"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ნატოს წევრი არ ვართ, შესაბამისად, ჯარით არავინ დაგვეხმარება" - კვირის პალიტრა

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ნატოს წევრი არ ვართ, შესაბამისად, ჯარით არავინ დაგვეხმარება"

დასავლელი პოლიტიკური ლიდერები და ანალიტიკოსები უკვე ცალსახად საუბრობენ იმის შესახებ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ რუსეთი საქართველოსაც მოუბრუნდება. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ირწმუნება, რომ რუსეთის შემდგომი სამიზნე საქართველო და მოლდოვაა. მისი ვერსიით, პუტინის გამარჯვება გახდება დაშინების ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე და ამასთანავე, ეს იქნება მწვანე შუქი ავტოკრატებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

რა შემთხვევაში ემუქრება საფრთხე საქართველოს - უკრაინაში რუსეთის მარცხის თუ გამარჯვების შემთხვევაში, როგორია ჩვენს ქვეყანაში არსებული შიდა და გარე საფრთხე, ამის შესახებ ანალიტიკოსები ვახტანგ ძაბირაძე და თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე:

- ჩემი შეფასებით, საქართველოს მთავარი საფრთხე დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრია. როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია სრულიად აცდენილია რეალობას და არაადეკვატურად მოქმედებენ. ქვეყნის მმართველი გუნდი ვერ ბედავს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთი მოიხსენიოს, წამყვანი ოპოზიციური ძალა კი მოითხოვს, მთელი მსოფლიოს დასანახავად, გაშლილი დროშებით გავფრინდეთ უკრაინაში. ორივე პოლიტიკური ძალა აბსურდის თეატრს აწყობს. დღემდე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება განპირობებული იყო დასავლეთის მხარდაჭერით. მე არ ვიცი, დღეს რას ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, თუ რაზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება - ხმას არ ამოვიღებთ და გადავრჩებით? რისგან გადავრჩებით ან რის ფასად გადავრჩებით?! ხომ ვნახეთ, რომ რუსეთი უკრაინაში ყოველგვარი არგუმენტის გარეშე შეიჭრა?! არც საქართველოში შემოსაჭრელად დასჭირდება საბაბის მოძებნა, შენ გაჩუმდები თუ იყვირებ, მისთვის სულერთია, თუ პუტინს თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის დასჭირდება, მაინც შემოიჭრება. მით უფრო მას შემდეგ, რაც დასავლეთმა უკვე ყველა სანქცია დაუწესა, რისი დაწესებაც შეეძლო, მცირე დაბრკოლებაც კი აღარ აქვს.

- ასეთ მოცემულობაში როგორ უნდა მოქმედებდეს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური სპექტრი?

- პოლიტიკურმა სპექტრმა, პირველ რიგში, ყველა პრობლემატური საკითხი სერიოზულად უნდა განიხილოს. არასწორია, როდესაც მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებებს არასერიოზულად მიიჩნევს და ამბობს, რომ არ განიხილავს. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს არის პარტიული მიდგომა. ნებისმიერი პრობლემა უნდა გახდეს საჯარო, ვინმემ იცის, რა სანქციებზეა ლაპარაკი?

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- მიჭირს ამის თქმა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა საშუალოზე დაბალია. დღეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერები ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსებს, რომლებსაც ქვეყანაზე ნამდვილად შესტკივათ გული ან თავად აქვთ ნამდვილი პოლიტიკის კეთების სურვილი, ვერ ვხედავ. უბრალოდ, ვერ ვხედავ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ანუ მთელი 30 წლის განმავლობაში მესმის საუბრები - თუ ჩვენ თავისუფლება გვინდა, ამერიკამ და ევროპამაც უნდა იბრძოლონო; საზოგადოებაშიც მოისმენთ ასეთ პრეტენზიების - ევროპა და ამერიკა ფულს რომ გვაძლევს, თან უნდა გააკონტროლონ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არ შეჭამოსო. ასეთი აზროვნებით, განწყობით და დამოკიდებულებით შორს ვერ წავალთ.

თორნიკე შარაშენიძე:

- დღეს არსებული მოცემულობის ფონზე, ძნელია ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეების შეფასება, თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინაში ძალიან ხშირად იცვლება მოცემულობა. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ მოსკოვი ამ ომიდან ყველა შემთხვევაში დასუსტებული გამოვა. სრულ მარცხს არ ველი, იმიტომ, რომ რუსულმა არმიამ უკრაინის გარკვეული ტერიტორია უკვე დაიკავა, ამასთან კიევმაც დაიწყო ნეიტრალიტეტზე საუბარი. პუტინს შეუძლია უკრაინას წაართვას ხერსონი, მარიუპოლი, მარიუპოლიდან გაჭრას გზა ყირიმისკენ და ეს გაყიდოს გამარჯვებად. სამწუხაროდ, დღეს მარიუპოლი ალყაშია. ალყა კი ისეთი რამეა, რაც უნდა მაგრად იბრძოდე, საჭმელი, იარაღი გამოგელევა და ადრე თუ გვიან, იძულებული გახდები, დანებდე.

- ალბათ, ასეთი გამარჯვება საკმარისი არ იქნება პუტინის საკმაოდ შერყეული რეიტინგის ასამაღლებლად. ორ წელიწადში რუსეთში არჩევნებია, პუტინს კი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პატარ-პატარა, ადვილად მოსაგები ომების წამოწყება სჩვევია. აქედან გამომდინარე, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ჩვენ?

- რთული სათქმელია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოძვრება მოსკოვი რუსეთ-უკრაინის ომიდან. კი, ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ შეუძლია პუტინს ხერსონისა და მარიუპოლის საშუალებით გაიფორმოს გამარჯვება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს გაფორმება იოლი არ იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელები ტერიტორიის დათმობაზე არ თანხმდებიან, ალბათ, კიდევ ბევრი ზარალი უნდა მიიღოს უკრაინამ, რომ დათმობაზე წავიდეს. ჯერჯერობით ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა. ჩვენ ჯერ ისიც არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი - რამდენიმე თვეში, თუ მთელი წელი გაგრძელდება. სამწუხაროდ, რუსების მიერ დასავლეთისთვის წაყენებულ ულტიმატუმში უკრაინასთან ერთად საქართველოც იყო მოხსენებული. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რუსეთს საქართველოშიც დასალაგებელი აქვს სიტუაცია, უბრალოდ მისთვის უკრაინა გაცილებით მნიშვნელოვანია.

- წესით, რისთვის უნდა ემზადებოდეს ახლა საქართველოს ხელისუფლება?

- ნამდვილად არ მშურს ახლა საქართველოს ხელისუფლების. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ნატოს წევრი არ ვართ, შესაბამისად, ჯარით არავინ დაგვეხმარება. რუსეთი კი გვეუბნება, ან აცხადებთ ნეიტრალიტეტს, ან შენ თავს დააბრალე რაც მოგივა. ნეიტრალიტეტს ვერ გამოაცხადებს, რაც არ უნდა ძალიან უნდოდეს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია ქვეყნის მთავარი ამოცანაა. ვერც რეფერენდუმით შეძლებს ამ საკითხის მოგვარებას. თუ დაიწყებს რუსეთთან მოლაპარაკებას, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ამას ღალატად მიიჩნევს და სამოქალაქო არეულობა დაიწყება.

- რუსული პროპაგანდის გაძლიერების ფონზე, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას გამორიცხავთ?

- მე ვერ ვხედავ გაძლიერებულ რუსულ პროპაგანდას.

- „ალტ-ინფოს“ შეუზღუდავ საქმიანობაზე რას იტყვით?

- განა მაგათ რა გავლენა აქვთ?! მით უფრო მაშინ, როდესაც მაგათ საპირწონედ 6, 7 ბობოლა არხია, უზარმაზარი ბიუჯეტებით.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)