"რუსეთი ჯერჯერობით ისე არ სუსტდება, რომ კავკასიიდან გავიდეს“ - კვირის პალიტრა

"რუსეთი ჯერჯერობით ისე არ სუსტდება, რომ კავკასიიდან გავიდეს“

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, GIPA-ს პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ ახალ საერთაშორისო დღის წესრიგზე ლაპარაკი ადვილი არ არის. რაზე იქნება დამოკიდებული ახალი წესრიგის ჩამოყალიბება და როგორ შეიძლება შეიცვალოს საქართველოს პერსპექტივა? "კვირის­ პალიტრა" თორნიკე­ შარაშენიძეს­ ამ საკითხებზე ესაუბრა.

- როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, რუსეთი ყველა შემთხვევაში დასუსტებული გამოდის. თუ ომი დამთავრდა ისე, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი მაინც მიისაკუთრეს, შესაძლოა, თავიანთი ჭკუით, უღირდეთ კიდეც ის ფინანსური ზარალი, რასაც სანქციებით იღებენ. შესაძლოა, ფიქრობენ, რომ მაგალითად, ათ წელში ამას გამოასწორებენ და რუსეთი ამ ტერიტორიებიანად უფრო ძლიერი იქნება, მაგრამ ახლა რასაც უნდა ფიქრობდნენ, რუსეთი ამ ომის შედეგად დასუსტდება. საკითხავია, როგორი იქნება ეს დასუსტება. თუ მაინცდამაინც არ დასუსტდება, მაშინ, შესაძლოა, ის იქცეს ჩინეთის პარტნიორად, მაგრამ თუ ძალიან დასუსტდება, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი ჩინეთის პირისპირ აღმოჩნდება, რადგან სხვა სერიოზული მოთამაშე აღარავინ არის. თუ ამ ომს მოჰყვა არა მხოლოდ ფინანსური ზარალი, არამედ რუსული საზოგადოების შიდა დაპირისპირებაც, უფრო მძიმე შედეგები ექნებათ, ვიდრე ახლა ჩანს, ამიტომ ჯერ ვნახოთ, რა მოხდება. დღეს ახალ დღის წესრიგზე ლაპარაკი იოლი არ არის.

- დასავლეთსა და ჩინეთს ძალიან დასუსტებული რუსეთი აძლევთ ხელს?

- ძალიან დასუსტებული რუსეთი ხელს არც ერთს არ აძლევს. შესაძლოა, ეს დასავლეთს უფრო უნდოდეს, მაგრამ ჩინეთს - ნაკლებად, რადგან ასეთ შემთხვევაში ერთი ერთზე დარჩება დასავლეთთან, მას კი, ცხადია, რუსეთი ურჩევნია, რომელიც ერთგვარი ბარიერია, მაგრამ თუ ძალიან დასუსტდა, ბარიერი ვეღარ იქნება.

- ჩინეთისთვის დასუსტებული რუსეთი უფრო ხელსაყრელი ბაზარი არ იქნება? რუსეთის რესურსებიც უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდება, რაც ჩინეთს ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერიების საშუალებასაც მისცემს...

- მხოლოდ რესურსების ხელმისაწვდომობა არ არის საქმე, მნიშვნელოვანია სამხედრო ბალანსი. თუ რუსეთი სამხედრო თვალსაზისით ძალიან დასუსტდება, ეს ჩინეთისთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან მისი სამხედრო რესურსი ისეთი მძლავრი არ არის, როგორიც დასავლეთის. ამიტომ არ აწყობს მის პირისპირ დარჩენა.

- მოსალოდნელია, რომ დასავლეთი და ჩინეთი სამხედრო პოტენციალზე გააკეთებენ აქცენტს, რომ გადამწყვეტი სამხედრო კომპონენტი გახდეს?

- მართალია, მათ არავის დაპყრობა არ უნდათ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მაინც სამხედრო ძლიერებამდე მიდის, რუსეთი კი ორივე მხარის დამაბალანსებელი იყო. ამ ომში აშკარაა რუსეთის დასავლეთთან დაპირისპირება და ჩინეთის რუსეთისკენ გადახრა. შესაძლოა, რუსეთი ჩინეთისთვის რესურსების უფრო იაფი მიმწოდებელი გახდეს, მაგრამ ჩინეთს რუსეთის დასუსტება სწორედ იმის გამო არ უნდა აწყობდეს, რომ სამხედრო თვალსაზრისით დასავლეთთან ბარიერი აღარ ეყოლება.

- ამ ვითარებაში პატარა ქვეყნებისა და მათ შორის ჩვენთვის რა იცვლება?

- რუსეთი ჯერჯერობით ისე არ სუსტდება, რომ კავკასიიდან გავიდეს და ეს უნდა გავითვალისწინოთ. კი გაისმა სულელური მოწოდებები, ცხინვალს დავიბრუნებთო, მაგრამ ეს ხომ სიბრიყვეა! ჩვენთვის დამღუპველი იქნება ტერიტორიული მთლიანობის ძალით აღდგენა, ეს მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოხდეს, თანაც რუსეთი აქედან წასვლას არ აპირებს, ასე რომ, სამწუხაროდ, ჩვენთვის ჯერჯერობით კარგი არაფერი ხდება. რუსეთი კი სუსტდება, მაგრამ ისე დასუსტდება, რომ კავკასიიდან გავიდეს? ეს ჯერ არ ვიცით. თანაც რუსეთი ეკონომიკურად რომ სუსტდება, კარგია, მაგრამ ეს აზიანებს ჩვენს ეკონომიკასაც. გვინდა თუ არა, რუსეთის ეკონომიკაზე ვართ დამოკიდებული.

- მოლდოვამ დაიწყო ლაპარაკი, რომ რუსეთმა დნესტრისპირეთიდან ჯარი უნდა გაიყვანოს. საქართველოს ხელისუფლებამ იგივე არ უნდა გააკეთოს? არ არის იმის დრო და შესაძლებლობა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა მაინც მოვითხოვოთ?

- რუსეთი ჯარს არ გაიყვანს და ახლა ამაზე ლაპარაკი სისულელეა. მას ჯერ ისე არ უჭირს, რომ აქედან ჯარი გაიყვანოს. რომც გაიყვანოს, ჩეჩნეთ-დაღესტნის ტერიტორიაზე ძალიან დიდი ბაზა აქვს და მისი გამოყენება ადვილად შეუძლია.

- ახალი რეალობა თუ შეცვლის მოქმედი ალიანსების კონფიგურაციას ან ხომ არ გაჩნდება ახალი ალიანსების შექმნის პერსპექტივა და საჭიროება?

- მე არ მგონია, რომ შესაძლებელია, ნატოს საფრთხე შეექმნას. ან რატომ უნდა შეექმნას? ამ ომში ნატო არ იბრძვის. მის წევრ ქვეყნებს ჯერჯერობით საფრთხე არ დამუქრებია და იმის თქმა, რომ ნატო არ ვარგა, ამიტომ ახალი ალიანსები უნდა შეიქმნას, უსაფუძვლოა. ხომ შექმნეს რაღაც ალიანსი და რა გამოვიდა? ბრიტანეთმა ან პოლონეთმა უკრაინაში ჯარი გაგზავნეს? კი, იარაღს აწვდიან, მაგრამ იარაღს ყველა აწვდის. ნატოს მსგავსი თუ ნატოზე უკეთესი ალიანსის შექმნა ძალიან რთული ამოცანაა და ეს ასე არ ხდება.

- დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ რუსეთმა უფრო გაამწვაოს ვითარება, მაგალითად, თავს დაესხას ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას, გამოიყენოს ატომური იარაღი, ან როდის შეიძლება ეს მოხდეს?

- ნატოს წევრებზე თავდასხმა გამორიცხულია. ეს რაში სჭირდება? ნატოს წევრებთან მას პრეტენზია არ აქვს, გარდა იმისა, რომ არ შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ატომური იარაღის გამოყენებას, სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ ბალისტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. როდის და რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს, ძნელი სათქმელია.

რუსა მაჩაიძე