თურქეთი, უკრაინა და „ბაგირი მოსკოვსა და დასავლეთს შორის“ - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

თურქეთი, უკრაინა და „ბაგირი მოსკოვსა და დასავლეთს შორის“ - რას წერს უცხოური გამოცემა

თურქულ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ბაგირი მოსკოვსა და დასავლეთს შორის“ (ავტორი - ეროლ მანისალი), რომელშიც განხილულია თურქეთის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, როგორც რუსეთის, ასევე - დასავლეთის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„რუსეთ-უკრაინის კრიზისი, რომელიც რუსეთ-დასავლეთის კონფლიქტად გადაიქცა და მისი ესკალაცია ხდება, თურქეთს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ანკარას არ შეუძლია ზოგიერთებივით ისარგებლოს იმ ფუფუნებით, რომელიც „დასავლეთის მხარეზე დადგომას“ ნიშნავს და რუსეთის საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატოს და დასავლურ ანტირუსულ სანქციებს ნაწილობრივ მაინც დაეთანხმოს.

ატომური ელექტროსადგური და ენერგეტიკა, მილსადენები, გაზი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი და სამშენებლო ბიზნესი... თურქეთს იმდენი რამ აკავშირებს რუსეთთან, რომ მათი კეთილმეზობლობა არ უნდა დაირღვეს: ჩვენ მოსკოვთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ.

1920-იანი წლების დასაწყისიდან ანუ თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მომენტიდან, თუ ცივი ომისდროინდელ ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს არ ჩავთვლით, ანკარა-მოსკოვის ურთიერთდამოკიდებულება პოზიტიური მიმართულებით ვითარდებოდა. სტრატეგიული თვალსაზრისით, ორ ქვეყანას შორის კონფრონტაციის ალბათობა უკვე არ არსებობს.

იმავდროულად, არსებობს „მედლის მეორე მხარეც“: აშშ-ისთან (და დასავლეთთან), განსაკუთრებით ნატოსთან, თურქეთს მჭიდრო პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, კულტურული და ინსტიტუციონალური ურთიერთობები აკავშირებს. ყველა სფეროში ღრმა ინტეგრაცია არსებობს, საკმაოდ დიდი ხნის წინათ დაწყებული, როცა თურქეთის დემოკრატიული პარტია ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა.

დასავლეთთან თურქეთის „ბუნებრივი ინტეგრაცია“ ყოველთვის აშკარად ჩანს, ჩვენ ყოველთვის ვსარგებლობთ მისი სიკეთით - მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობთ აშშ-ის პოლიტიკას ქურთისტანთან მიმართებით და იმასაც, რომ ევროკავშირი თურქეთს თავის წევრად არ მიიღებს. ჩვენ მაინც ვერ გამოვალთ დასავლეთის წინააღმდეგ.

მოკლედ, ანკარას არ აქვს შესაძლებლობა, წინ აღუდგეს დასავლეთს და რუსეთს. ანკარას, ასევე, არ აქვს შანსი იმისა, რომ „მესამე მხარე“ იყოს ან „თავშეკავებული“ პოზიცია დაიკავოს. კარგად გვახსოვს, თუ რა მწარე შედეგები მოგვიტანა ასეთმა პოლიტიკამ ერაყის, ლიბიის და ნაწილობრივ - სირიის მიმართ.

გადაიქცევა თუ არა შავი ზღვა - ხმელთაშუა ზღვის ღერძი ახალ განხეთქილების ვაშლად და რა როლს შეასრულებს უკრაინის ამბები ამისათვის?

თურქეთი ბეწვის ხიდზე დგას და დასავლეთსა და მოსკოვს შორის ბაგირის გადათრევას უყურებს. უკრაინის ამბების გამო რომ ძვირი ფასი არ გადავიხადოთ, თურქეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მშვიდობისა და თანხმობის დამყარების საქმეში. ამაშია ჩვენი ეროვნული ინტერესები. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ