დაიშლება თუ არა რუსეთი?!
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა გააჩინა მოლოდინი, რომ საერთაშორისო დღის წესრიგი იცვლება და ეს რუსეთსაც შეეხება. რა პროცესები დაიწყება რუსეთში, ვინ მოინდომებს გამოყოფას თუ ავტონომიას, ამ საკითხებზე კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ.
- რუსეთში სერიოზული პროცესები უნდა დაიწყოს, აშკარად ჩანს, ის ისეთ წარმატებას ვერ აღწევს, როგორიც დაგეგმილი ჰქონდა და ეს რუსული პოლიტიკის სერიოზული მარცხია. ათასობით ჯარისკაცი დაღუპეს და წინ ვერ წაიწიეს. ეს, ცხადია, შიდა კრიზისს გამოიწვევს; ამას დაემატება არნახული ეკონომიკური სანქციები. 5-6 თვეში რუსეთში სერიოზული პრობლემები გაჩნდება, ამიტომ ყველაზე მეტად მოსალოდნელია, შიდა ელიტამ გადააყენოს პუტინი. არავითარი ჰააგა არ იქნება, ეს გამორიცხულია, მაგრამ როგორც ხრუშჩოვი გადამალეს თავის დროზე, ესეც ისე უნდა ჩამოაშორონ მმართველობას და მოვიდეს ვინმე, თანამედროვედ მოაზროვნე, რომელიც ბოდიშს მოიხდის, იტყვის, რომ ეს იყო შეცდომა და გადაარჩენს რუსულ იმპერიალიზმს. თუ ასე მოხდება, ალბათ, ნელ-ნელა სანქციებიც მოიხსნება და რუსეთი თავის საზღვრებში არსებობას გააგრძელებს. ამ ქვეყნის შიდა რღვევა არც მსოფლიოს აძლევს ხელს, რადგან ეს კოლაფსს გამოიწვევს. მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნება უამრავი პრობლემა, რაც შეიძლება ჩვენც შეგვეხოს. რუსეთში ავტორიტარული მმართველობაა და მათ მუდმივად სჭირდება რაღაც გამარჯვებები, ეს იყო უკრაინაში შეჭრის მიზანიც. ახლა რუსეთი ეცდება, დაიტოვოს ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი და აზოვის მხარე, რაც აიღეს. სამაგიეროდ, უკრაინა გახდება რუსეთისგან დამოუკიდებელი, ანუ მოხდება ის, რაც ჩვენთან მოხდა - არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ იქ რუსეთი აკონტროლებს სიტუაციას. ასეთ შემთხვევაში გააქტიურდება აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საკითხიც, რადგან ეს აღარ იქნება მხოლოდ ქართულ-რუსული პრობლემა, არამედ იქცევა მსოფლიოს პრობლემად. ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ყველა რეზოლუციაში ჩვენც მოგვიხსენიებენ.
- მიუხედავად იმისა, ჩვენ ამ საკითხს გავააქტიურებთ თუ არა?
- ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ამ საკითხს არც ახსენებს და არ ამბობს, რომ რუსეთმა თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს. ისე ვიქცევით, თითქოს ყველაფერი დასრულდა და რაც მოხდა, "ნაცმოძრაობის" ბრალი იყო. ვისი ბრალიც უნდა ყოფილიყო, დღეს კარგი შანსია, ეს თემა ხელახლა შევიტანოთ მსოფლიო დღის წესრიგში. თუ უკრაინა გაიმარჯვებს და, დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს, გვინდა თუ არა, ჩვენი საკითხი მაინც გახდება დღის წესრიგის ნაწილი და ეს იქნება დიდი წარმატება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შევუერთდეთ სანქციებს, თუნდაც სიტყვიერად, რათა შემდეგ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხსნან სანქციები, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს ჯარს და უარს არ იტყვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებაზე. ამ სიტუაციაში ჩვენი ხელისუფლების ასეთი სიჯიუტე გამაოგნებელია. უკრაინას კი არ სჭირდება მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება უკრაინის თემით მხარდაჭერა.
- რუსეთის რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი პროცესების გამწვავება?
- ცოტა ხნის წინ საპროტესტო გამოსვლები იყო ციმბირში, ხაბაროვსკში და, ალბათ ერთ-ერთი აქტიური ეს რეგიონი იქნება. კრემლს ყველაზე მეტად დემოკრატიის ეშინია და თუ რუსეთში დემოკრატიული პროცესები განვითარდება, რღვევა მთელ ქვეყანაში დაიწყება, თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ჩინეთის ფაქტორიც. ის ჭკვიანურად იქცევა, რუსეთს არ უტევს, თუმცა ელოდება მის დასუსტებას. ვლადივოსტოკი პეკინთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოსკოვთან და, ცხადია, ურჩევნიათ, ურთიერთობა პეკინთან ჰქონდეთ, ამიტომ დაიწყება არა მარტო დეცენტრალიზაცია, დეზინტეგრაციაც, ეს კი რუსეთისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცევა. ჩეჩნეთში ასეთი წნეხი რომ არ იყოს, პრობლემები აქამდეც ექნებოდათ. კავკასიაში მოითხოვენ მეტ თავისუფლებას. ჩერქეზეთს აქვს გენოციდის პრობლემა...
- თათრეთში რა მდგომარეობაა? ის ერთ-ერთი აქტიური რეგიონია?
- იქ ეთნიკური ნაციონალიზმის ნიშნები ყოველთვის იყო. გასათვალისწინებელია რელიგიური კომპონენტიც. თავის დროზე საბჭოთა კავშირმა რელიგია აკრძალა და მხოლოდ ეთნიკური ნაციონალიზმი იყო წამოწეული, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი გაჩნდა რელიგიური ნაციონალიზმიც, ამიტომ თათრეთში არსებობს საფუძველი, რომ გაძლიერება მოინდომონ. ამასთან, ეს მდიდარი რეგიონია, ნავთობი აქვთ, მაგრამ სხვა სახელმწიფოსთან საზღვარი არა აქვთ და ასეთ ვითარებაში ძნელია დამოუკიდებლობაზე ფიქრი. გაიხსენეთ, რომ ეს ბოლო რესპუბლიკა იყო რუსეთში, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი არსებობდა და მას ხალხი ირჩევდა. რამდენიმე თვეა, რაც გაუქმდა და ახლა მოსკოვი ნიშნავს... ეს იმიტომ მოხდა, რომ ელიტა იქაც ნაყიდია, როგორც ჩეჩნეთში, თუმცა თუკი რუსეთი დასუსტდება, მაშინ ეს რეგიონები ხელახლა დაიწყებენ თავიანთ უფლებებზე ლაპარაკს. მაინც ვფიქრობ, დეცენტრალიზაციის პრობლემები, უპირველესად, კავკასიაში გამოჩნდება. ჩრდილოეთ კავკასიას საზღვარი აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანთან, თურქეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, მოსახლეობა მუსლიმია, მათი სწრაფვა, გავიდნენ რუსეთიდან და ჰქონდეთ კონტაქტები საზღვარგარეთ, უფრო ბუნებრივია. საქართველო ამ ყველაფერს მზად უნდა დახვდეს...
- ანუ ეს მოძრაობა იქნება ისეთი, რომ შეიძლება რუსეთის დაშლაზე ვილაპარაკოთ?
- ვლადივოსტოკში, მაგალითად, მოსალოდნელია, უფრო ფართო ავტონომია მოითხოვონ. რაც უფრო შორს არის რეგიონი ცენტრიდან, ეკონომიკური მიზანშეწონილობის გამო, იქაურები იყურებიან იქით, სადაც მეტი სიმდიდრეა და მათ ჩინეთი მეტ სიმდიდრეს სთავაზობს. ასევეა, ბაშკირეთი და მორდვეთი, სადაც, ალბათ, იგივე პროცესები დაიწყება, მით უფრო, თუკი თათრეთი მიაღწევს რაღაც წარმატებას. ეს გარდაუვალია და ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთის პირველი მტერი პუტინია. რუსეთში საბჭოთა კავშირის დროს 20-მდე ავტონომია იყო და, რა თქმა უნდა, ყველგან გაჩნდება მსგავსი მოთხოვნები.
- ანუ, შესაძლებელია, დეცენტრალიზაცია ეკონომიკური, ეთნიკური და რელიგიური ფაქტორების საფუძველზე დაიწყოს?
- რა თქმა უნდა, თუმცა მთავარი მაინც ეკონომიკური ფაქტორია. ხალხს უნდა კარგად ცხოვრება, ამიტომ მიდის იქით, სადაც ამის მეტი შესაძლებლობა აქვს და როდესაც ამას ეთნიკური თუ რელიგიური კომპონენტი ემატება, მნიშვნელოვანი პროცესები იწყება. ამ საკითხების წამოწევა ხელს უწყობს ეკონომიკური საკითხების მათ სასარგებლოდ მოგვარებას.
- ამ ყველაფრისთვის არის მზად საერთაშორისო საზოგადოება?
- საერთაშორისო საზოგადოებას ხელს არ აძლევს რუსეთის დაშლა, რადგან შეიქმნება ძალიან რთული ვითარება. ჯერ საბჭოთა კავშირის დაშლაც ვერ გადაიტანეს, თანაც რუსეთს ბელარუსისა და ყაზახეთის პრობლემები წინ აქვს. ახლა ვხვდებით, ყაზახეთიდან ჯარი ასე სწრაფად რატომ გამოიყვანა - რა დროს ყაზახეთი იყო, თურმე უკრაინაში ომისთვის ემზადებოდა! ყველა ხვდება, რომ რუსეთი სუსტდება და როდესაც ბოსი სუსტდება, ყველა ცდილობს, თავისი მიიღოს, ამიტომ არა მარტო რუსეთში დაიწყება ეს პროცესები, არამედ ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაც, რომელიც რუსეთზეა მიბმული, ეცდება, მას ჩამოშორდეს. ყველას ჰყავს დიდი მეზობელი, უპირველესად - ჩინეთი და, ცხადია, რუსეთთან ყოფნას ჩინეთთან ყოფნა ურჩევნიათ. ამიტომ პუტინის ამ უაზრო ქმედებამ, უპირველესად, რუსეთი დააზიანა.
- სამაგიეროდ, ეს ამ რესპუბლიკებისა თუ რეგიონებისთვის იქნება უკეთესი - მათ უჩნდებათ შანსი, დამოუკიდებლობა მოიპოვონ.
- მთლად ასე არ არის. ბევრი მათგანი მიბმულია რუსეთზე და ვფიქრობ, ყველას არც უნდა დამოუკიდებლობა, მხოლოდ უფრო ფართო ავტონომია უნდათ. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების გარდა, მეეჭვება, ვინმეს უნდოდეს რუსეთისგან გამოყოფა. თათრეთშიც კი არ არის ასეთი მარტივი სიტუაცია. იქ ელიტაც გაყოფილია. უმეტესობას ურჩევნია, რუსეთთან იყოს და მეტი უფლება ჰქონდეს, ვიდრე რუსეთს ჩამოშორდნენ. მათ ელცინმა მისცა ავტონომია, მაშინ გუბერნატორებს ირჩევდნენ, ახლა კი კრემლიდან ინიშნებიან. პუტინმა ყველაფერი გაანადგურა, უკრაინის კრიზისის შემდეგ კი შეიძლება ამ რეგიონებში ელცინის დროინდელი სისტემების დაბრუნება მოითხოვონ.
რუსა მაჩაიძე