აუვლის თუ არა გვერდს საქართველოს სომხეთიდან უკრაინაში საბრძოლველად რუსი სამხედროების გადაყვანის მარშრუტი? - კვირის პალიტრა

აუვლის თუ არა გვერდს საქართველოს სომხეთიდან უკრაინაში საბრძოლველად რუსი სამხედროების გადაყვანის მარშრუტი?

რა მოხდება, თუკი რუსეთის გენერალიტეტმა გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან პირადი შემადგენლობის თვითმფრინავებით გადასროლის შემდეგ უკრაინის ფრონტზე ტანკებისა და „გრადების“ გადატანაც მოინდომა - რომელი გზით გაიტანს ის საბრძოლო ტექნიკას სამხრეთ კავკასიიდან?

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის ძალზე აქტუალური გახდა თემა, რომელი გზებით ხვდებიან სამხრეთ კავკასიაში მყოფი რუსი სამხედროები უკრაინის ომში.

რუსეთის არმიას უკრაინის ფრონტზე რომ გაუჭირდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიან დანაყოფებს უკვე თავის უცხოურ სამხედრო, მათ შორის - საოკუპაციო ბაზებშიც აგროვებენ და უკრაინისკენ გზავნიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზებიდან რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დანაყოფების გაყვანის მარშრუტი მეტ-ნაკლებად ცნობილია - გუდაუთიდან სოჭისკენ და ცხინვალიდან ვლადიკავკაზისკენ, რაც ისედაც მრავალჯერ გარემონტებული რუსული მუხლუხოვანი სამხედრო ტექნიკის, უპირველესად კი - ტანკების სავალ ნაწილს ბოლოს მოუღებს და რუსმა გენერლებმა იტეხონ თავი, გამოდგება თუ არა ისინი საბრძოლველად. ისე კი, თავის ეკიპაჟებიანად რაც მეტი საბრძოლო ტექნიკა დაეკარგება უკრაინის მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებს, მით უკეთესი. საკითხავი ის არის, რომელი მარშრუტით გაჰყავთ სომხეთიდან, გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან, რუსი სამხედროები ჯერ რუსეთის ტერიტორიაზე, მერე კი - უკრაინაში.

გიუმრიში თითქმის 5-ათასიანი რუსული სამხედრო კონტინგენტია, რომელიც განაწილებულია ერევან-იუჟნის აეროდრომზე (სადაც 18 რუსული "მიგ-29" ტიპის გამანადგურებელი და შვეულმფრენებია განთავსებული), სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის საკამათო მონაკვეთებზე და ყარაბაღშიც კი. მისი შეიარაღება (მძიმე საბრძოლო ტექნიკა) მოტომსროლელი ბრიგადის შტატის იდენტურია, თუმცა გაძლიერებულია საზენიტო-სარაკეტო და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსებით. გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის არსენალში არის არანაკლებ 74 ტანკი, 165 ჯავშანმანქანა, 84 საარტილერიო დანადგარი და საზენიტო-სარაკეტო სისტემები.

რადგან სომხეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს და მათ შუა საქართველოს ტერიტორიაა, ჩნდება ეჭვი, რომ სომხეთიდან რუსეთში რუს სამხედროებს ქართული ცის გავლით გადააფრენენ.

ასეა თუ არა?

მას შემდეგ, რაც 2020 წლის ყარაბაღის ომში აზერბაიჯანმა, ფაქტობრივად, გაიმარჯვა და სანაცვლოდ დასთანხმდა ყარაბაღში რუსი სამხედროების „სამშვიდობოების“ სახელით დაბანაკებას, ბაქომ თავისი საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო და სამგზავრო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ერევნიდან და გიუმრიდან რუსეთში სწორედ აზერბაიჯანის ცის გავლით მიფრინავენ. მაგალითად, 18 მარტს, თბილისის დროით საღამოს ექვსი საათისთვის, ერევნიდან აფრენილმა სამგზავრო "ტუ-154მ"-მა სევანის ტბის „გადაჭრის“ შემდეგ გეზი განჯისკენ აიღო და გაბალაზე გადაფრენით რუსეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. ამ "ტუს"“ საიდენტიფიკაციო ნომერია ღA-85123, ის 2005 წელსაა დამზადებული და სამოქალაქო ავიაკომპანიის ეგიდით დაფრინავდა, მაგრამ 2016 წელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ბალანსზე გადავიდა და ხშირად დაფრინავს სირიაში, ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ამ "ტუ-154მ"-ს თავისუფლად შეეძლო, სომხეთიდან რუსეთში გადაეყვანა დაახლოებით 180 მგზავრი, მათ შორის - რუსი სამხედროებიც საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით.

ყარაბაღის ბოლო ომამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გიუმრის ბაზაზე სამხედროების როტაციას, ძირითადად, "ილ-76"“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ახორციელებდა, რომლებსაც შორი გზით მოვლა სჭირდებოდათ კასპიის ზღვასა და ირანზე გადაფრენით ერევანსა და გიუმრიში ჩასაღწევად, რადგან ოფიციალურ ბაქოს აკრძალული ჰქონდა ნებისმიერი თვითმფრინავის აზერბაიჯანიდან პირდაპირ სომხეთში გადაფრენა.

samxxx2-1647813485.jpg
რუსული ჯავშანკოლონების გიუმრიდან ოკუპირებული ცხინვალისკენ თბილისის გავლით "გაჭრის" სავარაუდო მცდელობის სრული უგულებელყოფა გამართლებული არ იქნება

რაც შეეხება საქართველოს, 2007 წელს, როდესაც რუსული სამხედრო ბაზები საქართველოდან ოფიციალურად გაიტანეს, რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ საქართველოს გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ლოჯისტიკური უზრუნველყოფისთვის თავის სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით უნდა გაეტარებინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტვირთი და პირადი შემადგენლობა. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამის შესაძლებლობა დაკარგა და ამიტომაც აირჩია კასპიის ზღვასა და ირანზე გამავალი შემოვლითი გზა.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ყველა გადაფრენა, მათ შორის - ტრანზიტული, წინასწარ თანხმდება „საქაერონავიგაციასთან“ და მის დაუკითხავად საჰაერო რეისის შესრულება არავის შეუძლია. თუკი „საქაერონავიგაციისა“ და საქართველოს ხელისუფლების უარის მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით გიუმრიდან მძიმე საბრძოლო ტექნიკის გატანას ჩვენი ქვეყნის თავზე გადაფრენით ეცდება, მაშინ, ალბათ, სხვა მექანიზმები უნდა ამუშავდეს.

რა შეიძლება იყოს ეს სხვა მექანიზმი?

ასეთ დროს ჰაერში გამანადგურებელი თვითმფრინავები ადიან, რომ საჰაერო სივრცის დამრღვევი თვითმფრინავის ეკიპაჟს თავიანთ აეროდრომზე დაჯდომა აიძულონ. საქართველოს თავდაცვის ძალებს შეიარაღებაში ავიაგამანადგურებელი არ ჰყავს, ხოლო "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს ორი ტექნიკური მიზეზის გამო:

პირველი - სომხეთიდან რუსეთამდე პირდაპირი ხაზით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, 160 კმ-მდეა, რომლის გადაფრენასაც რუსული "ილ-76" მხოლოდ ათიოდე წუთს მოანდომებს, რაც არასაკმარისი დროა იმისთვის, რომ ქართველმა პილოტმა მოიერიშე თვითმფრინავის კაბინაში ჩაჯდომა, ძრავების გაშვება, აფრენა და საჭირო ეშელონზე ასვლა მოასწროს.

მეორე - "სუ-25"-ის არაჰერმეტული კაბინის გამო პილოტს არ შეუძლია 10 კმ სიმაღლეზე აფრენა. ამ სიმაღლეზე დიდი რეაქტიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები დაფრინავენ.

მართალია, საბრძოლო მორიგეობაზე მდგარი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, "ბუკების", საშუალებით ქართველ მეზენიტეებს შეუძლიათ 35 კმ-ის რადიუსში 22 კმ სიმაღლემდე დააზიანონ და ჩამოაგდონ ზებგერითი გამანადგურებლებიც კი, ასე რომ, 10 კმ სიმაღლეზე 800-ოდე კმ/სთ სიჩქარით მფრენი დიდი ოთხძრავიანი თვითმფრინავის "დამიწება" არ გაუჭირდებათ, თუკი ბრძანება იქნება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, ალბათ, არ და ვერ გასცემს თუნდაც ქართული ცის უხეშად დამრღვევი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანებას.

ასევე სერიოზული პრობლემა გაჩნდება, თუკი უკრაინის ფრონტზე ძალაგამოცლილმა რუსეთის არმიამ გიუმრიდან მძიმე საბრძოლო ტექნიკის უკრაინისკენ გატანა არა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით, არამედ საქართველოს ტერიტორიის გავლით საავტომობილო ან სარკინიგზო მარშრუტებით სცადა. მაგალითად, ხომ შეიძლება რუსეთის გენერალიტეტმა გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაში სარკინიგზო ეშელონებზე დატვირთული ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორების, საარტილერიო დანადგარების ზუგდიდის სარკინიგზო სადგურამდე მიტანა მოინდომოს, საიდანაც ეს ტექნიკა თავისი სვლით ოკუპირებულ აფხაზეთში გადავა, ისევ სარკინიგზო ეშელონებზე დაიტვირთება და უკრაინის ფრონტზე გაიგზავნება?

ან იქნებ გიუმრიდან საავტომობილო გზით უნაგირა გამწევებზე დადებული რუსული ჯავშანტექნიკის კოლონების თბილისის გავლით ოკუპირებულ ცხინვალში შეყვანა და იქიდან როკის გვირაბით რუსეთში გადაყვანა სცადონ?

ეს ვარიანტები ზოგისთვის შეიძლება ძნელი წარმოსადგენი იყოს, მაგრამ რუსეთის არმიის თავის დროზე საქართველოში და ახლა უკრაინაში შეჭრაც ბევრს ვერ წარმოგვედგინა, ამიტომაც ამ საფრთხის უგულებელყოფა გამართლებული არ იქნება.

კრემლის ბრძანებით სომხეთიდან რუსეთამდე საქართველოზე გავლით საჰაერო და, მით უმეტეს, სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნის ძალით გაჭრის შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას, უნდა თუ არა, მოუწევს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება და ამ დროს უმთავრესი საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ინტერესების დაცვა უნდა იყოს, მაგრამ, იმედია, საქმე აქამდე არ მივა. თვითონ რუსეთსაც არ უნდა უღირდეს სიტუაციის უფრო დაძაბვა, რადგან მას აზერბაიჯანმა სომხეთიდან რუსეთამდე თავისი ცა ისედაც გაუხსნა.