"ვლადიმერ პუტინს უკრაინელი ერის მამად დაიმახსოვრებენ" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინს უკრაინელი ერის მამად დაიმახსოვრებენ" - რას წერს უცხოური გამოცემა

ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს ინტერვიუს ცნობილ ფილოსოფოსთან, პოლიტოლოგ ფრენსის ფუკუიამასთან, რომელშიც იგი, სხვა თემებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც საუბრობს. ინტერვიუ გამოქვეყნებულია სათაურით - "ვლადიმერ პუტინს უკრაინელი ერის მამად დაიმახსოვრებენ" (ესაუბრება ჟურნალისტი სემ ლეითი).

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მასმედიაში უკრაინის თემაზე საუბრებში ხშირად გვესმის, რომ „ახლა კრიტიკული მომენტია - ჩვენ ვხედავთ ტირანიასთან და ავტოკრატიასთან ლიბერალიზმის ომის ფრონტის ხაზს“. თქვენ როგორ მიგაჩნიათ - ეს სწორი გამოთქმაა? თვლით თუ არა თქვენ უკრაინელებს იდეისთვის მებრძოლებად? ისინი საკუთარი თავის პატივისცემისთვის, იდენტურობისათვის, საკუთარი ეროვნულობისა და სამშობლოს გრძნობით იბრძვიან?

- ვფიქრობ, ჩვენ მოწმენი ვართ სიტუაციისა, როცა ამ ყველაფრის მცირე ნაწილები, ერთად აღებული იგულისხმება. ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში უკრაინის საკითხებს საკმაო დროს ვუთმობ, უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს. მათგან არც ერთი არ აძლევს უპირატესობას რომელიმე ზემოთ ხსენებულ ფაქტორს. ყველა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. უკრაინელებმა გააცნობიერეს, რომ ისინი თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრობენ, მათ შეუძლიათ ხელისუფლების კრიტიკა, შეუძლიათ ყველაფერზე ილაპარაკონ. მათ თავიანთი დემოკრატიული გარემოს დაცვა სურთ. მათ არ სურთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ეს ყველაფერი წაართვას. ამიტომაც ისინი პატრიოტულად იცავენ თავიანთ სუვერენიტეტს. ეს არის ბრძოლა უმაღლესი იდეალებისათვის. ეს არის ბრძოლა არა მარტო უკრაინისათვის, არამედ, ზოგადად, ლიბერალური დემოკრატიისათვის. დღეს უკრაინელები ებრძვიან იმას, ვისაც ლიბერალური დემოკრატიის პროცესის უკუსვლა სურს - იმ პროცესისა, რომელიც 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან დაიწყო.

ომამდე უკრაინაში კორუფცია დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რომლის მიზეზი ის იყო, რომ ეკონომიკის დიდ ნაწილს ექვსი თუ შვიდი ოლიგარქი ფლობდა. ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის პროდუქტები არიან. ახლა ამ [ოლიგარქულ] სტრუქტურებს საფუძველი მოეშალათ. დღეს უკრაინელი ერის დაბადების მოწმენი ვართ, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა, რუსეთის თავდასხმა რომ არ მომხდარიყო. ამჟამად ყველა ოლიგარქი გაქცეულია, ხდება მათი ქონების კონფისკაცია ან განადგურება.

- რუსების მიერ?

- დიახ, რუსების მიერ. მაგალითად, ოლიგარქ რინატ ახმეტოვის ქონება, რომელიც მას აღმოსავლეთ უკრაინაში აქვს, ფოლადსადნობი [მეტალურგიული] ქარხნის სახით, ამჟამად რუსების მიერ დაბომბვით არის განადგურებული. რუსული არმიის თავდასხმამდე რინატ ახმეტოვი პრორუსულად განწყობილი ოლიგარქი იყო, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ იგი რუსეთის მიმართ არავითარ სიმპათიას აღარ ამჟღავნებს - იმის გათვალისწინებითაც, რაც რუსებმა ხარკოვში და აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რუსულენოვან ტერიტორიაზე ჩაიდინეს.

ვფიქრობ, რომ უკრაინის საზოგადოებაში ომამდე არსებული განხეთქილება შეიცვალა ეროვნული ერთიანობის საოცარი გრძნობით, ვლადიმერ ზელენსკისა და თავისუფალი უკრაინის იდეის ირგვლივ. ასე რომ, როცა ომი დასრულდება, ვლადიმერ პუტინს ისე დაიმახსოვრებენ, როგორც უკრაინელი ერის „მამად“, [რომელმაც ხელი შეუწყო უკრაინელი ერის ჩამოყალიბებას].

- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მანამდე, სანამ იგი ომის გმირი გახდებოდა? რამდენად მტკიცედ იყო იგი დაკავშირებული ოლიგარქებთან? იყო თუ არა პრეზიდენტი ოლიგარქების გავლენის ქვეშ? მართავდა თუ არა იგი სახელმწიფოს ოლიგარქების ნებართვით?

- ვლადიმერ ზელენსკი, სხვა უკრაინელი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ოლიგარქებზე შედარებით ნაკლებად იყო დამოკიდებული. პრეზიდენტად არჩევის დროს იგი დაკავშირებული იყო იგორ კოლომოისკისთან. არსებობდა ეჭვი, რომ ვლადიმერ ზელენსკი მისი სახელით სარგებლობდა და მოქმედებდა. ვფიქრობ, როცა იგი პრეზიდენტად აირჩიეს, მან დაამტკიცა, რომ ეჭვები სინამდვილეს არ წარმოადგენდა - ოლიგარქები შეეცადნენ პრივატიზების პროცესის გასაჩივრებას, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ. საინტერესო ის იყო, რომ არჩევნების დროს ვლადიმერ ზელენსკი კანდიდატი-აუტსაიდერი იყო სხვა კანდიდატებთან შედარებით, რომლებიც უფრო მეტად წარმოადგენდნენ ოლიგარქთა ინტერესებს, მაგრამ მოსახლეობამ სწორედ აუტსაიდერს მისცა უპირატესობა. ვლადიმერ ზელენსკი არც ერთ კორუმპირებულ ელიტასთან არ იყო დაკავშირებული. როცა იგი პრეზიდენტად აირჩიეს, იმავე ოლიგარქებმა მისი პარტიის დეპუტატების მოსყიდვა სცადეს... მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი თავისუფალია ოლიგარქული კონტროლისაგან.

- ამრიგად, თქვენი აზრით, ვლადიმერ ზელენსკის არჩევა უკრაინის პრეზიდენტად, პირველ რიგში, ლიბერალიზმისა და კანონის უზენაესობის მაგალითს წარმოადგენს?

- დიახ, უდავოდ. ეს არის დემოკრატიის დამსახურებაც. ასეთი რამ რუსეთში სრულიად შეუძლებელია.