"ევროკავშირი ყველაფერს იღონებს, რათა გათავისუფლდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან, მაგრამ..." - რას აცხადებს გერმანიის კანცლერი? - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი ყველაფერს იღონებს, რათა გათავისუფლდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან, მაგრამ..." - რას აცხადებს გერმანიის კანცლერი?

ევროკავშირი ყველაფერს იღონებს, რათა გათავისუფლდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან, მაგრამ ჯერჯერობით, მასზე საბოლოო უარის თქმას ვერ შეძლებს. ამის შესახებ დღეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან რაც შეიძლება სწრაფად თავის დაღწევის შესახებ, რისთვისაც საჭიროა ინფრასტრუქტურის აშენება და მომწოდებლებთან შეთანხმების გაფორმება. მისი თქმით, თუკი შესაძლებელი გახდება დივერსიფიკაციის მიღწევა ძალიან სწრაფად, ეფექტიც ავტომატურად დადგება.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ მეგობრებთან ერთად, შემოიღო მასობრივი და ძალიან კარგად მომზადებული სანქციები, რომლებიც არასოდეს შემოღებულა ასეთი დიდი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც უკვე აქვს ეფექტი და დღითიდღე უფრო დრამატული იქნება.

ამავდროულად, მისი თქმით, დგას ამოცანა, რომ ეს ინსტრუმენტები უფრო მართვადი გახდეს, ანუ მათი ეფექტის მინიმიზება მოხდეს დასავლეთის ქვეყნებისთვის.

მთლიანობაში, შოლცი მაღალ შეფასებას აძლევს ევროპული კავშირის და ტრანსატლანტიკური პარტნიორების პოზიციას და ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირი მაშინ მიაღწევს რაიმეს, როდესაც ერთად იმოქმედებს - ევროკომისია, ევროპარლამენტი და წევრი ქვეყნები“.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პოლონეთის წინადადებაზე - რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან და „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვაზე, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ „ეს საკითხი ამ სტრუქტურებში შემავალი ქვეყნების ხელშია“.

ოლაფ შოლცმა რუსეთის ლიდერს კიდევ ერთხელ მოუწოდა, "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და უკრაინის ტერიტორიიდან დამპყრობელი ჯარი გაიყვანოს“.

მისივე თქმით, "აუცილებელია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა“.

"ინტერპრესნიუსი"