ვინ არიან "აზოველები", ვისთანაც თვით რუსი „გე-ერ-უშნიკებიც" კი ახლო ბრძოლებში მარცხდებიან... - კვირის პალიტრა

ვინ არიან "აზოველები", ვისთანაც თვით რუსი „გე-ერ-უშნიკებიც" კი ახლო ბრძოლებში მარცხდებიან...

ორი დღის წინ ქალაქ მარიუპოლის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩასაფრების შედეგად აფეთქებული იქნა რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს - „გე-ერ-უს“ სპეცდანიშნულების ბრიგადის სამი ჯავშანმანქანა „ტიგრი“, ხოლო მანქანებში მყოფი რუსი (უფრო კონკრეტულად - ჩრდილოკავკასიელი) სპეცრაზმელები კი - ადგილზე ლიკვიდირებული...

აზოვის ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი, რომელიც დღეს ალყაშია, დაუნდობლად იბომბება რუსული ავიაციის მიერ და ყოველი ქუჩისთვის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს, არ ნებდება - პირიქით, უკრაინის დამცველები კონტრშეტევებზეც კი გადადიან...

მარიუპოლის ქუჩაზე ასე ნაქები რუსული „გე-ერ-უს“ სპეცდანიშნულების ჯგუფი კი უკრაინული „აზოვის“ პოლკის მებრძოლებმა გაანადგურეს ჭკვიანურად მოწყობილი საფარიდან, იმ „აზოვისა“, რომელიც ბოლო 8 წლის ბრძოლების განმავლობაში ერთგვარ ლეგენდად და, ამასთანავე, შეიძლება პუტინის პირად მტრადაც იქცა, იმდენი მტკივნეული დარტყმა მიაყენა რუსეთის არმიის იმიჯს...

„აზოვი“ თავდაპირველად ბატალიონის სახით ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში იმ მოხალისეებისგან ჩამოყალიბდა, ვინც მაღალი პატრიოტული სულით გამოირჩეოდა და ვერ შეეგუა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უბრძოლველად ოკუპირებას და ამის შემდეგ ლუგანსკსა და დონეცკში მოსკოვის მხარდაჭერით ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების გააქტიურებას.

1-1647867389.jpg
„აზოვის“ სიმბოლიკა, რის გამოც მას ფაშისტურად ნათლავს თავად ფაშისტური პუტინის პროპაგანდა

„აზოველებს“ რუსეთში ნეონაცისტებს ეძახიან, მათ შორის - „აზოვის“ სიმბოლიკის გამოც, მაგრამ უკრაინელი ნაციონალების ფაშისტებად მონათვლა პუტინის იმ რუსეთის მიერ, რომელიც ერთიერთზე იმეორებს ჰიტლერის 1939-45 წლების ქმედებებს, რაც მთელმა მსოფლიომ საკაცობრიო დანაშაულად შეაფასა, ცოტა უხერხულია...

„აზოვის“ ბატალიონს, შემდეგ კი - პოლკს, არც ერთი ბრძოლა არ გამოუტოვებია განვლილი 8 წლის განმავლობაში დონბასში და ეხლა ის ფაქტიც, რომ მარიუპოლი მესამე კვირაა, რუსეთის არმიის შეტევებს წარმატებით იგერიებს ოთხივე მხრიდან (მათ შორის, აზოვის ზღვიდან რუსული ხომალდები საარტილერიო ცეცხლს უშენენ ქალაქს), ამ საბრძოლო შენაერთის პირადი შემადგენლობის კარგ საბრძოლო მომზადებაზე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაღალ საბრძოლო სულისკვეთებაზე მიუთითებს.

2-1647867439.jpg
„აზოვის“ მებრძოლები ყოველთვის გამოირჩეოდნენ საუკეთესო შეიარაღებით, აღჭურვილობითა და მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით...

„აზოვს“ არასდროს დაჰკლებია ყურადღება და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შსს-ს ეროვნული გვარდიის სტრუქტურაში ირიცხებოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა შენაერთზე უკეთესი მომარაგება და თანამედროვე შეიარაღება ჰქონდა.

„აზოვის“ მიმართ ასეთ გამორჩეულ ყურადღებას არც პოროშენკოს და არც ზელენსის ხელისუფლებები არ იჩენდნენ, პირიქით - „აზოვს“ ხშირად ჰქონია დაპირისპირებები სახელმწიფოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, მისი მებრძოლების გამომწვევი საქციელის გამო.

„აზოვს“ გულუხვად აფინანსებდა ცნობილი უკრაინელი მილიარდერი-ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, შესაბამისად, კოლომოისკისთან დაპირისპირებული პრეზიდენტი პოროშენკო „აზოვს“ ამ ოლიგარქის პირად არმიად აღიქვამდა და ეტყობა, ცოტათი ეშინოდა კიდეც, რომ „აზოვს“ პოროშენკოს ხელისუფლებისთვის კიევში მორიგი მაიდანი არ მოეწყო.

დღეს „აზოვი“ იწოდება უკრაინის შსს-ს ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთის ოპერატიულ-ტერიტორიული გაერთიანების სპეციალური დანიშნულების ცალკეულ რაზმად, თუმცა მისი პირადი შემადგენლობის საერთო რაოდენობა ეტყობა, ბრიგადისას უტოლდება ან სულაც აღემატება და 3 ათასს კაცს სცილდება.

მარიუპოლს თავიდან არანაკლებ 14 ათასი მებრძოლი იცავდა, რომლებიც უკრაინის არმიის სხვდასხვა დანაყოფებიდან იყვნენ, მაგრამ მათ შორის მაინც გამორჩეულია „აზოვის“ მეომრები, რომლებიც მარიუპოლის თითოეული სახლისთვის სასტიკ ბრძოლას უმართავს რუს ოკუპანტებს.

3-1647867480.jpg
მარიუპოლის ქუჩაზე „აზოველების“ მიერ რუსი სპეცრაზმელებისთვის წართმეული ერთ-ერთი ჯავშანმანქანა „ტიგრი“

„აზოვის“ შემადგენლობაში, უკრაინელების გარდა, სხვა ქვეყნების, მათ შორის - საქართველოს წარმომადგენლებიც საკმაოდ არიან, რომლებიც ოფიციალურად ირიცხებიან „აზოვის“ შტატში ან სულაც უკრაინის მოქალაქეობა აქვთ მიღებული, რათა ისინი არ ჩაითვალონ დაქირავებულ მებრძოლებად, მოწინააღმდეგის მიერ ტყვედ აყვანის შემთხვევაში.

თუმცა რეალურად ეს ნაკლებად იმუშავებს, რადგან რუს სამხედროებს, განსაკუთრებით კი - დონბასელ პრორუს სეპარატისტებს და მათ მხარეს მებრძოლ კადიროვის ჩეჩნებს, ასევე, „ჩვენებურ“ ოს და აფხაზ სეპარატისტებს „აზოველები“ პირად მტრებად ჰყავთ მიჩნეული (იმის გამო, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, „აზოვმა“ მრავალჯერ გაამწარა ეს პრორუსი სეპარატისტები) და ეტყობა, მათ ტყვედ არც აიყვანენ - ადგილზე დახვრეტენ...

ამიტომაც, როდესაც მოსკოვმა უკრაინელებს ულტიმატუმი გამოუცხადა, რომ 21 მარტის დილის 5 სთ-მდე ვინც იარაღს დაჰყრიდა და მარიუპოლიდან გამოვიდოდა, სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, არავინ გამოეხმაურა.

მარიუპოლის გმირმა დამცველებმა, განსაკუთრებით კი - „აზოველებმა“ იციან, რომ რუსებისგან და მათ მიერ „გამოკვებილი“ სეპარატისტებისგან დანდობას არ უნდა ელოდნენ და ამიტომაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე აპირებენ ქალაქის დაცვას...

სამწუხაროდ, უახლოესი უკრაინული სამხედრო ფორმირებები მარიუპოლიდან 100 კმ-ზე შორს იმყოფებიან, თავად უჭირავთ თავდაცვის ზღუდეები და ვერანაირად ვერ დაეხმარებიან მარიუპოლის დამცველებს.

მარიუპოლი ურთულესს მდგომარეობაშია და მას ეტყობა, მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს...