"მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მსოფლიო ომია“ - კვირის პალიტრა

"მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მსოფლიო ომია“

"პუტინი ვერ აცნობიერებს, რომ საცხოვრებელი კორპუსების, სამშობიარო სახლებისა თუ მარიუპოლის თეატრისათვის ნასროლი ჭურვები ხვდება ტოლსტოის, ჩეხოვს, მენდელეევს, ყველაფერს, რითაც რუსი ხალხი ცივილიზაციის ისტორიაში შევიდა. ბოღმითა და სიძულვილით დაბრმავებულს არ შეუძლია გააცნობიეროს, რომ ამ ბარბაროსული დაბომბვებით, ბავშვების მკვლელობითა და ქვეყნის ნგრევით რუსეთს შემოაძარცვა ფაშიზმთან მებრძოლის მანტია, რითაც ასე ამაყობდა და რუსული არმია ნამდვილ ფაშისტურ ურდოდ გადააქცია..."

რა შეიძლება მოხდეს, თუ რუსეთის წამოწყებული ომი უკრაინის ტერიტორიას გასცდება, ან როგორი უნდა იყოს ამ რთულ ვითარებაში საქართველოს პოზიცია? ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" მწერალი კოტე ჯანდიერი ესაუბრა.

kotejandieri.jpg

- არავის უნდა, მესამე მსოფლიო ომი უწოდოს იმას, რაც დღეს ხდება. გარეგნულად მართლაც ომი ორ სახელმწიფოს შორისაა გაჩაღებული, სადაც ერთი აგრესორია, მეორე აგრესიის მსხვერპლი, თუმცა ყველას ესმის, რომ ეს არის რუსეთის დაპირისპირება მთელ დასავლურ სამყაროსთან, დასავლურ ფასეულობებთან, დასავლურ ცხოვრების წესთან, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ურთიერთობის სისტემასთან. ეს რუსულ-დასავლური დაპირისპირება შეიძლება არც მიგვეჩნია მსოფლიო ომად, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო აგრესიის მასშტაბი, მეთოდები და განუზომელი სისასტიკე ამ პლანეტაზე მცხოვრები, ნებისმიერი აღმსარებლობის, კულტურისა თუ ეროვნების საღად მოაზროვნე ადამიანის, ადამიანურობისა და მორალის წინააღმდეგ არის მიმართული. კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ამ მაღალტექნოლოგიურ, სისხლიან სიგიჟეს საკუთარ განსაცდელად და პირად ტრაგედიად აღიქვამს. ამას გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდამჭერ და მოწინააღმდეგე სახელმწიფოთა რაოდენობრივი თანაფარდობაც მოწმობს - ას ორმოცდაერთი ხუთის წინააღმდეგ! მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მსოფლიო ომია.

უკრაინის მსგავსად, გადაიქცევა თუ არა ბრძოლის ველად საქართველო, ან აღმოსავლეთ ევროპის ერთი ან რამდენიმე ქვეყანა, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველესად კი უკრაინის ფრონტზე ბარბაროსული მეთოდებით მეომარი რუსეთის წარმატებაზე. დღეს შეიძლება რუსეთს მსოფლიოში რამდენიმე ფარული გულშემატკივარი ჰყავდეს (მაგ. კიმ ჩენ ირი, ბაშარ ასადი ან ნიკოლას მადურო), თუმცა აშკარა სამხედრო მოკავშირე, რამზან კადიროვის ბანდების გარდა, საბედნიეროდ, ჯერ არ გამოუჩნდა.

- როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო­ საზოგადოებაში დასავლეთის, ნატოს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ზოგისთვის­ ის იმედია, ზოგი იმედგაცრუებულია და თვლის, რომ მხარდაჭერა ან აგვიანებს, ან საკმარისი არ არის...

- ნატოს სამხედრო ბლოკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტური ექსპანსიის შესაკავებლად შეიქმნა, შეკავება კი ნიშნავს ისეთი ხარისხისა და მოცულობის სამხედრო ძალის აკუმულაციას, რომლის არსებობაც პოტენციურ აგრესორს აპრიორი არ მისცემს საშუალებას, თავის მიზნებს სამხედრო გზით, ანუ ომით მიაღწიოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნები კომფორტის ზონაში­ მოექცნენ. 90-იან წლებში რუსეთი, შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისით მართლაც­ აღარ იყო სახიფათო დასავლეთისათვის, თუმცა ის რჩებოდა მსოფლიოში მეორე ბირთვული პოტენციალის სახელმწიფოდ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ გარემოებას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ევროპის სახელმწიფოების ბიუჯეტში უსაფრთხოებისათვის განსაზღვრული ფინანსური რესურსი მუდმივად იკლებდა და გამოთავისუფლებული თანხა პოლიტიკური ელიტის წინასაარჩევნო პოპულარული პროგრამების დასაფინანსებლად იხარჯებოდა. დონალდ ტრამპის დაჟინებული მოთხოვნით ძლივს მოხერხდა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯები 2%-მდე გაეზარდათ. გარდა ამისა, შედარებით იაფი რუსული ნავთობისა და გაზის გემო ევროპული ეკონომიკისათვის ისეთი ტკბილი აღმოჩნდა,­ რომ მაგალითად, გერმანიის ენერგეტიკა დღეს 30-35%-ით რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული. ამასობაში რუსეთის ეკონომიკაში ამ გზით შესული მილიარდობით დოლარი არმიისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოდერნიზაციას ხმარდებოდა. შედეგად, დღეს ვხედავთ, რომ პოტენციური აგრესორის შეკავების პოლიტიკამ ევროპის კონტინენტზე მარცხი განიცადა და ამის ნათელი დასტურია რუსეთის ველური­ თავდასხმა უკრაინაზე. თავის დროზე ევროპულ სამყაროს რუსეთისგან მომავალი საფრთხე რეალურად რომ შეეფასებინა, ეს დღე არ დადგებოდა... ვინც ნახა და მოისმინა ბრიტანელი ტელეწამყვანის, ტიმ სებასტიანის ინტერვიუ ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლის ყოფილ მოადგილესთან, გენერალ რიჩარდ შერე­ფთან, ალბათ, ჩემსავით გაოგნებული დარჩა გენერლის განცხადებით, რომ დღეს ევროპაში არ არსებ­ობს არც ერთი სრულად დაკომპლექტებული სატანკო დივიზია და ყველაფერი ბრიგადებისა და უფრო მცირერიცხოვანი მსუბუქი­ ბრიგადების დონეზეა დარჩენილი. ჰოდა, რომელი აგრესიის "შეკავებაზეა" ლაპარაკი? მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ: 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში აუცილებელი გაწევრების დაპირება, ოღონდ - გაურკვეველ მომავალსა და დაუზუსტებელ ვითარებაში. ჟოზეფ ბორელისა და დღეს მოქმედი ბევრი სხვა ევროფუნქციონერის აზრით, ეს იყო შეცდომა, რომელმაც საქართველოც და უკრაინაც მომძლავრებული რუსეთის გარდაუვალი აგრესიის წინაშე დააყენა.

- ანუ დასავლურ სამყაროს საკმარისი დრო ჰქონდა რუსეთის პოლიტიკისა და მისი ზრახვების ამოსაცნობად?

- რასაკვირველია. ბუქარესტის სამიტის­ პოლიტიკის შედეგი საქართველომ იმავე,­ 2008 წლის აგვისტოში იწვნია, მაგრამ არც ამ ბრუტალურმა თავდასხმამ და სუვერენული ქვეყნის ოკუპაციამ აიძულა­ დასავლური პოლიტელიტა, გამოსულიყო კომფორტის­ ზონიდან და სულ მცირე, რუსეთთან თავისი ენერგეტიკული პოლიტიკა მაინც შეეცვალა. ამის მერე იყო 2014 წელი - ყირიმის მიტაცება და ომი ლუგანსკსა და დონეცკში.­ ცხადი გახდა, რომ რუსეთის­ შეკავების დასავლური პოლიტიკა ეფექტიანი არ იყო და ძირეული ცვლილებები სჭირდებოდა. ეს ვერ ან არ განხორციელდა და იმ გაუბედავი, მორიდებული, ძალზე არასწორი, მე ვიტყოდი - საბედისწერო პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებას უკრაინელი ხალხი - ბავშვები, ქალები, მოხუცები ეწირებიან.

პრეზიდენტ ზელენსკის ლამის ყოველდღიური თხოვნისა თუ კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, უკრაინის ცის დაკეტვა გადაუჭრელ პრობლემად იქცა, ვინაიდან ამ ქმედებამ, შესაძლოა, ომი უკვე ნატოს წევრი ქვეყნების, მაგალითად, პოლონეთის ან ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს და გენერალ შეფერის მოსაზრებით, ეს ნატოს შეიარაღებული ძალებისათვის იოლი გამოცდა არ იქნება.

- რა სურს პუტინს უკრაინისგან, საქართველოსგან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან (და არამხოლოდ), საბჭოთა კავშირის აღდგენა? ზოგი მიიჩნევს, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც მისი რეჟიმის ნგრევა დაიწყება, მაგრამ რის ფასად?

- მე მგონია, პუტინს უნდა, რომ მას სტალინივით ანგარიშს უწევდნენ და თუ პატივს არ სცემენ, დიდ საერთაშორისო მოთამაშედ მაინც აღიარებდნენ, ამის მისაღწევად ყველაზე მოკლე გზად კი ბრუტალური ძალის დემონსტრირება და შინ თუ გარეთ საყოველთაო შიშის დათესვა მიაჩნია, მაგრამ უკრაინაში დანგრეული ხიდები, ქალაქები და თეატრები აღდგება, რუსეთისა და რუსი ხალხისათვის მის მიერ მიყენებულ ზიანს, მათ დაღვრილ სისხლს, ომის შედეგად დატოვებულ იარებს კი მრავალი ათეული წლის მანძილზე არაფერი ეშველება. ეს კაცი ვერ აცნობიერებს, რომ საცხოვრებელი კორპუსების, სამშობიარო სახლებისა თუ მარიუპოლის თეატრისათვის ნასროლი ჭურვები ხვდება ტოლსტოის, ჩეხოვს, მენდელეევს, ყველაფერს, რითაც რუსი ხალხი ცივილიზაციის ისტორიაში შევიდა. ბოღმითა და სიძულვილით დაბრმავებულს არ შეუძლია გააცნობიეროს, რომ ამ ბარბაროსული დაბომბვებით, ბავშვების მკვლელობითა და ქვეყნის ნგრევით რუსეთს შემოაძარცვა ფაშიზმთან მებრძოლის მანტია, რითაც ასე ამაყობდა და რუსული არმია ნამდვილ ფაშისტურ ურდოდ გადააქცია. ანუ პუტინის რეჟიმმა თავისი ხალხიც ძალიან დააზარალა, რაც ნაწილს ესმის, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კი - არა, ანუ ეს პრობლემა სათანადოდ არ აქვთ გააზრებული.

- "პუტინის წარმატების შემთხვევაში­ შემ­დეგი იქნება მოლდოვა, საქართველო, ბალტიისპირეთი" - ამ ფრაზას ხშირად გაიგონებდით და იმასაც, რომ რუსეთს საქართველოში შემოჭრისთვის მიზეზი არ სჭირდება.­ რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ ახლა და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნაკლებად დავზარალდეთ?

- მთავრობამ უნდა შეარჩიოს ისეთი ფრაზეოლოგია, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს არ შეუწყობს აგრესიას, მაგრამ, მეორე მხრივ, ღირსებას არ შეულახავს ამ ქვეყნის მოქალაქეებს. კერძოდ, აქტიურად უნდა აამოქმედოს პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირი უკრაინის ხელმძღვანელობასთან და არ დატოვოს პრეზიდენტ ზელენსკის გუნდი მხოლოდ "ნაცების" მიწოდებული ინფორმაციისა და ჭორ-მართლის ანაბარა. ოპოზიციის რევანშისტულმა ნაწილმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციის, აღვირახსნილი ცილისწამების, ქვეყნის მოსახლეობის შეურაცხყოფისა და არასაარჩევნო გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების ქვეყნისთვის საშიშ, ამორალურ და სრულიად უდროო ცდებს. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ, ყველა - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, ქვეყნის მოსახლეობაც - დასაცინი და მიუღებელი გავხდებით განვითარებული მსოფლიოსათვის.