"დედა, არ მინდა, რომ მოვკვდე, ჯერ ძალიან პატარა ვარ" - 7 ტყვიით მოკლული 6 წლის მაქსიმის სულისშემძვრელი ამბავი - კვირის პალიტრა

"დედა, არ მინდა, რომ მოვკვდე, ჯერ ძალიან პატარა ვარ" - 7 ტყვიით მოკლული 6 წლის მაქსიმის სულისშემძვრელი ამბავი

ძალიან პატარა ვარ იმისთვის, რომ მოვკვდე თქვა 6 წლის მაქსიმმა... რამდენიმე საათის შემდეგ პატარა ბავშვმა სიცოცხლე რუსი აგრესორების ხელით დაასრულა, ცხედარი საავადმყოფოს იატაკზე ესვენა ... 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი...

უკრაინული ოჯახის ტრაგიკული ისტორია გამოქვეყნებულია ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ვებგვერდზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს:

როდესაც 6 წლის მაქსიმ ფრანკოს ოჯახი სახლიდან გასაქცევად ემზადებოდა, დედას უთხრა, რომ ძალიან ეშინოდა:

- დედა, არ მინდა, რომ მოვკვდე, ჯერ ძალიან პატარა ვარ.

- რას ამბობ შვილო, არაფერი მოხდება!

მშობელთან საუბრის შემდეგ, რამდენიმე საათში პატარა, უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა, დედამიწა შეშინებულმა დატოვა, თითქოსდა, ამას გული წინასწარ უგრძნობდა...

გარკვეული პერიოდი პატარა მაქსიმის სხეული კიევის საავადმყოფოს იატაკზე, მუყაო გადაფარებული ესვენა, მოგვიანებით კი ოჯახის დაუსწრებლად დაკრძალეს.

23032022-1453-1648033064.48_REC.png

დღეს მოგიყვებით უდანაშაულო ბავშვზე, რომელიც პუტინის აგრესიას შეეწირა...

მაქსიმის დედამ, ანა ჩეჩელნიცკამ მომხდარი ინციდენტის დროს, თავის მძიმე დაზიანება მიიღო, დღეს მისი მდგომარეობა სტაბილურია. ორშაბათს Daily Mail-მა ფსიქოლოგიურად განადგურებულ მშობელთან ინტერვიუ ჩაწერა. უკრაინელ ქალბატონს სურდა, რომ მთელ მსოფლიოს გაეგო მისი შვილის არსებობის შესახებ, თუ რამდენად ბედნიერები იყვნენ, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა. უნდოდა სახალხოდ ეთქვა, თუ რა დაემართა პატარა ოჯახს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად.

23032022-1453-1648032966.24_REC.png
13 წლის ალინა, მაქსიმის და - Jamie Wiseman for The Daily Mail

31 წლის ანა ორ შვილთან (6 წლის მაქსიმი და 13 წლის ალინა) ერთად კიევის გაჭირვებულ უბანში ცხოვრობდა, მუშაობდა დამლაგებლად და არსებულ მძიმე პირობებს ორი პატარა ანგელოზის გვერდში დგომით უმკლავდებოდა. დედის თქმით, მიუხედავად ასაკისა, მაქსიმი დიდი ადამიანივით აზროვნებდა:

„6 წლის იყო, თუმცა უფროსი ადამიანივით ფიქრობდა, შეძლებისდაგვარად, მეხმარებოდა, ალაგებდა ოთახებს, რეცხავდა ჭურჭელს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ კლასში იყო, საშინაო დავალებასაც კი ჩემ გარეშე ამზადებდა“.

მოგვიანებით კი რუსები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ...

„როდესაც ყველაფერი დაიწყო, ბიძაჩემმა შემომითვალა, რომ ჩემი ოჯახით ირპინში, მასთან ჩავსულიყავი და ეს მძიმე პერიოდი ერთად გადაგვეტანა (მოგვიანებით ეს ადგილი ფრონტის წინა ხაზად იქცა), თუმცა იქ დაბომბვა დაიწყო და აღარ წავედი. მაქსიმს, ალინასა და ვოვოს (მაქსიმის 13 წლის ბიძაშვილი) ძალიან ეშინოდათ. ქალაქის დატოვება და დასავლეთ უკრაინაში, კერძოდ, რევნეში, ჩემს ნათესავებთან წასვლა გადავწყვიტე. ბიძაჩემმა ლურჯი "ლადით" მოგვაკითხა, მაქსიმმა მისი ზაზუნა „ბოდია“ და თეთრი კატა „სნიაჟკა“ (თოვლს ნიშნავს) წამოიყვანა, ბავშვები უკან დასხდნენ, მაქსიმი კი დედის კალთაში იჯდა.

„ორი უკრაინული სამხედრო საგუშაგო მშვიდობით გავიარეთ, გზა გავაგრძელეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავცდით თუ არა, მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ოლექსანდრს (ბიძას) პირველი ტყვია მოხვდა და მაშინვე გარდაიცვალა, მე თავში, უფრო ზუსტად, ყურთან ახლოს მესროლეს, ალინას ტყვია მარცხენა მუხლსა და მარჯვენა ხელზე მოხვდა, მაქსიმს რომ გავხედე უკვე მკვდარი იყო. მანქანიდან გადმოვედი, ჩემს შვილთან მივირბინე და ვყვიროდი მანამ, სანამ გონება არ დავკარგე.

როდესაც გონზე მოვედი, ადამიანების ხმა მესმოდა, ისინი ჩემს სიახლოვეს ტრიალებდნენ, ვიღაცას სასწრაფო დახმარება გამოუძახებია, 25 წუთში მოვიდნენ და კიევის ჰოსპიტალში გადაგვიყვანეს. მიუხედავად ჭრილობებისა, პატარა ალინა მშვიდად იყო... ისიც კი არ ვიცი, რატომ გვესროლეს, მანქანის შუშები გამჭვირვალე იყო, ხედავდნენ, რომ ავტომობილში ქალები და ბავშვები ისხდნენ, თან ოლექსანდრსაც სწრაფად არ მიჰყავდა.

საავადმყოფოში გატარებულ პირველ დღეს ვერავის დაველაპარაკე, ალინასაც კი. ჩემი დაჭრილი შვილიც კი მოვიშორე, არ მივცემდი არავის უფლებას, რომ დავემშვიდებინე, მთელი ხმით ვყვიროდი, თუ სად იყო ჩემი ბიჭი, პასუხს არავინ მცემდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მორგში დამიბარეს, რათა მაქსიმის გვამი ამომეცნო, მის წინ ვიდექი და ვხედავდი, რომ 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი“

ინციდენტიდან 10 დღის შემდეგ ანა ლვოვის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და თავიდან ტყვია ამოუღეს, ახლა ის ალინასთან ერთად რევნეში, ძმის სახლშია.

მაქსიმი მაშინ დაკრძალეს, როდესაც დედამისს საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

„ჩემი შვილი მამაჩემის გვერდით ყოფილმა მეუღლემ დამარხა, რეალურად, ჩემი ბიჭი მეორე ქმრისგან მყავდა, თუმცა მან (პირველმა ქმარმა) ჩემთვის ეს გააკეთა“.

პატარა ბიჭუნას ბიოლოგიური მამა ანას დაწყნარებას ვერ ახერხებს, მაშინვე ისტერიკაში ვარდება და ტირილს იწყებს...

„მაქსიმი უნდა გადამერჩინა, ჩემი როგორც დედის მოვალეობა იყო, რომ შვილი დამეცვა, მე კი ეს ვერ მოვახერხე. რა დამრჩა საცხოვრებლად? საწყალ ალინას ყველაფერი ჩემზე უკეთ ახსოვს... ის არავის ესაუბრება, უბრალოდ დახმარება სურს.

ჯერ კიდევ მაქსიმის სურნელს ვგრძობ, ხანდახან ერთად ვიძინებდით, ყურში მისი ლამაზი ხმა ჩამესმის, მისი მოკვლის შემდეგ ყოველ ღამე სიზმრებში ვხედავ“, - განაცხადა ტრაგიკულად მოკლული შვილის დედამ.

ანას ამ ინტერვიუთი სურდა, რომ მთელ მსოფლიოს გაეგო, თუ რამდენად დიდი ცხოვრებისეული დარტყმა მიიღო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა... მას სურდა, სიმართლე გცოდნოდათ... წყარო

მოამზადა გიორგი ღვინიაშვილმა

(სპეციალურად საიტისთვის)