"ახლა მოწინააღმდეგის მხარეს „ოპერატიული პაუზა“ შეინიშნება და ეს უკავშირდება იმას, რომ რუსეთს შეტევის საშუალება აღარ აქვს" - კვირის პალიტრა

"ახლა მოწინააღმდეგის მხარეს „ოპერატიული პაუზა“ შეინიშნება და ეს უკავშირდება იმას, რომ რუსეთს შეტევის საშუალება აღარ აქვს"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ახლა მოწინააღმდეგის მხარეს „ოპერატიული პაუზა“ შეინიშნება და მიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლები.

„იმ ქალაქებშიც კი, სადაც მოწინააღმდეგემ მისი ძირითადი ძალის კონცენტრირება მოახდინა - მარიუპოლში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, იზიუმში, ვოლნოვახაში, ხერსონსა და მიკოლაევში, მათ ვერ შეძლეს წინ წაწევა. იქ მიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ტაქტიკური ბრძოლები“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი განმარტებით, „ტაქტიკური პაუზა“ უკავშირდება იმას, რომ რუსეთს შეტევის საშუალება აღარ აქვს.

„ყველაზე ცხელი მიმართულებითაც კი უკვე გამოჰყავთ სპორტსმენები, მილიციელები, სასწავლო ცენტრები. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა მოძებნონ სადღაც მინიმუმ 10-20 ბატალიონურ -ტაქტიკური ჯგუფი, რათა მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას, რაც მათ გეგმებშიც კი ძალიან შეზღუდული იქნება. ბრძოლის ველზე კი - არა მგონია, რომ წარმატებას მიაღწევენ“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე კრემლი ცდილობს ბელარუსთან მიდგომის პოვნას, რათა ის ომში ჩართოს და ასევე ეძებს შესაძლებლობას „ფარული მობილიზაციისთვის“.