უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობსერვისის კომპანიებმა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერეს - კვირის პალიტრა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობსერვისის კომპანიებმა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერეს

მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობსერვისის კომპანიებმა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერეს. აღნიშნულ ინფორმაციას Schlumberger-ის და Baker Hughes-ის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

UNIAN-ის ინფორმაციით, Schlumberger რუსეთში დაუყოვნებლივ წყვეტს ყველა ინვესტიციას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს.

როგორც Schlumberger-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლივიე ლე პეშმა განაცხადა, „კომპანია დაუყოვებლივ აჩერებს რუსეთში ახალ ინვესტიციებს ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით“.

„მიმდინარე სიტუაციაზე დაკვირვების შედეგად ჩვენი მომავალი გზა შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ოპერაციებისთვის დაუყოვნებლივ შევაჩეროთ ახალი ინვესტიციები და ახალი ტექნოლოგიები რუსეთში“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ნავთობსერვისის ამერიკული კომპანია Baker Hughes აჩერებს ყველა ახალ პროექტში ინვესტიციების განხორციელების პროცესს. „გადაწყვეტილება Baker Hughes-ის დირექტორთა საბჭოზე იქნა მიღებული", - აღნიშნულია კომპანიის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უკრაინაში მიმდინარე კრიზისი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ გადაწყვეტილებას. ვგმობთ ძალადობას და ვუთანაგრძნობთ დაშავებულთა ოჯახებს“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, ლორენცო სიმონელიმ.

IPN