"შეიძლება ეს შედეგი იყოს დაახლოებით იმგვარი, რასაც აპოკალიფსზე გადაღებულ ფილმებში ვუყურებთ ხოლმე"
რუსეთ-უკრაინის ომზე გვესაუბრა კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი:
- ბატონო გიორგი, ჯერჯერობით ნატოს ქვეყნები კონფლიქტში სამხედრო ჩართვის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა ჩვენ ვხედავთ უკრაინის უპრეცედენტო დახმარებას, მათ შორის - იარაღით. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის დაწყებული ომის ხასიათს, იმას, რომ ეს კონფლიქტი ყველაზე მეტად მაინც ღირებულებათა დაპირისპირების მაჩვენებელია, როგორ ფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს, მაინც ხომ არ მოუწევთ დასავლურ ქვეყნებს, ნატოს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამ ეტაპზე, ალბათ, ყველამ - ჩვენც და უკრაინელებმაც უნდა ვცადოთ შექმნილი ვითარების იმ რაკურსით დანახვა, როგორც ამას ხედავენ დასავლელი ლიდერები: ბაიდენი, ჯონსონი, შოლცი თუ მაკრონი. ისინი ვითარებას აფასებენ, როგორც არჩევანს გლობალურ კატასტროფასა და ლოკალურ ტრაგედიას შორის. ეს უკანასკნელი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, ღმერთმა ნუ ქნას და, შეიძლება უკრაინის დამარცხებითაც დასრულდეს, რასაც შესაძლოა სხვა ქვეყნებში მოჰყვეს მძიმე გაგრძელება, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კი არა, მსოფლიოს წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას, ცდილობს, არ გახდეს ამ გლობალური დაპირისპირების მიზეზი, რადგან ამას რა შედეგი მოჰყვება, არავინ იცის.
შეიძლება ეს შედეგი იყოს დაახლოებით იმგვარი, რასაც აპოკალიფსზე გადაღებულ ფილმებში ვუყურებთ ხოლმე.მე მაინც მგონია, რომ დასავლეთი უკრაინის ხელითვე შეეცდება რუსეთის დამარცხებას, ანუ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის იმგვარად გასაძლიერებლად, რომ მან მანამდე შეძლოს მტკიცედ დგომა, ვიდრე პუტინი იძულებული არ გახდება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, თანაც - გაცილებით რეალისტური პირობებით. როგორ გამოვა ეს ყველაფერი, ვნახავთ...
დარწმუნებით ვერავინ იტყვის, სადამდეა წამსვლელი რუსეთი. მიტინგი, რომელიც მოსკოვში ვნახეთ, ჩემი აზრით, იყო ესკალაციის მეორე ფაზაზე გადასვლის ნიშანი, შესაბამისად, შესაძლოა, გამოაცხადოს მობილიზაცია, გააგრძელოს უკრაინული ქალაქების დაბომბვა და ა.შ. თუმცა შეიძლება ვცდებოდე კიდეც.
მოკლედ, იმის ალბათობა, რომ დასავლეთმა ამ მიმართულებით გადადგას რაიმე ნაბიჯი და ნატო ომში სამხედრო თვალსაზრისით ჩაერიოს, ძალიან მცირე მგონია, მით უფრო, რომ უკრაინელები ჯერჯერობით მედგრად დგანან, რუსეთს ძალიან უჭირს წინ წასვლა, თუმცა ბოლო დროს უკრაინულ მხარესაც გამოჩნდა მცირე შეცდომები, მაგალითად, ცოტა გაუგებარი იყო განცხადება, რომ თურმე, რაც ხდება, პოროშენკოს ბრალია, რადგან მისი პრეზიდენტობისას კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ნატოში შესვლის თაობაზე... ეს განცხადებები არ მომეწონა. თქვენს ამ კითხვაზე პასუხის დასკვნისთვის კი გეტყვით, რომ მესამე მსოფლიო ომის ღია ფაზის კონტურები ჯერ არ იკვეთება. დასავლეთი ეცდება, თავისივე ველზე, თავისივე სამეზობლოში დაამთავროს რუსეთი. უკრაინას კიდევ მიაწოდებენ იარაღს. სასურველია, ეს მოხდეს უფრო ინტენსიურად და აქტიურად... წაიკითხეთ სრულად