ნემრუთ-დაღის აისი - მითიურ ღმერთებთან შეხვედრა
თურქეთის ტური დასასრულს უახლოვდება. სიმუსების რაზმმა გემრიელი ლუკმა ბოლოსკენ მოვიტოვეთ და გაზიანთეფის მუზეუმიდან გეზი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ავიღეთ... მითიურ ღმერთებთან შესახვედრად. ნემრუთის მთამდე ანუ ნემრუთ-დაღამდე, რომელიც ანატოლიის რეგიონის ადიამანის პროვინციაში მდებარეობს, გრძელი გზა უნდა გაგვევლო და შესვენებასაც ვერსად მოვასწრებდით - ღმერთების სავანეში მზის ამოსვლას უნდა შევგებებოდით.
.jpg)
თამთა ჭანტურიამ გვიამბო, ამ ადგილას ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საგანგებოდ მოდიან, იქვე ათენებენ და აღმოსავლეთ ტერასაზე აისს ხვდებიან, დასავლეთ ტერასაზე კი მზის ჩასვლას უყურებენო. თავად მას ნემრუთის დაისი ჰქონია ნანახი და ახლა აისის სილამაზის გაზიარებას ჩვენთან ერთად აპირებდა. ნემრუთის ძირში, საოჯახო სასტუმრომდე ღამის 2 საათზე ძლივს მივაღწიეთ. საკუთარ თავს არ ვჩიოდით, ოღონდ ჩვენს შტურმან ზვიად ჩიტაურს ცოტათი მაინც გამოეძინა, თორემ შინისაკენ გზის გაგრძელება ძალიან გაგვიჭირდებოდა. სასტუმროში 2 საათით წავთვლიმეთ და მართლაც ვიყოჩაღეთ: დილის 5 საათისთვის ნემრუთის მთის ღმერთების საბრძანებელში მოსახვედრი ბილეთების 13-13 ლირაც გადახდილი გვქონდა, სუსხიანი უგრძესი აღმართიც - ავლილი და უკვე მთის წვერზე, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე, აღმოსავლეთით, საგანგებოდ ტერასებად გაკეთებულ კიბეებზე სხვა ტურისტებთან ერთად ვისხედით მზის სხივების მოლოდინში, ზურგს კი გასაოცარი „მავზოლეუმი“ გვიმშვენებდა...
.jpg)
ჩვ. წ. აღ-მდე II საუკუნეში ნემრუთ-დაღი კომაგენის სამეფოს მიეკუთვნებოდა და თავდაპირველად პატარა სირიულ–ხეთური ქვეყანა იყო, ჯუჯა სახელმწიფო. მართალია, სახელმწიფო კი იყო პატარა, მაგრამ მმართველები ჰყავდა ძალიან ამაყები და შეუვალები.
.jpg)
ძვ. წ. 69-34 წწ. მისმა მეფემ, ანტიოქე I-მა ყველა გააოცა - შექმნა საკუთარი „რელიგია“, თავის თავს კი ღმერთი უწოდა. მეფე-ღმერთმა აქ თავისთვის განსასვენებლის აშენება დაიწყო და იქაურობა უზარმაზარი ქანდაკებებით შეამკო, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მშენებლობა შეწყდა,
.jpg)
თუმცა ანტიოქემ თავი მაინც უკვდავჰყო - 1881 წელს ნემრუთ-დაღი ინჟინერმა გერმანელმა კარლო რესტერმა აღმოაჩინა, დღეს კი იქაურობას მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან სტუმრობენ, ხოლო 1987 წლიდან მწვერვალზე არსებული არქეოლოგიური ძეგლები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
.jpg)
განსასვენებელი კომპლექსის ცენტრი წარმოადგენს მწვერვალის თხემზე ქვებით აგებულ ყორღანს, რომლის სიღრმეში აკლდამაა ანტიოქე I-ის ნეშტით.
იგი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის დიდი ტერასებით, რომელთა წინ სხვადასხვა ზომის, მათ შორის - უზარმაზარი, დაახლოებით 10 მეტრამდე სიმაღლის ქანდაკებებია. სწორედ აქ „ბინადრობენ“ ღმერთების იდუმალი ქვის ქანდაკებები თავისი ტახტრევნებით.
.jpg)
ოდესღაც ეს ფიგურები მჯდომარე ქანდაკებები ყოფილა და მათზე თითოეული ღმერთის სახელი იყო ამოკვეთილი.

ამ ეტაპზე ქანდაკებები ცალ-ცალკე დგას. როგორც იქვე გვითხრეს, ძლიერმა მიწისძვრამ ღმერთების ტახტრევნები, ასევე - თავი და ტანი გააცალკევა. ანტიოქე ამბობდა, ეს ღმერთების მშობლიური სახლია და სწორედ აქ სხედან ისინი ზეციურ ტახტზეო. აღმოსავლეთის და დასავლეთის „პანთეონებს“ თავსა და ბოლოში არწივი და ლომი ამშვენებს, არწივს მეფე ანტიოქე მოჰყვება, შემდეგ - კომაგენის ქალღმერთი, მათ მოსდევენ ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი და მისი შვილები - აპოლონი და ჰერაკლე.
.jpg)
მზის ამოსვლის სანახაობა კი მართლაც ენით აუწერელია „ღმერთების მთაზე“: ნელ-ნელა ჯერ ცისკიდურს ეკიდება "ცეცხლი", მერე მზის სხივები რკალისებრ იპყრობს უკანა გორას, შემდეგ კი - ქვის ქანდაკებები ნათდება, თანმიმდევრულად... ოღონდ ამას საკუთარი თვალით უნდა უყურო, სხვაგვარად ნემრუთულ აისს ვერ შეიგრძნობ.

მზეს ვერ ველეოდით, ძლივს მოვწყდით, გორას შემოვუარეთ და უმზეო დასავლეთის ტერასის "ღმერთებიც" მოვინახულეთ. არ ვიცი, როგორია ნემრუთული დაისი, მაგრამ აისმა რომ გულებში ცეცხლი დაგვინთო, ფაქტია!

ემოციებით დახუნძლულები გამოვემგზავრეთ შინისკენ და შესაძლო ტერაქტების თავის ასარიდებლად (იმხანად სირიის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა) შემოვლითი გზით - ევფრატის ხეობის ულამაზესი სერპანტინებით დავეშვით და მშვიდობით დავბრუნდით საქართველოში.
წინ კი ჩემი ზურგჩანთიდან ახალი წერილები გელით, ახალი მოგზაურობებითა და თავგადასავლებით...
ბლოგში გამოყენებული ყველა ფოტო ეკუთვნის ავტორს