რუსეთმა უკრაინა „კინჟალებითა“ და „ბასტიონებით“ პირველად დაბომბა - რას წარმოადგენენ ეს რაკეტები... - კვირის პალიტრა

რუსეთმა უკრაინა „კინჟალებითა“ და „ბასტიონებით“ პირველად დაბომბა - რას წარმოადგენენ ეს რაკეტები...

აერობალისტიკური „ისკანდერის“ და ფრთოსანი „კალიბრის“ რაკეტებით უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების არა ერთი დაბომბვის შემდეგ, რუსეთმა პირველად გამოიყენა „კინჟალისა“ და „ბასტიონის“ სარაკეტო კომპლექსებიც, უკრაინელების წინააღმდეგ.

ამ ბლოგის არა ერთი მკითხველი დაინტერესდა, თუ რას წარმოადგენს ეს რუსული რაკეტები, რამდენად საშიშია ისინი და არსებობს თუ არა მათი ჩამოსაგდები ეფექტიანი საშუალება...

ვეცდები, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილო ბლოგის მკითხველთა ინტერესი.

ჰიპერბგერითი საავიაციო სარაკეტო კომპლექსის - „კინჟალის“ საბრძოლო ნათლობა 2022 წლის 18 მარტს შედგა, როდესაც რუსეთმა უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქში ამ რაკეტით უკრაინული მიწისქვეშა იარაღის საწყობი ააფეთქა. მეორე დღეს,19 მარტს კი, ნიკოლაევის ოლქში, ისევ „კინჟალით“, საწვავის ბაზა გაანადგურა.

„კინჟალი“ რეალურად „ისკანდერის“ მოდერნიზებულ აერობალისტიკურ რაკეტას წარმოადგენს, რომლის სტარტი არა მობილური სახმელეთო სარაკეტო დანადგარიდან, არამედ - ზებგერითი „მიგ-31“-ის ტიპის მძიმე გამანადგურებლის ბორტიდან ხდება.

12-15 კმ-ის სიმაღლეზე ზებგერითი, 2 ათას კმ/სთ სიჩქარით მფრენი „მიგ-31“-იდან სტარტს იღებს „კინჟალის“ რაკეტა, ადის 20 კმ სიმაღლემდე, ავითარებს ჰიპერბგერით სიჩქარეს (14 ათასს კმ/სთ-ზე მეტს) და არანაკლებ 2 ათასი კმ-ის რადიუსში, რამდენიმე მეტრის სიზუსტით ხვდება მიზანს, რომლის დროსაც 500 კგ მასის საბრძოლო ქობინი ფეთქდება...

იმის გამო, რომ „კინჟალის“ რაკეტა აერობალისტიკური ანუ კვაზიბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავს ე.ი. იცვლის ფრენის მიმართულებას, ამასთან, ავითარებს ჰიპერბგერით სიჩქარეს და თავად რაკეტის კორპუსი დამზადებულია „სტელსის“ ტექნოლოგიით (როდესაც რადიოლოკატორებს ძალიან უჭირთ მისი დროულად აღმოჩენა), „კინჟალის“ ჩამოგდება მხოლოდ თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემებით თუ იქნება შესაძლებელი (და ისიც - არაგარანტირებულად), რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას, სამწუხაროდ, შეიარაღებაში არ აქვს.

2-1647932413.jpg
„ბასტიონიდან“ „ონიქსის“ რაკეტის სტარტის მომენტი

მეორე სარაკეტო კომპლექსი, რომელიც, ასევე, პირველად გამოიყენა რუსეთმა უკრაინის დასაბომბად, სანაპირო დაცვის „ბასტიონია“, ოღონდ, „ბასტიონის“ საბრძოლო ნათლობა ჯერ კიდევ 2016 წლის 15 ნოემბერს შედგა, როდესაც სირიაში, ტარტუსის რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზიდან გაშვებულმა „ბასტიონის“ რაკეტებმა სირიის ტერიტორიის სიღრმეში სახმელეთო სამიზნე დააზიანეს.

2022 წლის 19 მარტს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან გაშვებული რუსული „ბასტიონის" რაკეტები კი უკრაინის ოდესის ოლქში, რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრს მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე საბრძოლო გამოყენება სახმელეთო სტაციონარული სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელდა, „ბასტიონი“ რეალურად სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს წარმოადგენს და მისი მთავარი ამოცანაა, მოწინააღმდეგის სამხედრო ხომალდებს სანაპიროსთან მიახლოება და საზღვაო დესანტის გადასხმის ოპერაცია ჩაუშალოს.

სწორედ ამიტომაც იყო, 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსი „მწვანე კაცუნების“ შესევისთანავე, იქ რუსეთმა სასწრაფოდ განათავსა „ბასტიონის“ რამდენიმე სარაკეტო კომპლექსი, რათა ნატოს ხომალდების სავარაუდო მიახლობაც კი გამოერიცხა ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებთან, თუმცა მაშინ ნატოს ჯერ კიდევ „ეძინა“...

3-1647932985.jpg
ზებგერითი „მიგ-31“-ი ჰიპერბგერითი „კინჟალით“

ამ ბლოგის ავტორს „ბასტიონის“ კოპლექსის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის - „ონიქსის“ ახლოდან, დეტალურად გაცნობის საშუალება ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს მიეცა, როდესაც უფულოდ დარჩენილი რუსი კონსტრუქტორები ამ რაკეტის საექსპორტო ვარიანტს, სახელწოდებით - „იახონტი“, ყველას, მათ შორის - ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი სთავაზობდნენ საყიდლად...

ისევე, როგორც ისკანდერი“, „ბასტიონიც" ორი რაკეტის სტარტს ახორციელებს.

„ონიქსის“ 8 მ სიგრძის რაკეტის სასტარტო მასა 3 ტონაა, ის ზებგერითი 2,5-3 ათასი კმ/სთ სიჩქარით 600 კმ-მდე მიფრინავს, თავდაპირველად 14 კმ სიმაღლეზე, მიზანთან მიახლოებისას კი - 15 მ-მდე ეშვება და რადიოლოკაციური თვითდამიზნების სისტემის გამოყენებით ზუსტად ხვდება ხომალდს, რა დროსაც რაკეტის 300 კგ მასის საბრძოლო ქობინის ინიცირება ხდება.

ისევე, როგორც, „ისკანდერსა“ და „კინჟალს“, „ონიქსსაც“ უყენდება ბირთვული ქობინი, ფუგასურისა თუ კასეტურის ნაცვლად.

„ონიქსის“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპით მოქმედებს და შეუძლია ჰორიზონტს მიღმა მცურავი წყალზედა ხომალდის ზუსტი დაზიანება, თუმცა ამ მიზნით ის რეალურ საბრძოლო სიტუაციებში რუს ადმირალებს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ.

„ონიქსის“ ხომალსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიარაღებული „ბასტიონის“ სანაპირო დაცვის კომპლექსები შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ხომალდების უმთავრეს მტერს წარმოადგენენ, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სარდლობასაც კარგად მოეხსენება და შემუშავებული აქვს სახომალდო მრავალფუნქციური საბრძოლო საინფორმაციო-სამართავი სისტემა - „იჯისი“ - ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებთან ბრძოლის მეტ-ნაკლებად ეფექტიანი მოქმედების მექანიზმი.