ანტონ პლესნოი: "ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს და მთელ მსოფლიოს!“ - კვირის პალიტრა

ანტონ პლესნოი: "ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს და მთელ მსოფლიოს!“

"მე არ ვასხვავებ უკრაინელებს და ქართველებს! მხარდაჭერა ჩემი მეორე სამშობლოდან ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანია ჩემთვის და უკრაინისთვის!“

უკვე რამდენიმე წელიწადია, უკრაინელი ანტონ პლესნოი საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ღირსებას იცავს. გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ანტონმა ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოუტანა საქართველოს, 2021 წლის 9 აპრილს კი მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ოქროს სამი მედალი წამოიღო! დონბასში დაბადებულმა სპორტსმენმა ომისა და მშვიდობის ფასი აქამდეც კარგად იცოდა, თუმცა, 2022 წლის 24 თებერვლიდან ყოველდღე ხედავს რუსულ ყუმბარებსა და მათ დატრიალებულ საშინელებას. ანტონ პლესნოის მშობლიურ დნიპროში (ყოფილი დნეპროპეტროვსკი) დავუკავშირდით და, ბუნებრივია, ამჯერად სპორტზე ბევრი არ გვილაპარაკია.

- ანტონ, ომის დაწყებისას სად იყავით?

- დნეპროპეტროვსკში. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მუხლის ტრავმის სარეაბილიტაციო პერიოდს უკრაინაში ვატარებდი. ომის დაწყების დროსაც აქ ვიყავი და ახლაც დნიპროში ვარ.

- რა მდგომარეობაა ამჟამად თქვენს მშობლიურ ქალაქში?

- უკრაინის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, აქ შედარებით სიმშვიდეა. პერიოდულად ისმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა. რუსული ყუმბარები ჩვენთანაც ცვივა და კიდევ ერთი უკრაინელის სიცოცხლე დღევანდელ დაბომბვასაც შეეწირა (ინტერვიუს ჩაწერიდან გასულია რამდენიმე დღე. - რ.შ.). საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში დნიპროს სამხედრო ბაზების მისამართით სროლას მოსახლეობაში დიდი აურზაური მოჰყვა - დაიწყეს პროდუქტის მომარაგება, რამაც დახლები დააცარიელა, თუმცა მომარაგება მალევე აღდგა. მართალია, ახლაც არის ფქვილის, ბურღულეულისა და კონსერვების დეფიციტი, მაგრამ სხვა ქალაქებთან შედარებით უკეთესი ვითარებაა. აი, ფრონტის ხაზზე სიტუაცია გაცილებით რთულია. მაგალითად, მარიუპოლში უკვე რამდენიმე დღეა, მოსახლეობა წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი. დაწერეს, რომ ბავშვიც კი გარდაიცვალა ორგანიზმის გაუწყლოების გამო. მოხალისეები და ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაბომბილი ქალაქებიდან ადამიანები გამოიყვანონ, ან საკვები და წყალი მაინც მიაწოდონ, მაგრამ რუსი ჯარისკაცები ამის საშუალებას არ აძლევენ!

- ვლადიმერ პუტინი ამ "სამხედრო ოპერაციისთვის" დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში ზამთრის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდეგ შეიჭრებოდა. უკრაინელი ხალხიც ემზადებოდა ომისთვის? თუ მაინც არ სჯეროდათ, რომ რუსეთი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას გაბედავდა?

- უკრაინელთა უმეტესობას, მათ შორის - მეც, ბოლო წუთამდე არ გვინდოდა დაჯერება, რომ პუტინი ომს დაიწყებდა. რაც შეეხება უკრაინის სამხედრო ძალებს, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ რუსული არმიის შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად და მტერს მზად დახვდნენ.

rati2-1647812359.jpg

- პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა, თუმცა ომის დაწყების მეოთხე კვირასაც კი ოკუპანტებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. უკრაინელი ხალხი გმირულად იცავს თავს. როგორია მოსახლეობის განწყობა?

- უკრაინელები ძალიან ძლიერი და ამაყი ერია! ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს და მთელ მსოფლიოს! გავაგრძელებთ აგრესორთან ბრძოლას, გავაგრძელებთ ყველა იმ ქვეყნის მხარდაჭერით, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება. ომიანობის ჟამს უკრაინელი ხალხი საოცრად გაერთიანდა. ყველა, ვისაც თუნდაც მცირე სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, ადგილობრივ ქვედანაყოფებში ჩაეწერა, დანარჩენები კი მოხალისეებად მუშაობენ და ეხმარებიან როგორც ჯარს, ისე - მოსახლეობას. მაგალითად, მე და ჩემი მეუღლე შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ლტოლვილებს, ასევე - ცხოველთა თავშესაფრებს...

- დონბასიდან ხართ, სადაც არეულობა რვა წლის წინ დაიწყო და ამჟამადაც ხართ რეგიონში, რომელიც ბოლო წლებში რუსეთის განსაკუთრებულ აგრესიას განიცდის...

- დიახ, უკვე რვა წელიწადია, დონბასში ომი გრძელდება. ჩვენი რეგიონის მოსახლეობა დაიღალა გამუდმებით შიშით ცხოვრებისგან და უფალს მხოლოდ ერთს შესთხოვენ - ომი დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს.

- რუს სპორტსმენებს თითქმის ყველა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა აუკრძალეს. სამწუხაროდ, ურთულეს მდგომარეობაშია უკრაინაც, სადაც სპორტისთვის აღარავის სცალია. ალბათ, ვარჯიშის არც სურვილი გაქვთ და არც შესაძლებლობა...

- რუსი სპორტსმენების მოკვეთა აუცილებელი ნაბიჯი იყო. ყველა აცნობიერებს, რომ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად რუსეთზე ზემოქმედების ყველა ბერკეტია ასამოქმედებელი. რაც შეეხება უკრაინელ სპორტსმენებს, დიახ, უმეტესობას ამისთვის არც განწყობა აქვს და არც - შესაძლებლობა, თუმცა ზოგიერთი ცდილობს, სახლში მაინც შეინარჩუნოს სპორტული ფორმა.

- უკრაინელები არიან საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი და მისი მეუღლეც. ანასტასიას მამა წლების წინ თქვენი მწვრთნელიც იყო. ამჟამად გოტფრიდებიც უკრაინაში არიან. ახერხებთ მათთან დაკავშირებას?

- დიახ, მათ ხშირად ვეხმიანებით. ანასტასია ისევ კიევშია და მცირეწლოვან შვილთან ერთად დროს, ძირითადად, თავშესაფარში ატარებს. კიევის ქუჩებში გასვლა ძალიან საშიშია, რადგან ქალაქი ხშირად იბომბება. თითქმის განუწყვეტლივ ისმის ტყვიებისა და გამაფრთხილებელი სირენების ხმა, თუმცა ანასტასია მხოლოდ ფიცარნაგზე არ გამოირჩევა მტკიცე ხასიათით - ის სპორტული ფორმის შენარჩუნებას ამ უმძიმეს ვითარებაშიც ახერხებს!

- საქართველოში ძალიან განვიცდით უკრაინის ამბებს. გრძნობთ ყურადღებას თქვენი მეორე სამშობლოდან?

- მე არ ვასხვავებ უკრაინელებსა და ქართველებს! მხარდაჭერა ჩემი მეორე სამშობლოდან ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანია ჩემთვის და უკრაინისთვის!

- საქართველოს ნაკრებიდან თანაგუნდელები და მეგობრები გიკავშირდებიან?

- დიახ, ზოგიერთი მეგობარი მწერს და მამხნევებს.

- შარშან, პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, როდესაც თქვენს მშობლიურ დონბასში შექმნილ ვითარებაზე ვლაპარაკობდით, მითხარით, დღეს, როცა ვხედავ, რა ხდება გარშემო, მხოლოდ ერთი რამ მინდა - ომი საერთოდ არ არსებობდესო... ბოლო დღეების განმავლობაში ეს სურვილი განსაკუთრებულად გაგიმძაფრდებოდათ, მაგრამ მხოლოდ ომის დასრულება არ კმარა - უკრაინამ (და მასთან ერთად მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ) უნდა გაიმარჯვოს!

- უკვე რვა წელიწადია, ვხედავ, როგორ იღუპებიან ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ვხედავ და მხოლოდ მშვიდობა მინდა, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ სანამ რუსეთის სათავეში პუტინია, ომის საფრთხე მთელ მსოფლიოს ემუქრება, ამიტომაც უნდა შევძლოთ, რომ პუტინმა დატოვოს თანამდებობა, ან რუსეთს აღარ ჰქონდეს ვინმესთან ომის წამოწყების არავითარი შანსი! სწორედ ეს არის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიზანი: ან რუსი ხალხი ჩამოაგდებს დიქტატორს, ანდა რუსეთს აღარ ექნება სახსრები ამ ომის გასაგრძელებლად.

- რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში სამხედროზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, მათ შორის - არაერთი უკრაინელი სპორტსმენი...

- რომელ სფეროსაც უნდა წარმოადგენდეს, ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი დიდი ტრაგედიაა. ჩვენ საკუთარ სამშობლოს ვიცავთ და იმედი გვაქვს, ეს საშინელება მალე დასრულდება.

- რას გრძნობთ, როცა ახლა უკვე ყოველ წუთს, ყველა ქვეყნიდან გესმით: "Слава Україні! Героям слава!" რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა "გმირი"?

- ეს ლოზუნგი ჩემი სამშობლოს სიძლიერისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა. უკრაინელები ძლიერი, ამაყი და თავისუფალი ხალხია, შეძახილი - "დიდება გმირებს!" - კი არის სიმბოლოც და ხსოვნაც იმ ადამიანებისა, რომლებიც იცავდნენ და იცავენ უკრაინის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას!

- საქართველოში ყოველ ნაბიჯზე იგრძნობთ ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას - ქუჩაში, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული აქციის გამართვით თუ უფასო საცხოვრებლის შეთავაზებით... უკრაინაში მყოფი ანტონ პლესნოი რას ეტყვის საქართველოს, თავის ქართველ გულშემატკივარს?

- საქართველო, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ! ვამაყობ, რომ ამ დიდი ერის ნაწილი გავხდი. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით დგას და აგრძელებს თავისი მოძმე ერის დახმარებას!

რატი შელეგია