რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადება - კვირის პალიტრა

რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადება

ომის ოცდამეშვიდე დღეა და უკრაინა გმირულად უმკლავდება ოკუპანტს. უკვე ჩანს, რომ რუსეთს უჭირს, ძალზე უჭირს. ამას ცოცხალი ძალისა და შეიარაღების დანაკარგთან ერთად, რუსეთის დეზინფორმაციული ოპერაციების მიმართულების შეცვლაც ადასტურებს. 16 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა (შეიძლება პირდაპირ “ოფიციალური სამხედრო დეზინფორმატორიც” ვუწოდოთ), გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა: “უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, დასავლეთის მხარდაჭერით, ამზადებს პროვოკაციას მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პროვოკაციის მიზანია, რუსეთის დადანაშაულება უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. რუსულ ქვედანაყოფებს არ აქვთ და არ შეიძლება ჰქონდეთ ქიმიური საბრძოლო მასალა, რადგან რუსეთი, აშშ-ისგან განსხვავებით, დიდი ხანია, ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს ასეთი იარაღის ყველა მარაგის სრული განადგურებით”.

ამ განცხადებაში რამდენი წინადადებაცაა, იმდენი - ტყუილია. რუსეთს შერჩა სირიის ქალაქებში ქიმიური იარაღის გამოყენება და ახლა იგივე დანაშაული უკრაინაში უნდა გაიმეოროს და ამისთვის ნიადაგს ამზადებს. აშშ-ის ადმინისტრაციამ, დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენჯერმე გააფრთხილა უკრაინის ხელისუფლება, რომ რუსეთი გეგმავს ქიმიური იარაღის გამოყენებას და ამ დანაშაულის უკრაინისთვის გადაბრალებას. არა ერთხელ და ორჯერ არ გაუკეთებია რუსეთს ამგვარი ტრიუკი?

რუსეთის “ოფიციალური სამხედრო დეზინფორმატორის” განცხადებიდან ყველაზე დიდი ფარისევლობა იმის მტკიცებაა, რომ ვითომდა, რუსეთმა ქიმიური იარაღის ყველა მარაგი დიდი ხანია, რაც გაანადგურა. ვფიქრობ, პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან რამდენიმე დადასტურებული ფაქტის გახსენებაც საკმარისი იქნება, რომ დარწმუნდეთ, თუ როგორ იყენებენ რუსული სპეცსამსახურები ქიმიურ იარაღს. ჯერ გასული საუკუნის 90-იანი წლები გავიხსენოთ.

ქიმიური იარაღის გამოყენების პირველი დადასტურებული შემთხვევა რუსეთში, დაახლოებით, ოცდაათი წლის წინ დაფიქსირდა და მას, სავარაუდოდ, კრიმინალური საფუძველი ჰქონდა. 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბანკირი ივანე კიველიდი იყო. ის 1949 წელს სოხუმში დაიბადა, შეძლებული ბერძენი ვაჭრის ოჯახში, თუმცა მისი ოჯახი მალე გადაასახლეს ყაზახეთის სტეპში. ნიკიტა ხრუშჩოვის “ოტეპელმა” კიველიდების ოჯახს სულზე მიუსწრო და საცხოვრებლად ისინი კვლავ სოხუმში დაბრუნდნენ. ცხრამეტი წლის რომ გახდა კიველიდი, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. დიდი გაჭირვებით არჩენდა ოჯახს. „პერესტროიკას“ უცებ აუღო ალღო და მოსკოვში პატარა კაფეები გახსნა. 1991 წელს ჩამოაყალიბა „როსბიზნესბანკი“, გამოსცემდა გაზეთებს: „კომერსანტსა” და „ვეკს“. 1993 წელს კახა ბენდუქიძესთან ერთად დააარსა გაერთიანება „რუსეთის ბიზნესმენთა „მრგვალი მაგიდა“.

kivelidi-1647935186.jpg
ივანე კიველიდი

1990-იანი წლების შუა პერიოდში კი კიველიდი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოლიგარქი და მედიამაგნატი გახდა. თუმცა ყველაფერი 1995 წლის 1 აგვისტოს დასრულდა, როცა უგონო მდგომარეობაში მყოფი 46 წლის ივანე კიველიდი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმების პირველი და მტკიცე დიაგნოზი ინფარქტი იყო. დიაგნოზში ეჭვს არავინ შეიტანდა, მიცვალებულსაც ჩვეულებრივ დაკრძალავდნენ, რომ არა ერთი გარემოება.

მეორე დღეს, 2 აგვისტოს, იმავე საავადმყოფოში პირდაპირ ოფისიდან მიიყვანეს კიველიდის პირადი მდივანი ახალგაზრდა ქალბატონი ზარა ისმაილოვა, რომელიც ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა. 3 აგვისტოს ბანკის ოფისში მისული გამომძიებლები კი იმდენად ცუდად გახდნენ, რომ მათ გადასარჩენად ექიმების ჩარევა გახდა საჭირო. ივანე კიველიდიმ 4 აგვისტოს გონზე მოუსვლელად დალია სული. სწორედ ამის შემდეგ დაეჭვდნენ ექიმები: ხომ არ იყო ამ ტრაგედიის მიზეზი უცნობი ნივთიერებით მოწამვლა. ამიტომ გვამები რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრში გადაასვენეს. საბოლოოდ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ზემონახსენები პიროვნებები უძლიერესი სინთეტიკური, ფოსფორშემცველი მომწამვლელი საბრძოლო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად იყვნენ გარდაცვლილები. ამ შხამის მთავარი თავისებურება არის ის, რომ მოწამვლის სიმპტომები გულის ინფარქტის სიმპტომებს წააგავს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კიველიდის კაბინეტში ტელეფონი დამუშავებული იყო ამ ძლიერმოქმედი შხამის რამდენიმე წვეთით. ექსპერტების განცხადებით, შხამის გადატანა შეიძლება ჩვეულებრივი ამპულით და ადამიანის მოსაკლავად ერთი წვეთიც კი საკმარისია. ეს შხამი ორგანიზმში აღწევს როგორც ჩასუნთქვით, ასევე - კანზე მოხვედრის შემდეგაც. წვდომა ამ ქიმიურ იარაღზე მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ. ივანე კიველიდის მკვლელობაში მისი ბიზნესპარტნიორი ვლადიმერ ხუციშვილი დაადანაშაულეს და ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

თუ ეს შემთხვევა კრიმინალურ ისტორიას წააგავს, სულ მალე ქიმიური იარაღის გამოყენება რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ხელწერა გახდა. 2000 წელს, პუტინის რუსეთის ხელისუფლების სათავეში მისვლით, დასაბამი მიეცა “სახელმწიფო ტერორს” და ერთ-ერთი მსხვერპლი ლონდონში მცხოვრები რუსი ეროვნების ემიგრანტი - ალექსანდრე ლიტვინენკო იყო. საბჭოთა კა-გე-ბეს სამხედრო კონტრდაზვერვისა და შემდეგ რუსეთის ეფ-ეს-ბეს ოპერატიული თანამშრომელი, პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე ლიტვინენკო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როდესაც 1998 წლის 20 მარტს ცნობილ ბიზნესმენ-პოლიტიკოს ბორის ბერეზოვსკისთან მივიდა და განუცხადა, რომ ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელობამ მას და კიდევ რამდენიმე თანამშრომელს ბერეზოვსკის ლიკვიდაცია დაავალა. ამ ინფორმაციამ, რომელსაც რამდენიმე თვის შემდეგ ხმაურიანი პრესკონფერენცია მოჰყვა, უდიდესი სკანდალი გამოიწვია რუსულ და უცხოურ მასმედიაში. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო - რუსეთის სპეცსამსახური გეგმავდა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, ყოფილი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, შემდეგ კი - დსთ-ის აღმასრულებელი მდივნის ლიკვიდაციას.

ლიტვინენკოს მიერ პირდაპირი ბრალდების გასაჯაროების შემდეგ რუსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე კი აღძრა, მაგრამ ცხრა თვის მანძილზე ხელი არ გაუნძრევია. სწორედ ამის შემდეგ, 1998 წლის 13 ნოემბერს ბერეზოვსკიმ გაზეთ “კომერსანტში” ძალზე კრიტიკული წერილით მიმართა ეფ-ეს-ბეს მაშინ ახლად დანიშნულ შეფს – ვლადიმერ პუტინს.

1998 წლის 17 ნოემბერს ეფ-ეს-ბეს ხუთმა ოფიცერმა: ვიცე-პოლკოვნიკმა ლიტვინენკომ, პოლკოვნიკმა შებალინმა, მაიორებმა შჩეგლოვმა და პონკინმა, ასევე - უფროსმა ლეიტენანტმა ლატიშონოკმა მოსკოვში, პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ დავალებული ჰქონდათ ბერეზოვსკისს და ეფ-ეს-ბეს ყოფილი ოფიცრის - ტრეპაშკინის ლიკვიდაცია.

litvinenko-1647935264.jpg
საბედისწერო პრესკონფერენცია. ლიტვინენკო მარჯვნიდან პირველია

ამის საპასუხოდ პუტინმა ნადირობა დაიწყო ჯერ ლიტვინენკოზე, შემდეგ კი - თავად ბერეზოვსკიზე. 1999 წლის მარტში ლიტვინენკოს ხელოვნურად სხვა საქმე “შეუკერეს” და “ლეფორტოვოში” უკრეს თავი. ის მხოლოდ ათი თვის შემდეგ, ბორის ბერეზოვსკის დიდი დახმარებით, გაათავისუფლეს გაუსვლელობის ხელწერილით. ამის შემდეგაც პროვოკაციები ლიტვინენკოს წინააღმდეგ არ შეწყვეტილა. ამის გამო, 2000 წლის ნოემბერში ის ფარულად გაემგზავრა ლონდონში და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. აქედან იწყება ლიტვინენკოს ღია ბრძოლა რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ. 2001 წლის ზაფხულში მან გამოსცა წიგნი - “ეფ-ეს-ბე აფეთქებს მოსკოვს”, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია მსოფლიოში, რადგანაც რუსეთში 1998-2000 წლებში მომხდარ ტერაქტებში ლიტვინენკომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი - პუტინი და რუსეთის სპეცსამსახურები პირდაპირ დაადანაშაულა. ამის შემდეგ ლიტვინენკო პუტინის პირადი მტერი გახდა. რუსეთის დიქტატორი კი წყენას არავის ჰპატიობს და ყოველთვის სასტიკ შურისძიებას გეგმავს. ასე მოხდა ლიტვინენკოს შემთხვევაშიც.

ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წლის 1 ნოემბერს ლონდონში რადიოაქტიური ნივთიერება “პოლონიუმ-210”-ით (ეს ერთ-ერთი უიშვიათესი რადიაციული ნივთიერებაა და მისი მიღება ურთულესი საქმეა) მოწამლეს – რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ჩაიში ჩაუსხეს, რის შედეგად ის 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

litvinenko-2-1647935320.jpg
ალექსანდრე ლიტვინენკო ლონდონის საავადმყოფოში

დიდი ბრიტანეთის “სქოთლანდ-იარდის” გამომძიებლები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ მთავარი ეჭვმიტანილების - ანდრეი ლუგოვოისა და დიმიტრი კოვტუნის მათთვის გადაცემის საკითხში. უფრო მეტიც, მკვლელობაში ეჭვმიტანილები რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი (ყოფილები არ არსებობენო, ნათქვამია) ოფიცრები საერთოდ დაკითხულებიც კი არ არიან. რუსეთის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილებისთვის სასჯელის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა. მთავარი ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგოვოი სასწრაფოდ რუსეთის სათათბიროს (პარლამენტის) წევრად აირჩიეს. ისინი დღემდე დაუსჯელნი არიან.

აქ არ შეიძლება რამდენიმე სიტყვა დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების შესახებაც არ ვთქვათ. ლიტვინენკო რუსეთის სპეცსამსახურების ნადირობის ობიექტი რომ იყო, ეს მრავალი წელი ყველასთვის იყო ცნობილი. ამ პირობებში "მი-5"-ის (კონტრდაზვერვის) ხელმძღვანელობას განსაკუთრებული ყურადღება (უპირველესად, მკაცრი გარე მეთვალყურეობა და ფარული მოსმენები) და სიფრთხილე უნდა გამოეჩინა ლიტვინენკოს უსაფრთხოების დასაცავად. ამ პირობებში კი, მართლაც რა საოცარი ბედოვლათობა და დოყლაპიობა უნდა გამოიჩინოს დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვამ, რომ დღისით-მზისით რუსეთის სპეცსამსახურების რამდენიმე თანამშრომელმა ლონდონის ცენტრში მოახდინოს ლიტვინენკოს ლიკვიდაცია. უფრო მეტიც, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ამ ტერაქტის იარაღი, რადიაციული ნივთიერება - "პოლონიუმ–210" იმდენად საშიშია გარეშე პირებისთვის, რომ შეშფოთება გიპყრობს, როცა შესაძლო შედეგებს წარმოიდგენ.

ქიმიური იარაღის ქვეყნის გარეთ ტრანსპორტირება და ლიტვინენკოს მკვლელობა პუტინის ნებართვის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. 2021 წლის 21 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობა დიდ ბრიტანეთში ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლაზე და რუსეთს ლიტვინენკოს ქვრივისთვის 100 000 ევროს გადახდა და სასამართლოს ხარჯების (22 500 ევრო) კომპენსაცია დააკისრა.

სასამართლო დაეთანხმა 2015 წლის ბრიტანული გამოძიების დასკვნებს და დაადგინა, რომ ლუგოვოი და კოვტუნი ლიტვინენკოს მოწამვლისას რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ. თითქოსდა სამართალმა იზეიმა, თუმცა უკმაყოფილების განცდა, მგონი, ყველას მაინც გვაქვს: ძალზე დიდი დრო - 15 წელი (!!!) მოუნდა სიმართლის დადგენას და, რაც მთავარია: არც უშუალო შემსრულებლები (ანდრეი ლუგოვოი და დიმიტრი კოვტუნი) და არც შემკვეთნი, პუტინის მეთაურობით, დასჯილნი ჯერ კიდევ არ არიან.

(პირველი ნაწილის დასასრული)