პუტინის მრჩეველი ანატოლი ჩუბაისი უკრაინასთან ომის გამო გადადგა და რუსეთი დატოვა - Bloomberg - კვირის პალიტრა

პუტინის მრჩეველი ანატოლი ჩუბაისი უკრაინასთან ომის გამო გადადგა და რუსეთი დატოვა - Bloomberg

ამერიკული გამოცემის "Bloomberg“-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნის ტერიტორია დატოვა. როგორც სიტუაციის მცოდნე წყაროები იტყობინებიან, ანატოლი ჩუბაისი არ ეთანხმება რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომთან დაკავშირებით და ამრიგად, იგი პირველი უმაღლესი დონის ოფიციალური პირია, რომელმაც კრემლთან კავშირი სწორედ რუსული აგრესიის გამო გაწყვიტა.

66 წლის ანატოლი ჩუბაისი ერთ-ერთია 1990-იანი წლების იმ მცირერიცხოვანი რეფორმატორებიდან, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მთავრობაში დარჩნენ და დასავლელ ჩინოვნიკებთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდნენ. აღსანიშნავია, რომ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარს ჩუბაისის გადადგომის შესახებ თავი აარიდა: "წავიდა თუ არ წავიდა, ეს მისი საქმეა“.

ანატოლი ჩუბაისი რუსეთის ეკონომიკის პრივატიზების არქიტექტორის სახელითაც არის ცნობილი. სხვათა შორის, სწორედ მან მოაწყო სამსახურში კრემლში ვლადიმერ პუტინი და ბოლო დრომდე მას მხარს უჭერდა. პუტინის მმართველობის პერიოდში ანატოლი ჩუბაისს ხელმძღვანელი პოსტები ჰქონდა დაკავებული მსხვილ სახელმწიფო კომპანიებში მანამ, სანამ გასულ წელს პრეზიდენტმა იგი მდგრადი განვითარების საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად არ დანიშნა.

უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების (ე.წ. „სპეცოპერაციის“) დაწყების შემდეგ რუსეთის მთავრობამ შეჭრის კრიტიკოსებზე ზეწოლა გააძლიერა. 16 მარტს ვლადიმერ პუტინმა ყველა გააფრთხილა, რომ რუსეთს გაწმენდს „ნაძირლებისა და მოღალატეებისაგან“, რომლებიც აშშ-სა და მის მოკავშირეებს საიდუმლოდ ემსახურებიან. აღმოჩნდა რა მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რუსეთის ლიდერმა დასავლეთს ბრალი დასდო რუსეთის განადგურების მცდელობაში.

"ყოველ ხალხს და განსაკუთრებით რუს ხალხს, ყოველთვის შეუძლია განასხვავოს პატრიოტები ნაძირლებისა და გამყიდველ-მოღალატეებისაგან და ისინი პირში შემთხვევით მოხვედრილი ქინქლასავით გადმოაფურთხოს“, - თქვა პუტინმა, - მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების ბუნებრივი და აუცილებელი თვითგაწმენდა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოა, ეს განამტკიცებს სახელმწიფოს, განამტკიცებს სოლიდარობას, უზრუნველყოფს შემჭიდროებას და მზადყოფნას ყოველი გამოწვევის შესახვედრად“.

გასულ კვირას ტექნოლოგიური ფონდის "სკოლკოვოს“ ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა არკადი დვორკოვიჩი, რომელიც დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის და პრემიერ-მინისტრის მოადგილეობის დროს (2018 წლამდე) მისი უფროსი მრჩეველი იყო ეკონომიკის საკითხებში. ამ ფონდს მხარს სახელმწიფო უჭერს.

არკადი დვორკოვიჩი, რომელიც იმავდროულად ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტიც არის, ანატოლი ჩუბაისის მსგავსად, გმობს უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრას. წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ