"პრობლემა ის კი არ არის, რუსეთი ამ ომში გადარჩება თუ ვერა, მოიგებს თუ წააგებს" - როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების გზას დავით ბერძენიშვილი? - კვირის პალიტრა

"პრობლემა ის კი არ არის, რუსეთი ამ ომში გადარჩება თუ ვერა, მოიგებს თუ წააგებს" - როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების გზას დავით ბერძენიშვილი?

"რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს „სირაქლემას პოზა“ ძალიან დამაზარალებელია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მერ არჩეულ გზას არ ეთანხმება, რადგან ფიქრობს, რომ ის ინტელექტისგან დაცლილია.

"პრობლემა ის კი არ არის, რუსეთი ამ ომში გადარჩება თუ ვერა, მოიგებს თუ წააგებს, რუსეთი დაინგრევა! ამის ალბათობა 99%-იანია. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ, მთავარია, კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაღვაროს უკრაინამ, კიდევ სადმე გაიფაჩუნებს თუ არა რუსეთი. ამ ვითარებაში ძალიან დამაზარალებელია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს სირაქლემას პოზა. არ ვეთანხმები საქართველოს ხელისუფლების ამ არჩეულ გზას. მგონია, რომ ის ინტელექტისგან დაცლილია, მდარე და არაკვალიფიციურია“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შეეძლო წელგამართული და თავაწეული ყოფილიყო, მაგრამ ახლა თავდახრილია.

ბერძენიშვილის თქმით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ პოზიციისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინას მხარს უჭერს.

„მგონია, რომ დიდი ხარვეზია, როცა ასეთი არაკვალიფიციური პრემიერი გვყავს, მაგრამ „მოვხარშავთ“, ჯამში უპირატესობა გვაქვს. 10: 0 არა, მაგრამ 8:2 ვიგებთ“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმის მაღალ ალბათობაზე საუბარი რელევანტური არ არის. დავით ბერძენიშვილის შეფასებით, „ეს არის ყურით მოთრეული ტყუილი“.

„თუ შუბლზე გვაქვს „კალაშნიკოვი“ მობჯენილი, ადეკვატურად იქცევა საქართველოს ხელისუფლება? სად არის თავშესაფრები, სამედიცინო მზადყოფნა, ჯარის შესაბამის მდგომარეობაში გადაყვანა?! ხომ ვიცით, რომ არ არის. ე.ი ტყუიან. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ის რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგობას, დაწესებულ სანქციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის იმპერიის დანგრევის ყველაზე მძლავრი ტალღა დაწყებულია.

„პროცენტ ნახევარი რომ არის რუსეთის ეკონომიკა და 25% აშშ-ის, 20% რომ არის ევროკავშირის და ბრიტანეთის, ამას რომ ემატება კიდევ ერთი 5% იაპონიის, კანადა, ავსტრალია და ა.შ. როდესაც პროცენტ ნახევრიანი მაჯლაჯულა უპირისპირდება და ცდილობს დააშანტაჟოს 70%-იანი დასავლეთი, მას არ ყავს არცერთი პარტნიორი დედამიწის ზურგზე, ჩინეთიც კი ძალიან ფრთხილია, რუსეთს საფლავში კი არ ჩაჰყვება. ამ ვითარებაში რუბიკონი გადალახულია, გადაწყვეტილება მიღებულია. ალბათ, რუსეთის იმპერიის მინგრევის ყველაზე მძლავრი ტალღა დაწყებულია. რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგობა ამის დეტონატორია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"