„ჩააბარებენ თუ არა ძალოვნები ვლადიმერ პუტინს?“ - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

„ჩააბარებენ თუ არა ძალოვნები ვლადიმერ პუტინს?“ - რას წერს უცხოური გამოცემა

სომხური გამოცემა „ლრაგირი“ («Լրագիր»//«Lragir») აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ჩააბარებენ თუ არა ძალოვნები ვლადიმერ პუტინს?“.

„უკრაინის ომმა, რუსეთის სხვა სისუსტეებთან ერთად, მთლიანად გამოააშკარავა როგორც რუსეთის არმიის, ასევე - რუსული ძალოვანი სტრუქტურების „ბრწყინვალება და სიღატაკე“. განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა არმიასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ბოლო დრომდე წარმოდგენილი იყო, როგორც მსოფლიოში ძლიერებით გამორჩეული მეორე არმია, აშშ-ის არმიის შემდეგ.

უკრაინასთან მიმდინარე ომში გამოირკვა, რომ რუსეთის არმიას კონვენციონალური ბრძოლების განხორციელება არ შეუძლია, არ ფლობს ეფექტიან ტაქტიკას, არ აქვს ნორმალური ლოჯისტიკა და ასე შემდეგ. სამხედრო ექსპერტები სწორედ ამით ხსნიან იმას, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქების ე.წ. „ხალიჩისებური დაბომბვის“ გადაწყვეტილება მიიღო, მოსახლეობის წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით.

რასაკვირველია, თავისი როლი შეასრულა კორუფციის პრობლემამ რუსულ არმიაში. უკრაინის ხელისუფლების მიერ მოპოვებული უამრავი ვიდეომასალა ცხადყოფს, რომ რუსეთის არმიის სარდლობამ („სამხედრო ელიტამ“) ამ ომით მოპარული ქონების ჩამოწერა გადაწყვიტა. სხვათა შორის, ომამდეც იყო გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომელთა თანახმად, არმიაში არამიზნობრივად ბოლო დროს ერთი ტრილიონი რუბლია გაფლანგულ-დახარჯული. როგორც ჩანს, ესეც განაპირობებს კუჯუგეტ-ოღლი შოიგუს სწრაფვას, რომ უდიდესი დანაკარგების ფასად, ომი მაინც „გამარჯვებამდე მიიყვანოს“, თუნდაც ამისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება დასჭირდეს.

მაგრამ პრობლემები მხოლოდ არმიით არ შემოიფარგლება. უკრაინის ომმა გამოამჟღავნა, აგრეთვე, რუსეთის დაზვერვის ჭეშმარიტი სახეც, რასაც სამხედრო კამპანიის მსვლელობა ადასტურებს. კერძოდ, უკრაინულმა და დასავლურმა სპეცსამსახურებმა ზუსტად იცოდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გეგმები, თვით დივერსიების მოწყობის ადგილები და დრო. ექსპერტები არ გამორიცხავენ ინფორმაციების სპეციალურად, განგებ „გაჟონვასაც“, რაც შეიძლება უწყებათაშორისო კონკურენციას უკავშირდებოდეს. უკვე დაწყებულია გამოძიება იმ დაპირისპირების მიზეზების გასარკვევად, რომელიც უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და „როსგვარდიას“ შორის გამოვლინდა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიისას მომხდარი ჩავარდნები და მრავალათასიანი დანაკარგები კიდევ უფრო მეტად ამწვავებენ სიტუაციას, რადგან ასეთ დროს დამნაშავე ვიღაც უნდა იყოს, ვიღაცას საბოტაჟი უნდა დაბრალდეს. ექსპერტების აზრით, ჯერჯერობით კრემლი ერიდება შიდადაპირისპირებების „დღის სინათლეზე გამოტანას“ და ამ ეტაპზე ძალოვან სტრუქტურებში ფარულად „წმენდებს“ ახორციელებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ