"ვისურვებდით, გვენახა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს პარლამენტში" - რას აცხადებს რადას დეპუტატი? - კვირის პალიტრა

"ვისურვებდით, გვენახა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს პარლამენტში" - რას აცხადებს რადას დეპუტატი?

ვისურვებდით, გვენახა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს პარლამენტში, როგორც მან ეს გააკეთა ევროპის არაერთი ქვეყნის პარლამენტში, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მარია მეზენცევამ "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი არ ითამაშებს დესტრუქციულ როლს ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

"ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიემართა საქართველოს პარლამენტისთვის. შეიძლება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხის დაყოვნებას ან რეაქციის დაყოვნებას თავისი მიზეზები ჰქონდეს და ამ მიზეზებს თავი დავანებოთ, მაგრამ მე მახსოვს, როგორ მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოედანზე შეკრებულ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ ვნახეთ მხარდამჭერი მსვლელობები, რაც უზარმაზარი იყო, ასევე, ახლახან სტრასბურგში შევხვდით კოლეგებს საქართველოდან და მათ დაგვანახეს მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, გვენახა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს პარლამენტში, როგორც მან ეს გააკეთა ევროპის არაერთი ქვეყნის პარლამენტში და ვიმედოვნებ, ეს არ შეასრულებს დესტრუქციულ როლს ჩვენს ურთიერთობებში“, - განაცხადა მარია მეზენცევამ.

"ინტერპრესნიუსი"