განწირული ქალაქი - რუსეთი მარიუპოლს მთელი მსოფლიოს დასაშინებლად დაუნდობლად ბომბავს - კვირის პალიტრა

განწირული ქალაქი - რუსეთი მარიუპოლს მთელი მსოფლიოს დასაშინებლად დაუნდობლად ბომბავს

მე აღარ მჯერა, რომ დღეს 21-ე საუკუნეა. თავი მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში მგონია, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოწინააღმდეგე მხარეები (და არამარტო ჰიტლერის ფაშისტები) დაუნდობლად ბომბავდნენ და მიწასთან ასწორებდნენ ქალაქებს.

ალბათ, ჯოჯოხეთი ის არის, რაც დღეს აზოვის ზღვისპირა, ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ხდება - რუსეთის ავიაცია და არტილერია ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდანაც კი შეუჩერებლად ბომბავს ქალაქის საცხოვრებელ უბნებს. მარიუპოლის ცენტრში, თეატრის შენობის ორ მხარეს, ასფალტზე, უზარმაზარი რუსული ასოებით თეთრი საღებავით დააწერეს: "ბავშვები", მაგრამ მერე რა? ეს წარწერა, რომელიც დედამიწის კოსმოსურ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოებზეც კი ჩანს, „ვერ შეამჩნია“ რუსმა პილოტმა, რომელმაც შენობა არანაკლებ 1 500 კგ კალიბრის საავიაციო ბომბის ზუსტი მოხვედრით სანახევროდ დაანგრია!

თეატრი თეატრად, მაგრამ მის ქვეშ, თავშესაფარში, რამდენიმე ასეული ადამიანი იყო და დაბომბვის მეოთხე დღესაც ყველა მათგანი ჯერ ნანგრევებიდან ამოყვანილი არ არის, რადგან ქალაქის ცენტრი მუდმივად იბომბება და მაშველების ნაწილიც თავდასხმებისას დაიღუპა. და ამ ტრაგედიის ფონზე რუსულ ფაშისტურ პროპაგანდას ჰყოფნის თავხედობა, უკრაინელებს დააბრალოს საკუთარი ქალაქის თეატრის დაბომბვა! ასეთი რამ ჰებელსის პროპაგანდასაც კი არ მოსვლია აზრად!

რატომ ანადგურებს რუსეთის არმია მარიუპოლს ასე დაუნდობლად? იმის მტკიცება, რომ რუს სამხედროებს აზოვის ზღვის სანაპიროს გასწვრივ ოკუპირებულ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაჭრა უნდათ და მარიუპოლი ხელს უშლით, სწორი არ იქნება, რადგან ასეთი გზა უკვე არსებობს ბლოკირებული მარიუპოლის გვერდის ავლით.

450-ათასკაციანი მარიუპოლი 2014 წლის 9 მაისიდან 13 ივნისამდე უკვე ჰქონდათ ოკუპირებული პრორუს დონეცკელ სეპარატისტებს, სანამ ისინი უკრაინის არმიამ ქალაქიდან არ გაყარა. მას შემდეგ, რვა წლის განმავლობაში, მარიუპოლი რუსებსთვალში ეკალივით ესობოდათ და მის მიმართ განსაკუთრებული შურისძიების გრძნობა ამოძრავებთ.

თავიდან მარიუპოლს დაახლოებით 14 ათასი უკრაინელი მებრძოლი და მოხალისე იცავდა, მათ შორის - საქართველოდანაც და დღეს მათ ალყაშემორტყმულ ქალაქში თითოეული შენობისა და ქუჩის შესანარჩუნებლად არათანაბარი ბრძოლა უწევთ. მათი გმირული ბრძოლა საუკეთესო მაგალითს აძლევს სხვა უკრაინული ქალაქების დამცველებს, რაც რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, ბუნებრივია, მიუღებელია.

უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის შემდეგაც კი "სანაქებო“ რუსულმა არმიამ რუსეთის საზღვრიდან სულ 50 კმ-ით დაშორებული ქალაქის დაპყრობა ვერ შეძლო, რაც, რა თქმა უნდა, კრემლს აცოფებს და არ გამოვრიცხავთ, პრეზიდენტ პუტინის პირდაპირი მითითებაც იყოს, რომ მარიუპოლი სამაგალითოდ დაისაჯოს, მიწასთან გასწორდეს დანარჩენი უკრაინისა და მთელი მსოფლიოს დასანახავად.

ძალიან ძნელია ამის აღიარება, მაგრამ დღეს მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს მარიუპოლსა და მის დამცველებს, რადგან უკრაინის არმიის უახლოესი პოზიციები 100 კმ-ით არის გადაწეული, მათ თავდაცვითი ზღუდეების შენარჩუნებაც უჭირთ და მარიუპოლის დამცველთა დასახმარებლად დამატებითი ძალები არ გააჩნიათ. უკრაინის საბრძოლო ავიაციის დარჩენილი თვითმფრინავების მარიუპოლისკენ გაფრენა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, რადგან საზღვრის მეორე მხარეს მდებარე რუსეთის აეროდრომებიდან აფრენილი ავიაგამანადგურებლები თუ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მარიუპოლის თავზე და მიმდებარე რაიონებში ცას აკონტროლებს, ზღვიდან კი ქალაქს რუსული სამხედრო ხომალდები ბლოკავენ.მარიუპოლი შეიძლება რამდენიმე დღე­ში დაეცეს და რუსეთის არმიამ მისი გმირი დამცველებისა და ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება დონბასელი სეპარატისტების, ჩეჩენი, აფხაზი და ოსი „ბოევიკების ხელით დაიწყოს, რისი შემაჩერებელი ძალა დღეს მსოფლიოში, სამწუხაროდ, არ თუ ვერ მოიძებნა.