"არ გამოვრიცხავ, საქმეში ნატოს წევრი სახელმწიფოების ჩარევის მოდელიც მოიძებნოს“
"ბაიდენი არასდროს ყოფილა ასეთი კრიტიკული პუტინის მიმართ“
"ხელისუფლება და ოპოზიცია ასეთ რთულ დროსაც კი პირად თუ პარტიულ ინტერესებზე ფიქრობენ. საერთოდ დაიკარგა, გაქრა სახელმწიფოებრივი ინტერესები, არადა ყველაზე ხშირად ეს სიტყვები გვესმის, ყველა ამ სიტყვებით სპეკულირებს და ჟონგლიორობს", - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ქვეყნის ვითარებას და მთავარ პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირების მიზეზებს ვრცლად განიხილავს.
- ქვეყნის მმართველი გუნდი იმასაც კი ვერ ბედავს, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთი ახსენოს, მთავარი ოპოზიციური ძალა კი მოითხოვს, მთელი მსოფლიოს დასანახავად, ტრანსპარანტებითა და გაშლილი დროშებით გავფრინდეთ უკრაინაში. ეს ორი პოლიტიკური ძალა აბსურდის თეატრს მართავს ქვეყანაში. ძალიან მაინტერესებს ჩვენი ხელისუფლების აზრი იმასთან დაკავშირებით, რაზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება დღეს. ხმას არ ამოვიღებთ და გადავრჩებით? ხომ ვნახეთ, რომ რუსეთი უკრაინაში ყოველგვარი საბაბის გარეშე შეიჭრა?! შენ გაჩუმდები თუ იყვირებ, მისთვის სულერთია, თუ დასჭირდება, მაინც შემოვა, მით უმეტეს, რომ თუ რამე სანქციის ეშინოდა, ყველაფერი უკვე დააკისრეს და რაღა დააბრკოლებს?! იმის მაგივრად, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად ეძებდნენ გამოსავალს, დგანან და ერთმანეთს პრორუსობაში ადანაშაულებენ. როდემდე უნდა იტრიალოს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ამ უბედურებაში?! მოდი, ჩამოვთვალოთ, რა პრობლემებია ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდის ლიდერებმა არ იციან, როდის რა განაცხადონ. როგორ შეიძლებოდა, ირაკლი ღარიბაშვილს იუნკრების საფლავზე ის ეთქვა, რაც თქვა?! რა უნდოდა იმის თქმას, გადაწყვეტილებებს ჩვენი პარტნიორების პოზიციების გათვალისწინებით მივიღებთო?! დღეს ჩვენ მარტო ვერ ვიქნებით, ამის არც ეკონომიკური, არც სამხედრო და არც სხვა ტიპის პოტენციალი გვაქვს.
- მარტო ვერ ვიქნებით, მაგრამ საზოგადოების ნაწილს უკრაინის მაგალითმა აფიქრებინა, რომ მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნაც არ შეიძლება.
- მთელი 30 წლის მანძილზე მესმის, თუ თავისუფლება გვინდა, იმათაც უნდა იბრძოლონ, ფულს რომ გვაძლევენ, იმათ უნდა გააკონტროლონ, ჩვენმა ხელისუფლებამ არ შეჭამოსო და ა.შ. ასეთი აზროვნება, განწყობა, დამოკიდებულება დამღუპველია. რაც შეეხება უკრაინას, ეს ხალხი იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და დასავლეთიც ყველაფრით ეხმარება. Mმე არ მახსოვს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთს ასეთი ერთიანი პოზიცია ჰქონოდა და რამეზე ასეთი სწრაფი რეაგირება მოეხდინა. რუსეთი ახლა ხომ არ გახდა ოკუპანტი? ადრე სსრკ ერქვა, თორემ ადრეც ასე იქცეოდა. მის სინდისზე იყო უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი... მაშინ ის ხალხიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და, სხვათა შორის, მათაც ეხმარებოდა დასავლეთი, მაგრამ ასე აშკარად და დროულად - არასდროს! 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო, პოლონეთის მიმართ სოლიდარობის გრძნობა გაჩნდა და საბჭოთა ჯარი ავღანეთში შევიდა. დასავლეთმა მაშინაც დააწესა სანქციები, მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ მაშინ პროცესი ნელა მიდიოდა. დღეს ძალიან სწრაფად მოახერხა დასავლეთმა მობილიზება. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რაც უფრო დიდხანს გასტანს რუსეთ-უკრაინის ომი, მით უფრო დიდ დახმარებას აღმოუჩენს დასავლეთი უკრაინას. არ გამოვრიცხავ, თუ პროცესი დიდხანს გაგრძელდა, საქმეში ნატოს წევრი სახელმწიფოების ჩარევის მოდელიც მოიძებნოს. მე რომ მკითხოთ, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია, იმიტომ, რომ საქმეში უკვე დასავლური სამყაროა ჩართული.
- გასაგებია, რომ დასავლეთმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ, მაგრამ როგორც ამერიკელი, ასევე გერმანელი, ბრიტანელი და ფრანგი ლიდერები აღნიშნავენ, რომ არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ნატოსა და რუსეთს შორის საომარი მოქმედების დაწყების საშიშროებას შექმნის.
- ამის პასუხად შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ გერმანიამ ესტონეთს გერმანიაში ნაყიდი იარაღის უკრაინისთვის მიწოდება აუკრძალა, დღეს კი თვითონ აწვდის ამ და სხვას იარაღსაც უკრაინას. ბაიდენიც არასდროს ყოფილა ასეთი კრიტიკული პუტინის მიმართ. ამერიკა და ევროპული ქვეყნები რუსეთის მსგავსად ერთი ხელის დაკვრით ვერ მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. დასავლეთში არათუ პოლიტიკური სპექტრი, მოქალაქეებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი სახელმწიფო სწორად იქცევა, ამისთვის კი დროა საჭირო. გერმანელმა უნდა იცოდეს, მას გაზი იმიტომ კი არ გაუძვირდა, რომ ვინმეს რამე აჩუქეს, არამედ იმიტომ, რომ მის თავისუფლებას დაემუქრა საფრთხე.
- ამ დროს როგორ უნდა იქცეოდეს ქართული პოლიტიკური სპექტრი?
- როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია არგუმენტირებულად დაიწყებენ ლაპარაკს, პრობლემებიც ნელ-ნელა გაქრება და რეალობა გამოჩნდება. თუ ხელისუფლება ყველაფერს ხმამაღლა იტყვის, ოპოზიციას აღარც პროვოკაციების საბაბი ექნება, აღარც - სალაპარაკო. ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციას ნუ დაელაპარაკება, ჩვენ, ხალხს დაგველაპარაკოს. ხვალ რომ პუტინი საქართველოში შემოიჭრას, ჩვენ რას ვაკეთებთ, ვართ თუ არა მზად, ან ვემზადებით კი რამისთვის?! არ მესმის ხელისუფლების, როდესაც რომელიმე ოპოზიციონერზე ამბობს, მეხუთე კოლონას წარმოადგენსო. თუ მეხუთე კოლონას წარმოადგენს, დაიჭირე! თბილისის მერი არ უნდა ამბობდეს, ცილს გვწამებენ და ამას არავის გავუტარებთო. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი ასე უნდა ლაპარაკობდეს?!
- პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეცვლილი პოზიციის შესახებ რას იტყვით?
- ზურაბიშვილი დემოკრატიულ ქვეყანაშია გაზრდილი და მეტ-ნაკლებად მაინც ერკვევა, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული პროცესი. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ახლა კრიტიკული მომენტია, ამიტომ საკუთარი კავშირების გამოყენება გადაწყვიტა და გამოიყენა კიდეც, გააკეთა ის, რაც საჭიროდ ჩათვალა. შეცდომა დაუშვა "ქართულმა ოცნებამ", როდესაც ავტორიტარული რეჟიმისთვის მსგავსად მოიქცა და გაურჩებული პრეზიდენტის დასჯა გადაწყვიტა. კიდევ კარგი, მალე მიხვდნენ, რომ იმპიჩმენტზე ლაპარაკი შეცდომა იყო და პოზიცია შეარბილეს.
ხათუნა ბახტურიძე