"დათა თუთაშხიას კონსპირაციის წესები ჰქონდა და ის ასე ჟღერდა: თუ შეხვედრა დაგინიშნეს, ერთი დღით ადრე ან ერთი დღით გვიან უნდა მიხვიდე და ყოველთვის ცოცხალი გადარჩები" - კვირის პალიტრა

"დათა თუთაშხიას კონსპირაციის წესები ჰქონდა და ის ასე ჟღერდა: თუ შეხვედრა დაგინიშნეს, ერთი დღით ადრე ან ერთი დღით გვიან უნდა მიხვიდე და ყოველთვის ცოცხალი გადარჩები"

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დათა თუთაშხიას კონსპირაციის წესებით იმოქმედონ. ამის შესახებ არესტოვიჩი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ მოქალაქეებმა ერთი დღის განმავლობაში არ უნდა გაავრცელონ თავდასხმის შედეგის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა.

არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ ამ ქმედებით მოქალაქეები რუს ოკუპანტებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქმეს ძალიან უადვილებენ.

"ძვირფასო მეგობრებო, პრობლემამ ისეთი სახე მიიღო, რომ იძულებული ვარ აგიხსნათ თუ როგორ უნდა ხდებოდეს ყველაფერი. იყო ასეთი ცნობილი ლიტერატურული გმირი ქართულ ეპოსში, რომელიც წყეულ ცარიზმს წინააღმდეგობას უწევდა - მას დათა თუთაშხია ერქვა. თავის დროზე - კარგ დროს, იყო შესანიშნავი სერიალი. დათა თუთაშხიას კონსპირაციის წესები ჰქონდა და ის ასე ჟღერდა: თუ შეხვედრა დაგინიშნეს, ერთი დღით ადრე ან ერთი დღით გვიან უნდა მიხვიდე და ყოველთვის ცოცხალი გადარჩები. სწორედ ეს წესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს პოზიციებთან ან რუსეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების და ქალაქების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგებთან დაკავშირებით.

მესმის, ყველას სურს, რომ დაუყოვნებლივ გადაიღოს ფოტო ან დაწეროს, რომ, „შეხედეთ, ჩამოვარდა რაკეტა, დაიბომბა ესა თუ ის ადგილი, ღმერთო, რა საშინელებაა“, მაგრამ ამით თქვენ მოწინააღმდეგეს უმსუბუქებთ საქმეს. რა ეტაპებისგან შედგება ცეცხლის გახსნა? ობიექტის განსაზღვრა - გზავნიან ჯაშუშებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, მათ შორის კიევში, ლვოვსა და ივანო ფრანკოვსკში. შემდეგ ხდება დარტყმა და უმნიშვნელოვანესი ეტაპია დარტყმის შედეგების დადგენა. ამის მიხედვით ხდება საბრძოლო მასალის შერჩევა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და თქვენ მის შესრულებას მოწინააღმდეგეს საშინლად უმარტივებთ. ვინც ფოტოს იღებს და აქვეყნებს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო ჯილდო უკვე დაიმსახურა, მადლობა თქვენ ამისთვის. გთხოვთ, ეს აღარ გააკეთოთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

"ინტერპრესნიუსი"