რატომ აღძრა ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ რუსი ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ საქმე? - კვირის პალიტრა

რატომ აღძრა ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ რუსი ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ საქმე?

ცურვის საერთაშორისო ფედერაციის (FINA) დისციპლინურმა კომისიამ ტოკიოს ოლიმპიადის 2-გზის ჩემპიონის, ევგენი რილოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

„FINA მკაცრად გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში. FINA ასევე ადასტურებს თავის მხარდაჭერას უკრაინის ცურვის, წყალში ხტომის და სპორტული ცურვის შემდგომი შეჯიბრებებისთვის მომზადების პროცესში“, - ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.

ასევე UNIAN-ის ინფორმაციით, ევგენი რილოვთან საცურაო ეკიპირების გავლენიანმა მწარმოებელმა კომპანიამ, Speedo-მ სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა.

„მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში „ლუჟინიკის“ სტადიონზე იმყოფებოდა, Speedo ადასტურებს, რომ ევგენი რილოვის სპონსორობას დაუყონებლივ წყვეტს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, Speedo-მ გამოაცხადა, რომ სასპონსორო ხელშეკრულების თანახმად რილოვისთვის დარჩენილ გადასახდელ თანხას გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს გადასცემს.

შეგახსენებთ, 18 მარტს მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე რუსეთის მიერ „ყირიმის შემოერთების“ მე-8 წლისთავის აღსანიშნავი აქცია-კონცერტი გაიმართა, რომელსაც კრემლის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინიც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.

აღნიშნულ კონცერტზე რუს ოლიმპიურ ჩემპიონს, ევგენი რილოვს ეცვა ქურთუკი, რომელზეც გამოსახული იყო რუსი ოკუპანტების სიმბოლო - ასო „Z“.

"ინტერპრესნიუსი"