"ნატოს სამიტის დროს, ისევე როგორც ევროკავშირში კანდიდატების განაცხადის განხილვისას, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო "არ იქნეს დავიწყებული" - კვირის პალიტრა

"ნატოს სამიტის დროს, ისევე როგორც ევროკავშირში კანდიდატების განაცხადის განხილვისას, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო "არ იქნეს დავიწყებული"

იქნება თუ არა საქართველო შემდეგი? ეს ძალიან რთული კითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველები ვიყავით და იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რა დროსაც წამყვანმა მას ჰკითხა, შიშობს თუ არა საქართველოზე იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ" და მნშინველოვანია "მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს საქართველოს".

“ვერავინ ვერაფერში იქნება დარწმუნებული, ვერავინ იქნება დარწმუნებული, რა შეიძლება იყოს რუსეთის რეაქცია უკრაინაში მისი დამარცხების ან ნახევრად გამარჯვების შემთხვევაში. ჩვენ უკვე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებზეც ორი რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

CNN-ის წამყვანმა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან 2005 წლის მოლაპარაკებებზეც ჰკითხა, რა დროსაც ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და პირადად იყო ჩართული ოფიციალურ მოსკოვთან საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

“პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რუსებთან მოლაპარაკებები განსხვავებულ დროს იყო და ალბათ განსხვავებულ პუტინთან. მაგრამ მაინც მოლაპარაკებების დროს უნდა იყო მტკიცე, უნდა იცოდე სად არის შენი წითელი ხაზები და იცოდე რა კომპრომისზე შეგიძლია წახვიდე. ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს წინასწარი ცოდნა, რა გინდა რომ მოლაპარაკებებისგან მიიღო. ვფიქრობ, ჩვენთვის, იმ დროისთვის, ეს ძალიან მკაფიო იყო - ჩვენ გვინდოდა რუსულ სამხედრო ბაზებს დაეტოვებინათ ქვეყანა და ეს იყო შედეგი, რაც მივიღეთ. მაგრამ მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ეს გამონაკლისი იყო, რადგან ის არსად არ განმეორებულა და დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთი დღეს მზად არის ამ ტიპის მოლაპარაკებების გასამეორებლად”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ნატოს სამიტის დროს, ისევე როგორც ევროკავშირში კანდიდატების განაცხადის განხილვისას, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო "არ იქნეს დავიწყებული“ და იქვე დასძინა, რომ სწორედ ეს არის მისი ბრიუსელში ვიზიტების მიზეზი, რათა ესაუბროს პარტნიორებს და დარწმუნდეს, რომ საქართველოზე ისინი ღელავენ.

"ინტერპრესნიუსი"