ბელარუსი აცხადებს, რომ უკრაინასთან საზღვრიდან სადესანტო ნაწილები გაიყვანა
ბელარუსი აცხადებს, რომ უკრაინასთან საზღვრიდან სადესანტო ნაწილები გაიყვანა.
ოფიციალური მინსკის ინფორმაციით, „ბელარუსის საზღვრის გარკვეული მონაკვეთის წარმატებული გაძლიერების შემდეგ“ მათი დესანტი დაუბრუნდა მუდმივი განლაგების პუნქტს.
აღნიშნულ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო და გამოცემა MotolkoHelp ავრცელებენ.
„ბრესტის ცალკეული გვარდიის საჰაერო თავდასხმის 38-ე ბრიგადის სადესანტო ნაწილები დაბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის პუნქტში მას შემდეგ, რაც წარმატებით შეასრულეს ბელარუსის საზღვრის ცალკეული მონაკვეთის გაძლიერების დავალება“, - ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გამოცემა MotolkoHelp, რომელიც ბელარუსის სამხედრო ძალების გადაადგილების მონიტორინგს ახორციელებს, აცხადებს, რომ ჯავშანტრანსპორტიორები ბრესტში გადაადგილდებიან, რის გამოც ქალაქში მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
შეგახსენებთ, უკრაინულ მედიაში აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციების შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ომში, შესაძლოა, ბელარუსიც ჩართულიყო.
"ინტერპრესნიუსი"