ოდესასთან ჩაყრილი „შაქრიანი“ საზღვაო ნაღმები შეიძლება ბათუმისა და ფოთის პორტებთან „ჩამოგვიცურდეს"?! - კვირის პალიტრა

ოდესასთან ჩაყრილი „შაქრიანი“ საზღვაო ნაღმები შეიძლება ბათუმისა და ფოთის პორტებთან „ჩამოგვიცურდეს"?!

რუსეთი ორი დღეა, დაჟინებით ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს უკრაინელების მიერ ოდესის სანაპიროსთან დაყენებული 420-მდე საზღვაო ნაღმი შტორმმა ღუზებიდან მოწყვიტა და ისინი ეხლა „თავისუფალ ცურვაში“ ბოსფორის სრუტისკენ მიემართებიან, რითაც უდიდეს საფრთხეს უქმნიან შავ ზღვაში გემების უსაფრთხო ნაოსნობასო...

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდას, რომ არაფერი დაეჯერება (მით უმეტეს - უკრაინაში შეჭრის შემდეგ), არახალია, თუმცა, ის ფაქტიც, რომ უკრაინელებმა ოდესის, ოჩაკოვის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტებთან, რუსული საზღვაო დესანტის გადასხმის რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სანაპირო წყლებში საზღვაო ნაღმები განათავსეს, სიმართლეს შეესაბამება...

სწორედ საზღვაო და სახმელეთო (ძირითადად, ტანკსაწინააღმდეგო) ნაღმური ველების დროულად დაყენების დამსახურებაცაა, რომ ომის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში რუსეთის გენშტაბმა დღემდე ვერ გაბედა საზღვაო დესანტის გადასხმა და ოდესის ოკუპაცია, რაც კრემლში ძალიან სურთ, რათა გაჭრან სახმელეთო გზა მოლდოვაში, სეპარატისტულ დნესტრისპირეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზამდე.

4-1648031750.jpg
საზღვაო ნაღმის ხომალდის წინ აფეთქების მომენტი

უკრაინელებმა, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ЯМ და ЯРМ ტიპის ღუზიანი საზღვაო ნაღმები დააყენეს სანაპირო წყლებში.

ამ ტიპის საზღვაო ნაღმები პირველი ცივი ომის დროს ოდესის სამხედრო ოლქში შემავალი, ყველა საბჭოთა მოტომსროლელი დივიზიის საინჟინრო საწყობებში ინახებოდა და სწორედ ასე უნდა დაეყენებინათ სანაპირო წყლებში, თუკი ნატოს ხომალდები ოდესაში საზღვაო დესანტის გადმოსხმას დააპირებდნენ.

რუსული მხარის მიერ დაკონკრეტებული საზღვაო ნაღმები - ЯМ და ЯРМ ძალიან ძველი მოდიფიკაციებისაა (პირველმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოსაც კი მოუსწრო) და ისინი ზღვის ფსკერზე (მაქსიმუმ 12 მ-ის სიღრმეზე) დადებულ სიმძიმეზე ღუზით არიან გამობმულნი, ხოლო თავად „ ეშვებიანი“ ნაღმი კი ზღვის ზედაპირიდან ნახევარ მეტრზეა ჩაძირული და არ მოჩანს, მაგრამ როგორც კი ხომალდის კორპუსის წყალქვეშა ნაწილი შეეხება ნაღმის „ეშვებიდან“ ერთ-ერთს, 172 კგ-იან ნაღმში მოთავსებული 20 კგ ტროტილის დეტონაცია ხდება და...

5-1648031782.jpg
ასე გამოიყურება მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საზღვაო ნაღმი ЯМ -ი

ამ საზღვაო ნაღმებს „შაქრიანი“ იმიტომაც შეიძლება დავუძახოთ, რომ მისი ზღვაში ჩაშვების მომენტში ტალღამ ხომალდის კორპუსზე მიჯახებისას აფეთქება არ გამოიწვიოს, ნაღმს უყენდება სპეციალური დამცველი, რომელშიც ...შაქარია ჩაყრილი!

დიახ, ჩვეულებრივი შაქარი, რომელსაც ნაღმის ზღვაში ჩაშვების შემდეგ წყალი ხსნის და ნაღმიც 10-40 წუთში (დამოკიდებულია ზღვის წყლის ტემპერატურაზე, მაგალითად, +20 გრადუსის შემთხვევაში, შაქარი წყალში ათიოდე წუთში იხსნება, ხოლო ნული გრადუსის დროს ამ პროცესს 40 წუთი მაინც სჭირდება), საბრძოლო მდგომარეობაში გადადის.

ამ მოძველებულ საზღვაო ნაღმებს ბევრი ტექნიკური ნაკლი აქვთ, მათ შორის ისიც, რომ ზღვის წყალქვეშა დინების სიჩქარემ თუკი წამში ერთ მეტრს გადააჭარბა, დიდი შანსია, ნაღმი ღუზას მოწყდეს და „თავისუფალ ცურვაში“ გადავიდეს.

3-1648032038.jpg
ღუზიდან მოწყვეტილი და სანახევროდ ამოყვინთული, მოტივტივე საზღვაო ნაღმი საშიში „ეშვები-დეტონატორებით“

ბოლო დღეებში ოდესის აკვატორიაში მართლაც იყო შტორმი (რაც, ასევე, გახდა დამაბრკოლებელი ფაქტორი ოდესასთან რუსული საზღვაო დესანტის გადასხმისა) და არ არის გამორიცხული ამ შტორმმა მართლაც მოწყვიტა ღუზებიდან საზღვაო ნაღმების ნაწილი (არსებობს ვიდეოკადრები, როდესაც შტორმი ოდესის პლაჟთან ღუზიდან მოწყვეტილ საზღვაო ნაღმს გამორიყავს და ის ფეთქდება), მაგრამ ის, რომ 420 ნაღმი (ან საიდან იციან ასე ზუსტად რუსებმა ღუზამოწყვეტილი ნაღმების რაოდენობა, ისინი, რა ზღვაში დათვალეს სათითაოდ?) ერთდროულად მოწყდა ღუზას და ეხლა შავ ზღვაში თავისუფლად დაცურავს, ძნელი დასაჯერებელია...

თუმცა, იმის გამო, რომ ეს მოძველებული საზღვაო ნაღმები არ არიან აღჭურვილი თვითლიკვიდაციის მექანიზმით, მათ შეიძლება წლები იცურონ ზღვაში და მუდამ საფრთხეს შეადგენდნენ ნებისმიერი სამოქალაქო გემისთვის თუ სამხედრო ხომალდისთვის. ამის მაგალითს მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი ასეთივე საზღვაო ნაღმები წარმოადგენენ, რომელთა ნაწილი 75 წლის შემდეგაც საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება.

ზღვაში ასე, თავისუფლად მოტივტივე (ღუზიდან მოწყვეტის შემდეგ ნაღმის კორპუსი სანახევროდ ამოდის ზღვის ზედაპირზე) ნაღმების გასაუვნებელყოფად, როგორც წესი, იყენებენ სნაიპერულ შაშხანებს, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს ან, სულაც, სახომალდო ქვემეხებს, რათა ტყვია თუ ჭურვი როგორმე მოარტყან ნაღმის რომელიმე მგრძნობიარე „ეშვს“ და გამოიწვიონ დეტონაცია, თუმცა, ხომალდი, რომლიდანაც ნაღმს ესვრიან, არანაკლებ ორას მეტრზე მაინც უნდა იყოს დაცილებული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

2-1648032074.jpg
საზღვაო ნაღმის გაუვნებელყოფის სასწავლო პროცესი წყალქვეშა გამნაღველის მიერ

მკითხველს იმედია პატარა წარმოდგენა მაინც შეექმნა იმაზე, თუ რას წარმოადგენს საზღვაო ნაღმი და რამდენად საშიშია ის, არა მარტო ზღვაში მცურავ გემზე მყოფთათვის, არამედ - სანაპიროზე დამსვენებლებისთვისაც, თუკი ასეთი ნაღმი ზღვამ პლაჟზე გამორიყა (რაც არცთუ ისე იშვიათად ხდება) და ვიღაცამ მის „ეშვებთან“ წათამაშება მოინდომა...

6-1648032118.jpeg
პლაჟზე გამორიყული საზღვაო ნაღმი. ასეთის დანახვის შემთხვევაში, აუცილებლად გაერიდეთ მონაკვეთს

თუ რამდენად და ვის შეიძლება დაემუქროს ოდესის სანაპიროდან სავარაუდოდ მოწყვეტილი ნაღმები, ამის გასარკვევად საჭიროა დავხედოთ სპეციალურ რუკას, რომელზეც გამოსახულია შავი ზღვის ძირითადი დინებები.

ოდესიდან წამოსული შავი ზღვის დინება საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობს და გვერდს უვლის ჯერ რუმინეთის, შემდეგ კი - ბულგარეთის სანაპიროებს, სტამბოლთან ჩაუვლის ბოსფორის სრუტეს და თურქეთის სინოპის, სამსუნისა და ტრაპიზონის გავლით საქართველოს ბათუმისა და ფოთის პორტებს მოადგება...

7-1648032390.jpg
საზღვაო დინებების მიმართულებები შავ ზღვაში

თავის დროზე ამ ბლოგის ავტორი მონაწილეობას იღებდა ბულგარეთსა და უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლებებში, რისთვისაც ფოთიდან ვარნაში და ოდესაში მცირე წყალწყვის მქონე ქართული საპატრულო და სარაკეტო კატარღებით გადაცურვამ მოგვიწია, მათ შორის - 4-5-ბალიან ღელვაშიც კი და რაღაც წარმოდგენა შეექმნა შავ ზღვაში ტალღების გავრცელების მიმართულებასა და სიჩქარეზე.

იმის მტკიცება, რომ ოდესიდან ღუზას მოწყვეტილი საზღვაო ნაღმი მალე ბათუმის პორტთან მოცურდება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

ოდესიდან შავი ზღვის სანაპიროების გასწვრივ, დინების გამოყოლებით ბათუმამდე არანაკლებ 1 500 კმ-ია „გამოსაცური“ და ამხელა გზაზე ეს ნაღმები შეიძლება სულაც ჩაიძირონ (თუკი მათი კორპუსის ჰერმეტულბა დაირღვა „დიდი ასაკის“ გამო) ან ამხელა გზაზე ვიღაც დაინახავს და გააუვნებელყოფს, მით უმეტეს, რომ აქამდე შავ ზღვაში ყოველწლიურ სწავლებას ატარებდა ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების ჯგუფი, რომელიც არა ერთხელ სწვევია ბათუმის პორტს და წაუვარჯიშია სწორედ ასეთი საზღვაო ნაღმების გატრალვა-გაუვნებელყოფის სასწავლო ოპერციებში...