირულად იბრძვის. დიდია როგორც უკრაინის არმიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე აგრესორის მსხვერპლი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პუტინის რეჟიმისთვის, მოსკოვში, სტადიონზე კონცერტი გაემართა, ალბათ, საკუთარი მოსახლეობისთვის იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერი კარგად არის. ზოგიერთი უცხოელი ექსპერტისა და პოლიტიკოსის განცხადებით, რუსეთი არ ელოდა უკრაინის ასეთ წინააღმდეგობას, ამიტომ მოლაპარაკებებით დროის მოგებასა და საკუთარი ძალების გადაჯგუფებას ცდილობს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის, თქმით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს იყენებს, როგორც "კვამლის ფარდას", რათა მეტი "საშინელი მხეცობა" და სამხედრო დანაშაული მოამზადოს. რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილთან:

eqsperti-1647809907.jpg

- დაახლოებით 10 დღეა, გვესმის რუსეთის ლაპარაკი სავარაუდო ფართომასშტაბიან შეტევაზე, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს მოსალოდნელიც იყო იმ მედგარი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, რასაც უკრაინისგან ვხედავთ. ამავდროულად, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე მართლაც ხდებოდა რუსული შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას ელოდნენ და ახლა გადაწყობას ცდილობენ. ბოლო ხანს გამოიკვეთა, რომ ოკუპანტების მეტი კონცენტრაცია ხდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც წნეხი იზრდება.

ეს სახიფათოა, რადგან ხერსონის დაკავებით უკრაინელებისთვის აზოვის ზღვაზე გასავლელი ჩაიკეტა, ურთულესია მდგომარეობა მარიუპოლში. ვნახოთ, რამდენ ხანს გაუძლებს ეს ქალაქი. ამასთანავე, არის ობიექტური საფრთხე, რომ რუსებმა ალყაში მოაქციონ უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის ჯარი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დონბასში ომობდა და ყველაზე კარგად არის მომზადებული. საფრთხე არსებობს, თუმცა ეს ჯერჯერობით არავითარი დასკვნის საშუალებას არ იძლევა. აქამდეც ვცდილობდი, ზოგიერთი სამხედრო თუ პოლიტიკური ექსპერტისგან განსხვავებით, ობიექტური ვყოფილიყავი რუსული არმიის შეფასებისას, არადა, გვესმოდა განცხადებები, რომ ის ორ-სამ დღეში ჩამოიქცეოდა, ეკონომიკა დეფოლტის პირას იდგა და ა.შ., მაგრამ ასე იოლად საქმე ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, სწორედ ამის დემონსტრირებისთვის გამართა კრემლმა ის ცნობილი კონცერტი მოსკოვში, სტადიონზე, იმის საჩვენებლად, რომ პუტინის რეჟიმს ქვეყანაში მხარს უჭერენ და ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო მოლაპარაკებებისას, მოლოდინი, თითქოს რუსები რაღაცის დათმობას აპირებენ, თავად გააჩინეს, როდესაც თავდაპირველი მოთხოვნებიდან ნაწილი აღარ ახსენეს. რიტორიკა თითქოს შეცვლილი იყო, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ რუსეთის საქმე ცუდად იყო. ამ ქვეყნის საქმე მართლაც ცუდად არის, მაგრამ მის დასუსტებას როდის მოჰყვება რეალურად შედეგი, ამის განსაზღვრა ჯერ რთულია...

- ამბობენ, რომ ომთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ომის დაწყების თობაზე რომ ნამდვილად არ იყო თანხმობა, ეს გამოჩნდა ომამდე გამართული ცნობილი შეკრებისას, როდესაც რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის, დაბნეული განცხადებები მთელმა მსოფლიომ მოისმინა. საფუძვლიანია თუ არა ვარაუდი, რომ შეიძლება რუსეთის ხელისუფლებაში გაჩნდეს ისეთი ბზარი, რომელიც პუტინის რეჟიმს ჩამოშლის?

- ამგვარ ვარაუდს ნამდვილად აქვს საფუძველი - რეჟიმის ჩამოშლა, ტრანსფორმაცია და ა.შ. მოსალოდნელია. მსოფლიო ისტორიაში ამგვარი პროცესების ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ რამ­დენ ხანში მოხდება ეს, რთული სათქმელია. იმის მტკიცება, რომ ეს მოხდება ხვალ ან ზეგ, მხოლოდ სპეკულაცია იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო სუსტი რეჟიმებიც კი, მაგალითად, ირანის ან ჩრდილოეთ კორეის, სანქციების პირობებში მაინც ახერხებენ არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები მუშაობს, აზიანებს ეკონომიკას, პოლიტიკურ ელიტას...

მეორე მხრივ, ამგვარ რეჟიმებს ახასიათებს ერთი რამ, რაც მათი სიძლიერეც არის და სისუსტეც: მათი მოქმედების განჭვრეტა რთულია, რადგან ეს უკიდურესად დახურული სისტემებია. იქ პროცესები ხშირად ისე მიდის, რომ ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის. შეიძლება ესა თუ ის რეჟიმი ისე იყოს მორყეული, რაც გარედან არ ჩანს, რომ მომენტალურად დაინგრეს. საბჭოთა კავშირის მაგალითიც შეიძლება გამოგვადგეს, თუმცა იქ ცოტა სხვაგვარად განვითარდა მოვლენები: ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც თვითონ დაიჯერეს, რომ იმპერიის ტრანსფორმაცია შეიძლებოდა, თუმცა, დაწყებული ცვლილებების შედეგად, გორბაჩოვს საბოლოოდ ხელში შემოენგრა საბჭოთა იმპერია. ეს მაგალითი რუსეთში კარგად იციან, პუტინი და მისი გარემოცვა, შეიძლება ითქვას, ამ ამბავზე არიან გაზრდილი, ანუ მათ კარგად იციან, რეჟიმის დასუსტებამ რა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ ჯერჯერობით რასაც შიდა ველზე აკეთებენ, აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ეს არ დაუშვან. მათი მოქმედებები მოიცავს ორ ნაწილს: ერთია ის, რომ პოლიტიკურ ელიტაში მცირე მერყეობის შემთხვევაც კი ჩანასახშივე აღკვეთონ და მეორე - ჩაახშონ ყველანაირი საპროტესტო მუხტი ნებისმიერი ხერხით და სასტიკად. ამიტომაც არ მგონია, რომ პუტინის რეჟიმის ჩამოშლა მყისიერად იყოს შესაძლებელი.

- ჯერჯერობით ნატოს ქვეყნები კონფლიქტში სამხედრო ჩართვის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა ჩვენ ვხედავთ უკრაინის უპრეცედენტო დახმარებას, მათ შორის - იარაღით. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის დაწყებული ომის ხასიათს, იმას, რომ ეს კონფლიქტი ყველაზე მეტად მაინც ღირებულებათა დაპირისპირების მაჩვენებელია, როგორ ფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს, მაინც ხომ არ მოუწევთ დასავლურ ქვეყნებს, ნატოს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამ ეტაპზე, ალბათ, ყველამ - ჩვენც და უკრაინელებმაც უნდა ვცადოთ შექმნილი ვითარების იმ რაკურსით დანახვა, როგორც ამას ხედავენ დასავლელი ლიდერები: ბაიდენი, ჯონსონი, შოლცი თუ მაკრონი. ისინი ვითარებას აფასებენ, როგორც არჩევანს გლობალურ კატასტროფასა და ლოკალურ ტრაგედიას შორის. ეს უკანასკნელი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, ღმერთმა ნუ ქნას და, შეიძლება უკრაინის დამარცხებითაც დასრულდეს, რასაც შესაძლოა სხვა ქვეყნებში მოჰყვეს მძიმე გაგრძელება, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კი არა, მსოფლიოს წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას, ცდილობს, არ გახდეს ამ გლობალური დაპირისპირების მიზეზი, რადგან ამას რა შედეგი მოჰყვება, არავინ იცის.

შეიძლება ეს შედეგი იყოს დაახ­ლოებით იმგვარი, რასაც აპოკალიფსზე გადაღებულ ფილმებში ვუყურებთ ხოლმე.მე მაინც მგონია, რომ დასავლეთი უკრაინის ხელითვე შეეცდება რუსეთის დამარცხებას, ანუ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის იმგვარად გასაძლიერებლად, რომ მან მანამდე შეძლოს მტკიცედ დგომა, ვიდრე პუტინი იძულებული არ გახდება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, თანაც - გაცილებით რეალისტური პირობებით. როგორ გამოვა ეს ყველაფერი, ვნახავთ...

დარწმუნებით ვერავინ იტყვის, სადამდეა წამსვლელი რუსეთი. მიტინგი, რომელიც მოსკოვში ვნახეთ, ჩემი აზრით, იყო ესკალაციის მეორე ფაზაზე გადასვლის ნიშანი, შესაბამისად, შესაძლოა, გამოაცხადოს მობილიზაცია, გააგრძელოს უკრაინული ქალაქების დაბომბვა და ა.შ. თუმცა შეიძლება ვცდებოდე კიდეც.

მოკლედ, იმის ალბათობა, რომ დასავლეთმა ამ მიმართულებით გადადგას რაიმე ნაბიჯი და ნატო ომში სამხედრო თვალსაზრისით ჩაერიოს, ძალიან მცირე მგონია, მით უფრო, რომ უკრაინელები ჯერჯერობით მედგრად დგანან, რუსეთს ძალიან უჭირს წინ წასვლა, თუმცა ბოლო დროს უკრაინულ მხარესაც გამოჩნდა მცირე შეცდომები, მაგალითად, ცოტა გაუგებარი იყო განცხადება, რომ თურმე, რაც ხდება, პოროშენკოს ბრალია, რადგან მისი პრეზიდენტობისას კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ნატოში შესვლის თაობაზე... ეს განცხადებები არ მომეწონა. თქვენს ამ კითხვაზე პასუხის დასკვნისთვის კი გეტყვით, რომ მესამე მსოფლიო ომის ღია ფაზის კონტურები ჯერ არ იკვეთება. დასავლეთი ეცდება, თავისივე ველზე, თავისივე სამეზობლოში დაამთავროს რუსეთი. უკრაინას კიდევ მიაწოდებენ იარაღს. სასურველია, ეს მოხდეს უფრო ინტენსიურად და აქტიურად...

- გასულ კვირას პარლამენტში წლიური საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომსა თუ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ადეკვატური შეფასებები გააკეთა, თუმცა გააკრიტიკა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ილაპარაკა ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე, თუმცა ეს გამოსვლა ახალი დაპირისპირების მიზეზად იქცა. "ქართული ოცნება" უფრო შორსაც წავიდა და გადაწყვიტა, ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს იმის გასარკვევად, დაარღვია თუ არა მან კონსტიტუცია... თქვენი აზრით, რა არის მიზეზი, რომ ეს უმძიმესი გეოპოლიტიკური კრიზისიც კი ჩვენს პოლიტიკურ ელიტას პარტიულ დაპირისპირებამდე დაჰყავს?

- აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენი კითხვის სულისკვეთებას. სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ ვითარებაში ასე იქცეოდეს პოლიტიკური ელიტა, რომელიც სახელმწიფოზე, საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავს?! რამდენი წელიწადია, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" დაახლოებით ისეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, როგორც წყალსა და ცეცხლს. ამ ისტორიულად უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომელიც მთელ მსოფლიოზეც, რეგიონზეც და, რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაზეც დიდ გავლენას მოახდენს, საერთოდ ვერ აანალიზებენ...

ვხედავთ პოლიტიკურ პროცესს, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან; ამავდროულად, ხელისუფლება გაყოფილია რამდენიმე დაჯგუფებად, მაგალითად, პრეზიდენტი და ხელისუფლების დანარჩენი ჯგუფები არათუ ვერ ურთიერთობენ, არამედ დაპირისპირების პირას არიან. ამის გარდა, სავარაუდოდ, ხელისუფლებაში არაერთი სხვა გამყოფი ხაზიც არსებობს. თვითონ ოპოზიციაშიც დიდი იდილია არ ჩანს, ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ მნიშვნელოვან პოსტულატებზე მაინც არიან შეთანხმებული. რაც საქართველოში ხდება, ეს არის სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რის ხარჯზეც დღეს უკრაინა მედგრად ომობს. ის, რაც დღემდე შეძლეს და რასაც ამის მერეც მოახერხებენ, არის სწორედ ერთიანობის შედეგი. გახსოვთ, ალბათ, ომის პირველივე დღეებში ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაციას სთავაზობდნენ და ელოდნენ, რომ კიევი რამდენიმე საათში დაეცემოდა, არადა, ყველა შეცდა. შეცდნენ იმიტომ, რომ უკრაინამ აჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანია ერთად დგომა, ბრძოლა და კარგი ლიდერი.ჩვენს შემთხვევაში აბსოლუტურად დაქსაქსულია ყველა. სიმართლე რომ გითხრათ, მაშინებს კიდეც იმის წარმოდგენა, ელემენტარულმა კრიზისმა აქ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. პოლიტიკოსების ყოველდღიური გზავნილები არ არის ერთობისკენ მიმართული. ამის გადახედვაა საჭირო, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, არ მჯერა, რომ ეს გლობალური კრიზისი მაინც აიძულებს ჩვენს პოლიტიკოსებს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და საქვეყნოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ. იკითხავთ, რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირებაზეა აგებული დღეს მთელი ჩვენი პოლიტიკური სისტემა.

შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყნის ინტერესების გლობალურ ჭრილში დანახვა და გაანალიზება არ შეუძლიათ, ან არ სურთ. აშკარაა, რომ გეოპოლიტიკური პროცესების ხედვის არეალი მათთვის ძალიან დავიწროებულია. სამწუხაროდ, ამ ვითარებიდან გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.

- უკრაინისადმი ხელისუფლების ორმაგი დამოკიდებულების ახსნა მინდა გთხოვოთ­ და აქვე გავიხსენო პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელმაც ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინას, უკრაინის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს".

- ჩვენში ხელისუფლების ამგვარი პოზიციის ახსნა რამდენიმე მიდგომით ხდება. ერთია იმის მტკიცება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთისთვის მუშაობს, ანუ ე.წ. პრორუსული ინტერესების გამტარებელია, რაც არა მხოლოდ ბოლო ხანს გვესმის, არამედ ამ ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუმცა ამ განცხადებებს კონკრეტიკა და არგუმენტაცია ყოველთვის აკლდა, შესაბამისად, დროდადრო მიეცემოდა ხოლმე დავიწყებას, თუმცა ეს ვარაუდი ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გაააქტიურა. რთულია ამის მტკიცება. მე უფრო მგონია, რომ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია უფრო შიშით არის ნასაზრდოები, იმის შიშით, რომ ჩვენც რუსეთთან კონფლიქტში არ აღმოვჩნდეთ. ეს შიში ბუნებრივია, მაგრამ მხოლოდ ენის მოჩლექით ლაპარაკი და უკიდურესი სიფრთხილე საშველი სულაც არ არის, მეტიც, ეს შეიძლება კონტრპროდუქტიულიც კი გამოდგეს.

ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" ასე ცდილობს პროცესების დანახვას, ანუ მათი ლოგიკა ასეთია - თუ ამ კონფლიქტში უკრაინამ და დასავლეთმა გაიმარჯვეს, ყველა იხეირებს და მათ შორის - საქართველოცო. თუ რუსეთი გაიმარჯვებს, იტყვიან, ხომ ვამბობდით, სიფრთხილეა საჭირო, რომ გვეხტუნავა და სანქციებს შევერთებოდით, ამას შეიძლებოდა გამოეწვია აგრესია, ჩვენ კი გამარჯვებულ რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობა არ გვაქვსო, მაგრამ ეს პოზიცია რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად გამოდგება თუ არა, სხვა საკითხია. საქმე ის არის, რომ თუ უკრაინაში ცუდად წავა საქმე, არ არის გამორიცხული, ჩვენმა ხელისუფლებამ რაც უნდა სიფრთხილე გამოიჩინოს, პუტინის რეჟიმი მაინც შემოგვიტრიალდეს. ხელისუფლების ამ გაუგებარი პოზიციების შედეგად კი საქართველოს აქტიურ მხარდამჭერ პოლონეთსაც კი შეიძლება გაუჭირდეს მსოფლიო ასპარეზზე ჩვენთვის სიტყვის შეშველება, ანუ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ძალიან გაგვიჭირდება, დაგვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, მაგრამ ამაზე რას გვიპასუხებენ, საკითხავია, არადა, შეიძლებოდა იმგვარი დიპლომატიური რიტორიკის შემუშავება, რომლითაც უკრაინისადმი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უფრო სოლიდარული და თვალსაჩინო იქნებოდა... სამწუხაროდ, სამყაროში ისეთი დრო დადგა, რომ შუალედური პოზიცია აღარ არსებობს. ან ერთ მხარეს უნდა იდგე, ან - მეორე მხარეს.