"აშკარაა, რომ მავანს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდა“ - კვირის პალიტრა

"აშკარაა, რომ მავანს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდა“

კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა­ რუსულ აგრესიას და როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები ჩვენი ქვეყნის მომავალზე, გვესაუბრება სამხედრო ექსპერტი,­ გენერალი ამირან სალუქვაძე.

- ვითარება ძალიან რთულია, ერთია ის, რასაც უკრაინის ხელისუფლება ამბობს და მეორეა სამწუხარო რეალობა. უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკა სწორია. დიახ, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად უნდა ცდილობდეს, საკუთარ ხალხს შეუნარჩუნოს მოტივაცია და აუმაღლოს საბრძოლო სულისკვეთება, თუმცა, სამხედრო განათლების მქონე ადამიანებისთვის ყველაფერი ადვილად იკითხება რუკაზე. გულუბრყვილობაა იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა. წესით, არც არავის უნდა ჰგონებოდა, რომ რუსეთი ამხელა სახელმწიფოში ერთი გასეირნებით მიაღწევდა მიზანს.

- ამას თვითონ რუსეთი ელოდა. ჩვენ გვახსოვს პუტინის განცხადება, როცა ის სპეციალურ ოპერაციაზე ლაპარაკობს.

- ერთია, რა დაგეგმა და მეორე - რა გამოუვიდა. ეს არის ომი საშინელი შედეგებით. რუსეთისთვის ეს ომი კატასტ­როფა იმიტომ კი არ არის, რომ სამხედრო თვალსაზრისით ვერ აღწევს წარმატებას, იმიტომ, რომ მორალურად დამარცხდა საკუთარი ისტორიის, ხალხის წინაშე. მართლმადიდებელი სლავების საქმეში უცხო ძალების ჩარევა რუსეთის ისტორიაში შავ ლაქად დარჩება. რუსეთში ამას ბევრი აცნობიერებს, ზოგი ბედავს თქმას, ზოგი - ვერა, ზოგი ხვალ იტყვის, თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანები რას და როდის იტყვიან, მთავარია, რომ ისტორია იტყვის თავისას, მკაცრად და შეულამაზებლად. რუსე­თის ხელისუფლებაში მყოფ კაცს თავი ბრძენი­ ჰგონია, სტალინს უტოლდება, მასზე­ აღმატებულადაც კი მიაჩნია საკუთარი თავი, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ ასეთი გზით იმპერიას ვერ შეაკოწიწებს.

- ფიქრობთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო წარმატებას მიაღწია?

- როდესაც დღე-ნახევარში კიევს მიადგები, სამი კვირის თავზე დედაქალაქს­ სამი მხრიდან ბლოკავ და მისადგომებთან ბრძოლებს­ მართავ, ბლოკავ აღმოსავლეთ უკრაინას, იკავებ ზღვაზე გასასვლელის დიდ ნაწილს, ალყაში აქცევ ჩრდილოეთის მხარეს - დონბასის მიმართულებას, სამხრე­თის მიმართულებას - ოდესიდან მარიუპოლამდე, რა ჰქვია ამას?! რუსები ზოგან 50 კილომეტრით არიან სიღრმეში შესული, ზოგან - 200 კილომეტრით. კი, ბევრ რამეს აზვიადებენ რუსებიც და უკრაინელებიც, ეს მათი პროპაგანდის ნაწილია, მაგრამ ჩვენ, სამხედროები, რუკას ხომ ვხედავთ?! დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალიან უჭირს ლოჯისტიკას და რაც უფრო წაიწევენ რუსები ოდესის მხრიდან კიევისკენ, სიტუაცია მით უფრო გართულდება. კიევში არის სტრატეგიული გზები, რომელთა საშუალებით დასავლეთ უკრაინიდან აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობას - სურსათით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი სამხედრო საჭურვლით ამარაგებენ, მაგრამ მალე ეს ძალიან გაჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამ უმძიმეს რეალობას ხედავს უკრაინის მმართველი გუნდიც. ახლა ერთადერთი გამოსავალი დასავლეთ უკრაინაში ახალი ძალების ფორმირება და მათი საბრძოლო ტექნიკით აღჭურვაა. აღმოსავლეთში ამის გაკეთება უკვე შეუძლებელია, იმიტომ, რომ ტერიტორიების ნაწილი დაკარგულია, ზოგან კი ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. რუსები უკვე დაკავებულ ტერიტორიებს­ წმენდენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ძალიან სამწუხაროა, რომ დასავლეთის დახმარება იგვიანებს. კეთდება განცხადებები თანხებზე, იარაღის მიწოდებაზე, მაგრამ დრო არ ითმენს.

- ე.ი. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ რუსეთის შეკავება შეძლო, სიმარ­თლეს არ შეესაბამება?

- უკრაინამ ამ ეტაპზე ნამდვილად შეძლო რუსეთის შეკავება, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას. ვისაც უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობაზე ელემენტარული წარმოდგენა მაინც აქვს, ისინი ამას ისედაც ელოდნენ, მათ შორის - მეც. მეტსაც გეტყვით, ისიც არ მეგონა, აქამდე თუ მოუშვებდნენ რუსებს. ახლა შეაკავეს, მაგრამ ხვალ რა იქნება? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა უკრაინა ახალი ძალების მობილიზებას და დაეხმარება თუ არა მას დასავლეთი.

- თქვენი კოლეგები ორი კვირის წინ ამბობდნენ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში თავისი ძალების 90% უკვე გამოიყენა.

- მე არ ვიცი, რატომ ამბობს ამას ზოგიერთი ჩემი კოლეგა. პროპაგანდა უკრაინის ხელისუფლების საქმეა, მას ეს საკუთარი ხალხისთვის სჭირდება, მაგრამ ჩვენ სხვაგვარი განსჯა გვმართებს. ახლა არ შეიძლება იმის თქმა, რომ მორჩა, უკრაინა გამარჯვებულია და რუსული აგრესია შეკავებულია. სამწუხაროდ, ასე არ არის. რუსეთი ნელ-ნელა, ბევრი დანაკარგით, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. კრემლში სულ არ ანაღვლებთ ადამიანური დანაკარგი, ერთი მოკლული რუსის ნაცვლად ათს გამოიყვანენ. რუსეთის ხელისუფლებას რამდენიც­ დასჭირდება, იმდენ რუსს წაიყვანს ბრძოლის ველზე და უკან არავითარ შემთხვე­ვაში არ დაიხევს. შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ რუსი ოლიგარქები აჯანყდებიან და ხვალ დილით პუტინი აღარ იქნება, მაგრამ არც ეს არის მოსალოდნელი. ამ ოლიგარქებს სპეცსამსახურები და ჩინოვნიკები მართავენ...

- არც ასეთი უიმედო უნდა იყოს სიტუაცია... უკრაინელმა მებრძოლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ რეგიონში უკვე კონტრშეტევა დაიწყეს.

- კი, დაიწყეს, მაგრამ სერიოზული შედეგი არსად მიუღიათ. მარიუპოლში მოხდა რამე სასიკეთო, ოდესის მიმართულებით შეაკავეს მტერი თუ კიევი განბლოკეს? თუ ასეთი გარდატეხა არ მოხდა, პატარ-პატარა კონტრშეტევებს არსებითი მნიშვნელობა­ არ აქვს, მით უფრო, რომ რუსეთი ხან 30 კილომეტრით მიიწევს წინ, ხან - 10 და 5 კილომეტრით. ნელ-ნელა იკვრება წრე როგორც კიევის ირგვლივ, ისე - დონბასის დაჯგუფებების გარშემო. უკრაინისთვის ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია დასავლეთის დახმარება. მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და სტინგერები საკმარისი არ არის. უკრაინას სჭირდება მძიმე ტექნიკა, შორს მოქმედი საარტილერიო საშუალებები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსებმა ლვოვში ის ბაზა დაბომბეს, სადაც ახალ რეზერვს წვრთნიდნენ. ჩვენნაირ ქვეყნებთან სანქციებზე ძიძგილაობას ის ურჩევნიათ, მსხვილი შენაერთები ნატოს ტერიტორიაზე მოამზადონ და შემდეგ გადაისროლონ უკრაინაში.

- დასავლეთი აცხადებს, რომ ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს.

- გავიხსენოთ ომების ისტორია... ვიეტნამში საბჭოთა კავშირი და ამერიკა დაპირისპირებული მხარეები არ იყვნენ?! მაშინაც ხომ ორივე ბირთვული სახელმწიფო იყო?!

- რა გამოდის, დასავლეთი მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეს საბაბად იყენებს?

- ახლა არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რატომ იკავებენ თავს დასავლელი ლიდერები, მაგრამ უნდა ხვდებოდნენ, რომ ადამიანები აზროვნებენ და რაღაცების გაანალიზებას ახერხებენ. ჩვენი, ქართველების, უბედურება ის არის, რომ არჩევანის საშუალება არ გვაქვს, ვინაიდან მეორე მხარეს რუსეთია, რომლისგანაც ოკუპაციის, აგრესიის, ისტორიის დამახინჯებისა და სეპარატიზმის გაღვივების გარდა არაფერი გველოდება.

- შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთმა უკრაინა გაწირა?

- ცდილობთ, მათქმევინოთ ის, რისი თქმაც არ მინდა... მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვერავინ ვერავის გაწირავს, ყველამ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის ისტორიას თავად უკრაინა დაწერს და არა - რუსეთი. ასეთ შემთხვევაში უკრაინელი ხალხი გააანალიზებს­, ომი სხვებმა მოახვიეს თავზე­, თუ თავად მოიხვიეს. ის გზა, რომელსაც უკრაინელები დღეს გადიან, ჩვენ წლების წინ გავიარეთ. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ გაგვიანალიზებია, რა მოხდა 1992-1993 და 2008 წლებში. შეიძლება ეს არც უკრაინამ გააკეთოს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეული­ ძალები დღესაც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას?

- ეს ცხადია. პირდაპირ ამას არავინ გვეუბნება, მაგრამ... საინტერესოა, ვინ იდგა გავრცელებული ვიდეორგოლების უკან, სადაც სამხედროფორმიანი, შეიარაღებული ადამიანები ქართველებს აფხაზეთსა და ცხინვალში შეჭრისკენ მოუწოდებდნენ. აშკარაა, რომ მავანს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდა, არადა, ეს უკრაინას მაინცდამაინც ვერაფერს შემატებდა, საქართველო კი უკვე მერამდენედ დაზარალდებოდა. ჩვენ 90-იანებში ორი ომი გადავიტანეთ, შემდეგ 2008 იყო, ეს მეოთხე იქნებოდა... თუმცა, ამის გარდა, სხვა ომებიც გვაქვს გადატანილი, რომლებზეც, სამწუხაროდ, არავინ ლაპარაკობს.

- რომელ ომებს გულისხმობთ?

- ძალიან დიდი კონტრიბუცია გავიღეთ საერთაშორისო ოპერაციებში, მოსახლეობასთან შეფარდებით ყველაზე მეტიც კი. ავღანეთი, კოსოვო, ერაყი, აფრიკა - თქვან ერთი ადგილი მაინც, სადაც ქართველები არ იბრძოდნენ. ყველაზე მეტი სისხლი გვაქვს დაღვრილი, საერთაშორისო სანქციებსაც შევუერთდით. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში და, იმედია, მათაც უნდათ ჩვენი­ მიღება. არაფერი გვაქვს დასაყვედრებელი­ და სასაყვედურო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძლივს დავიწყეთ ფეხზე წამოდგომა და ახალი ომი არ გვჭირდება.

- როგორ ფიქრობთ, რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში მაინც თუ მოგვეცემა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საშუალება, ცხადია, მშვიდობიანი გზით?

- დეოკუპაციის საკითხები დახურულ კარს მიღმა უნდა განიხილებოდეს. ამას პოლიტიკური თანხმობა სჭირდება. საქართველოს აქვს გაცხადებული სტრატეგია, რომ ჩვენ მშვიდობიანად უნდა დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, არადა ამ ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა:­ თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, ჩვენ უნდა შევცვივდეთ თუ არა ცხინვალსა და სოხუმში? არა, არ უნდა შევცვივდეთ! ამ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარებაზე იმიტომ კი არ უნდა ვთქვათ უარი, რომ ვინმეს ომის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ გაცხადებულ სტრატეგიას. დანარჩენი, რაც გულში გვაქვს, გულშივე დავიტოვოთ; რასაც გრიფი საიდუმლო ადევს, დავტოვოთ საიდუმლოდ; რაც ყველასთვის დაფარულია, იყოს დაფარული! ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გამოცდილი გენერალიტეტი, კვალიფიციურ მეცნიერთა წრე ჰყავთ. ნახონ, შეისწავლონ, როგორია 2008 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ შექმნილი ვითარება და გააკეთონ დასკვნა, გამართლებულია თუ არა ახლა საქართველოს ომში ჩართვა. ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ შორის - ომსაც. მტერს ომში უნდა შეჰყვე, ან თავად წამო­იწყო ომი მაშინ, როდესაც ეს შენი ქვეყნისთვის იქნება ხელსაყრელი. ახლა ასეთი დრო ნამდვილად არ გვიდგას.

ხათუნა ბახტურიძე