"საზოგადოებამ დღემდე არ იცის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ" - კვირის პალიტრა

"საზოგადოებამ დღემდე არ იცის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ"

"საზოგადოებამ დღემდე არ იცის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებაც, რომელიც რატომღაც ერთგვარ საიდუმლოდ დარჩა: 9 აპრილის ღამეს ჯარისკაცებიც დაზარალდნენ. მათ შორის, ერთ-ერთს ლურსმანჩარჭობილი ფიცარი მოხვდა არტერიაში და კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ სწორედ მისი გადარჩენის გამო, იგორ როდიონოვმა დიმიტრი იაზოვისგან სასტიკი საყვედური მიიღო: - რატომ გადაარჩინეთ? დაე, მომკვდარიყო ის ერთი ჯარისკაცი, სამაგიეროდ, მოგვეცემოდა საბაბი, სამაგალითოდ დაგვესაჯა მომიტინგეებიო! - ასეთი იყო იაზოვის პოზიცია..."

1989 წლის 9 აპრილს საქართველოში დატრიალებულმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა... როდესაც ქვეყნის მაშინდელ პირველ პირს - ჯუმბერ პატიაშვილს ამის გასახსენებლად დავუკავშირდით, გვითხრა, რომ ყველაფერი თავის წიგნში - "ოცდასამი წლის შემდეგ" დაწერა, სადაც მკითხველი დღემდე უცნობ ბევრ ინფორმაციას მიიღებს...

გთავაზობთ ამონარიდს ჯუმბერ პატიაშვილის წიგნიდან...

"... უშიშროების სხდომაზე გადაწყდა, რომ მომიტინგეების დაშლას და მათგან მოედნის გათავისუფლების ოპერაციას ამიერკავკასიის ჯარების სარდალი, გენერალი როდიონოვი უხელმძღვანელებდა, ხოლო მის მოადგილედ საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან დაინიშნა შს მინისტრი - შოთა გორგოძე.

ოპერაციის სქემაში ლაპარაკი არ ყოფილა არანაირ იარაღზე, მით უფრო, მის გამოყენებაზე.

უფრო მეტიც, სქემის მიხედვით, ჯარსა და მომიტინგეებს უშუალო შეხება არ უნდა ჰქონოდათ. მათ შორის უნდა ჩამდგარიყო ქართული მილიცია, რომელიც მომიტინგეებისგან მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას გაათავისუფლებდა. შემდეგ კი ამიერკავკასიის ჯარი აღნიშნულ ტერიტორიას დაიკავებდა.

უშიშროების სხდომის მსვლელობის დროს მაწვდიან ინფორმაციას, რომ არაფორმალების დავალებით, ლენინის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) სატვირთო მანქანებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციები შემოაქვთ, რითაც მომიტინგეები და მათი ლიდერები მიმდებარე ქუჩებსა და სავალ გზებს ხერგავენ.

გორგოძეს ვავალებ, გაარკვიოს სიტუაცია, რის შემდეგაც იგი უშიშროების სხდომას ტოვებს. გასვლის წინ, მას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ და კატეგორიულ დავალებას ვაძლევ:

- იმოქმედეთ ფრთხილად. იცოდეთ, რომ მომიტინგეებსა და ჯარს შორის დაპირისპირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს!

მიუხედავად იმისა, რომ როდიონოვი მარწმუნებს, "ერთი სინიაკის გარეშე" გავათავისუფლებთო მოედანს, ინტუიცია და შექმნილი ვითარება მაინც ავ წინათგრძნობას მიჩენს და ბოლომდე თავს ვიკავებ...

ამჯერად უკვე ვსევოლოდ კოჩეტოვი, რომელიც ხვდება ჩემი ყოყმანის მიზეზს, მომიბრუნდა და მეუბნება:

- თუკი ჩვენ დღესვე არ გავათავისუფლებთ მოედანს მომიტინგეებისგან, ხვალ შესაძლოა საქართველოში სუმგათი განმეორდეს!

ამით ყველაფერი იყო ნათქვამი... უშიშროების სხდომა გადაწყვეტილების მიღებით დასრულდა.

სხდომის დამთავრების შემდეგ კოჩეტოვი და როდიონოვი მიდიან. მე ჩემს კაბინეტში ვბრუნდები, სადაც არ წყდება ინტელიგენციისა და საზოგადო მოღვაწეების ვიზიტები.

ყველა შეშფოთებულია, ყველას რაღაც გაურკვევლის გაუცნობიერებელი შიში აქვს...

თბილისში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება და უმართავი ხდება.

მაწვდიან ინფორმაციას, რომ მომიტინგეები არა მარტო დედაქალაქის, არამედ - რუსთავის დესტაბილიზაციასაც ახდენენ. ისინი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შეჭრას ცდილობენ. იყო სროლაც, რომლის დროსაც დაცვის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. პირადად მიკავშირდება ტელეფონით რუსთავის ქალაქკომის მდივანი და ძალოვნებით დახმარებას მთხოვს.

ერთადერთ იმედად არაფორმალების ლიდერებთან მოლაპარაკებაზე წასული რეზო ჩხეიძე რჩება...

ჩემს კაბინეტში არიან ირაკლი აბაშიძე და რეზო თაბუკაშვილი. რასაკვირველია, ისინიც შეშფოთებულები და მოლოდინის რეჟიმში მყოფნი. ყველანი ველოდებით რეზო ჩხეიძის პასუხს, რომელიც ბოლო შანსი იყო იმისა, რომ მომიტინგეები ყოველგვარი ოპერაციის გარეშე, მშვიდობიანად, საკუთარი ნებით დაშლილიყვნენ და ამით, როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აეცილებინათ.

პირადად მაწვდიან არაფორმალების მხრიდან გაუგონარ, აბსურდულ ულტიმატუმს, რომელიც მალევე საჯარო ხდება და უკვე ტელევიზიითაც გადის.

რეზო ჩხეიძის მოლაპარაკება მომიტინგეებთან და მათ ლიდერებთან უშედეგოდ დასრულდა.

უფრო მეტიც, მათ რეზო ჩხეიძეს განუცხადეს, რომ კატეგორიული წინააღმდეგები არიან ჯუმბერ პატიაშვილთან მოლაპარაკების და ითხოვენ, რომ მათთან მოლაპარაკებაზე კრემლის წარმომადგენელი ჩამოვიდეს.

ჩემთვის დღემდე აუხსნელია - როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ამ ყველაფრის შესახებ ტელევიზიით მოისმინეს, რატომ არ გაუჩნდათ ლოგიკური კითხვები:

რატომ ამბობდნენ არაფორმალები ჩემთან, რესპუბლიკის უმაღლეს ხელისუფალთან შეხვედრაზე უარს და რატომ ითხოვდნენ კრემლის წარმომადგენელთან შეხვედრას მაშინ, როცა მათივე ლოზუნგებით, ისინი კრემლს ებრძოდნენ?

როგორ შეიძლებოდა კრემლს დაეკმაყოფილებინა არაფორმალთა ლიდერების მოთხოვნა - საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა?

ვინ ეგულებოდათ კრემლში ისეთი, ვინც მათ მოთხოვნას მხარს დაუჭერდა?

... და თუ ასეთი მართლაც არსებობდა, მაშინ გამოდის, რომ ამ ყველაფერს, რასაც ქართველი ერის დიდ პროტესტად ასაღებდნენ, უჩინარი "რეჟისორი" სწორედ კრემლში ჰყავდა და პროცესები კრემლიდან იმართებოდა.

ღამით სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.

სატელევიზიო მიმართვები გააკეთეს ინტელიგენციისა და კულტურის წარმომადგენლებმა. საზოგადოებას საჯაროდ მიმართა მილიციის სამმართველოს უფროსმა რომან გვენცაძემ და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

მთავრობის სახლის წინ მომიტინგეთა რიცხვი კი კლების ნაცვლად მატულობდა...

უშიშროების სხდომის შემდეგ როდიონოვი და კოჩეტოვი აღარ მინახავს, ღამის სამ საათზე ვცადე როდიონოვთან დაკავშირება, მაგრამ მან ტელეფონზე აღარ მიპასუხა.

ამის შემდეგ უკვე შოთა გორგოძეს დავურეკე და ვუთხარი:

- სასწრაფოდ დამიკავშირდეს როდიონოვი.

რამდენიმე წუთში მართლაც დამიკავშირდა ამიერკავკასიის ჯარების სარდალი.

- ძალიან ბევრი ხალხია, მთელი რიგი ღონისძიებების გატარების მიუხედავად, მათი რიცხვი, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, კი არ იკლებს, პირიქით, მატულობს... იქნებ გადაგვედო ოპერაციის ჩატარება..., - ვეუბნები როდიონოვს.

- ამჟამად ადგილზე ვიმყოფები. სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება. გაძლევთ გარანტიას, რომ აქციას მშვიდობიანად დავშლით, ისე, რომ მომიტინგეებს ერთი "სინიაკიც" არ ექნებათ, - კიდევ ერთხელ მიმეორებს როდიონოვი.

ამ სიტყვებს 23 წლის შემდეგ პირველად არ ვიხსენებ. 9 აპრილის შემდეგ, მაისში მოსკოვში ჩავედი და კრემლში როდიონოვისა და კოჩეტოვის თანდასწრებით გავიმეორე.

შეთანხმებისა და სქემის მიხედვით ჯარისკაცებს მხოლოდ რეზინის ხელ-კეტები და ფარები უნდა ჰქონოდათ, რომელთაც ასევე მხოლოდ და მხოლოდ მომიტინგეების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გამოიყენებდნენ.

პირველი რამდენიმე დღე იმასაც უარყოფდნენ, რომ ჯარისკაცებს ნიჩბები ჰქონდათ და მსხვერპლის არსებობას იმით ხსნიდნენ, რომ ადამიანები ჭყლეტაში მოყვნენ... რაც შეეხება მხუთავი აირის გამოყენებას, ესეც მოგვიანებით გავიგე. პირველად პროფესორ ვახტანგ ფიფიასგან შევიტყვე, რომ დაზარალებულთა შორის მხუთავი აირით მოწამლულებიც იყვნენ...

იმ დროისთვის კი, ანუ 1989 წლის 8 აპრილის ღამეს, არ მქონდა არანაირი საფუძველი საიმისოდ, რომ გენერლის მიერ მოცემული გარანტიის არ მერწმუნა, მაგრამ ვგრძნობდი, იყო რაღაც ისეთი, რაც მე არ ვიცოდი.

ზოგადი ფონი თანდათან დაიძაბა მომიტინგეები და მათი ლიდერები იმდენად არაადეკვატურად მოქმედებდნენ, რომ გარდაუვალ საფრთხეს უკვე ეჭვითა და გონებით კი არა, სხეულით ვგრძნობდი...

ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი ამოწურულია.

7 აპრილს მე მივმართე საზოგადოებას ტელევიზიით. 8 აპრილს არ შეწყვეტილა სატელევიზიო მიმართვები როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირების, ასევე საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. ყველა გაფრთხილება, ყველა თხოვნა უკვე გამოთქმულია. საზოგადოებამ იცის ისიც, რომ ქალაქში ჯარია შემოსული...

მომიტინგეები კი ბარიკადებს ამაგრებენ, დაშლის ნაცვლად, მათი რიცხვი მატულობს. ისმის არაფორმალთა ლიდერების საზეიმო შეძახილები. ხალხი ტაშს უკრავს, მღერის, ცეკვავს... ყველა თავის სტიქიაშია...

ამ ყველაფრის ფონზე უკვე ცხადი ხდება, რომ ადამიანური შესაძლებლობები ამოწურულია. რჩება მხოლოდ უფლის იმედი...

ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ცნობილი სპორტსმენი და ამავე დროს პოლიციელი, მერაბ ღუდუშაური გავგზავნოთ, რომელიც უწმინდესს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს.

ერთადერთი ხსნა და რეალური იმედი იმისა, რომ ოპერაციის ჩატარებამდე მომიტინგეების დაშლა შესაძლებელი იქნებოდა, ილია მეორის მობრძანება იყო.

არაფორმალები ჩვენ, კომუნისტებს, ათეისტებს გვეძახდნენ, თვითონ კი, მიუხედავად იმისა, რომ აქციებს "მამაო ჩვენოს" წაკითხვითა და ანთებული სანთლებით იწყებდნენ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თხოვნაც არ გაითვალისწინეს.

"მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა, წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს", - ბრძანა დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე აქციაზე მისულმა უწმინდესმა. მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა, ჩვეული ორატორობითა და ემოციური მანიპულაციებით, მომიტინგეებს მოუწოდეს, პატრიარქისთვის არ დაეჯერებინათ!...

წლების შემდეგ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მწერალი დათო ტურაშვილი თავის ისტორიულ რომანში "იყო და არა იყო რა" ასეთ დეტალს იხსენებს: "პატრიარქმა მოგვიწოდა, ქაშვეთში ჩავსულიყავით და იქ გველოცა, რასაც მაშინვე მოჰყვა უარყოფითი რეაქცია და ხალხმა დაიჩოქა, ხმამაღლა თქვა "მამაო ჩვენო" და ანთებული სანთლების სიჩუმე ირაკლი წერეთელმა ომახიანად დაარღვია. აშკარა იყო, რომ ტექნიკა და ჯარი მოედნის მხრიდან ჩვენკენ დაიძვრებოდა, მაგრამ ისიც აშკარა იყო, ჩვენ ვეღარ დავიშლებოდით და მივხვდი, შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა.

ჯერ კიდევ წინა საღამოს (ტანკებმა შესაშინებლად რომ ჩაიარეს), ყოველი შემთხვევისთვის, ორასამდე რკინის მილი (რაღა დასამალია და) ბიჭებთან ერთად ქაშვეთის ეზოში გადავმალეთ. შეტაკებამდე აღარაფერი იყო დარჩენილი და ყველა გავაფრთხილე, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლო რკინების გამოყენება".

ამის შემდეგ ვიღაც რომ იტყვის - პატიაშვილი აქციაზე რომ გამოსულიყო, 9 აპრილის ტრაგედიას თავიდან ავიცილებდითო - იმას ან გონება არ აქვს, ან სინდისი!...

ვინ ვიყავი მე?

ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, კომუნისტი, რომელსაც მომიტინგეები და აქციის ორგანიზატორები, არც მეტი არც ნაკლები, მოწინააღმდეგე მხარედ და პოტენციურ მტრად მიიჩნევდნენ! ემოციებს აყოლილი, ლამის ექსტაზში ჩავარდნილი მომიტინგეები, რომლებმაც უწმინდესს არ დაუჯერეს, ჯუმბერ პატიაშვილს რატომ ან როგორ დაუჯერებდნენ?!

როდესაც ეს წიგნი უდიდესმა რეჟისორმა - რეზო ჩხეიძემ წაიკითხა, დამიბარა და მითხრა, რომ წიგნის მიხედვით ფილმის გადაღება სურდა... მე ცოტა არ იყო შემეშინდა, მაგრამ, მითხრა, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებო და გადაიღო ფილმი - "სიკეთე მაინც მოდის"...

- ბატონო ჯუმბერ, 9 აპრილის შემდეგ, რუსეთი კიდევ დაესხა საქართველოს თავს, ახლა რუსეთ-უკრაინის ომია და რას იტყოდით ამაზე?

- არ მსურს 1989 წლის 9 აპრილი და ახლანდელი უკრაინის მოვლენები ერთმანეთთან დავაკავშირო, მაგრამ ერთს გეტყვით... რუსეთს რომ საქართველოში დასაყრდენი ძალა არ ჰქონოდა, ვერაფერს გახდებოდა. იგივე ხდება უკრაინაშიც...

სახელებზე და გვარებზე ვერ ვისაუბრებ, ადვოკატობა არც ვლადიმერ პუტინს აკლია და არც ვოლოდიმირ ზელენსკის, გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას! პიროვნებებზე რომ საუბარი დავიწყო, 1989 წელს არ იყო ვლადიმერ პუტინი, იყო მიხეილ გორბაჩოვი და შეგიძლიათ მის წიგნს გაეცნოთ, რასაც ჩემზე წერს...

(სპეციალურად საიტისთვის)