"შეიძლება შევარდნაძეს არც ერთი არ ეპიტნავებოდა, მაგრამ არჩევანი გააკეთა დასავლეთსა და რუსეთს შორის - ბურჯანაძე და ჟვანია ერთი გუნდი იყო"
პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერის, პარლამენტარ თაკო ჩარკვიანის განცხადებები ყოველთვის ხმაურიანია. ხშირად უპირისპირდება ხელისუფლებას და მმართველი გუნდის ნაბიჯებს აკრიტიკებს. ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან მის გათავისუფლებას ითხოვს და თვლის, რომ მან სასწრაფოდ უნდა დატოვოს ციხე. ამ ინტერვიუში თაკო ჩარკვიანი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება:
- მთელ პლანეტას გადაეკიდა პუტინი, აბსოლუტურად შეშლილი ადამიანი, რომელმაც თავისი ხალხის ხარჯზე ტრილიონები დააგროვა. მოსკოვში ახლა ხახვს ჭამენ, ისეთი მდგომარეობაა. უკრაინაში რა ჯოჯოხეთი მოაწყო, ამას ყველანი ვუყურებთ. უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს. 21-ე საუკუნეში ეს არამზადა დამოუკიდებელ ქვეყანას შეუვარდა. ბევრჯერ უთქვამთ, ის თავისი ქვეყნისთვის ჭკვიანიაო, არადა, ქვეყანა წუმპეში ჰყავს, ეს კი ჭკუა არ არის. ჭკუაა, როცა ხალხი გყავს კმაყოფილი. რუსეთუმე პოლიტიკოსებს, მათ ლიდერებს, ამ ჩურჩუტებს, დიდი შეცდომა მოუვიდათ, პუტინი უძლეველი რომ ეგონათ...
2018 წელს პუტინმა ნინო ბურჯანაძეს უბლოკო სტატუსი გაახმოვანებინა. ეს იყო საშიში განცხადება... უშიშროება რომ არ გვყავს და უსაფრთხოება, ამას ყველა ვხედავთ. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისე გადმოკვეთა საზღვარი, ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებდა, სხვაგან იღებს სელფებს, საქართველოში არ არისო. ახლა რძის პროდუქტებზე რომ არ წყვეტს ხელშეკრულებას ხელისუფლება, ეს არის თანამონაწილეობა და ღალატი. მსოფლიომ აღიარა კაცი ტერორისტად, სვიფტიდან ჩახსნილი ქვეყნიდან შემოსული ნებისმიერი თანხა შავი ფულია. მცდარი აზრია, რომ ფულს სუნი არ აქვს, ფულს სუნი არ ჰქონდა რუსეთში, კორუფციულ სივრცეში... არავინ ვამბობთ იმას, რომ ახლა გავქანდეთ და ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, ომი არავის გვინდა. 9 წელი არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ ნაკლებად დამოკიდებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა, ენერგეტიკა იქნება ეს თუ სხვა რამით, მაგალითად, ხორბლით. ეს პრეტენზია მაქვს ამ ხელისუფლებასთან. 9 წელი რომ არაფერს აკეთებ, შენი ინტერესი უნდა იყოს ევროპული ბაზარი და ხედავ, უკრაინაში როგორ ბომბავს ორსულებს, ბავშვებს, უდანაშაულო მოსახლეობას და შენ არ წყვეტ ასეთ ქვეყანასთან რძის პროდუქტებზე ხელშეკრულებას? ის არის ზუსტად იარაღის ფული, ამიტომ არის მერე, პრეტენზიები რომ უჩნდება ოპოზიციას ამ ხელისუფლებასთან. საშინელებაა, კანონდარღვევაა, მსოფლიოს თვალში აცხადებ, რომ არ უერთდები სანქციებს და რძის პროდუქტებზე ხელშეკრულებას აახლებ, ეს კატასტროფაა...
ამ ომში, პუტინი ყველა ვარიანტში წაგებულია, ახლა კუდს იქნევს. ჯერ საკუთარი ქვეყანა გადასტყორცნა 50 წლით უკან. მსოფლიო აღიარებს მას ტერორისტად. ყველგან შევარდნა და ის, რომ თითო ბომბი ყველგან ისროლოს, ამის გაკეთება მხოლოდ ტერორისტს შეუძლია, ომი დაიყვანა ტერორისტული აქტების დონეზე, იმიტომ, რომ პუტინმა ეს ომი წააგო. ჩვეულებრივი ტერორისტია, პუტინს ჰააგის სასამართლო ემუქრება.
- მართლა გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ჰააგაში სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგება?
- რა თქმა უნდა, ეს მოხდება. როგორი სუსტი ჯარი ჰყავს, ეს გამოჩნდა, ამას არ ელოდა ალბათ, მაგრამ როცა ასეთ კორუფციაშია ქვეყანა, ჯარშიც, ყველა რგოლში კორუფციაა. უშიშროება, არაფერი მას არ ჰყავს. მისი შიშები გადავა პარანოიაში. მთელი მსოფლიო ხედავს, ვისთან აქვთ საქმე და ამიტომ, ფრთხილად იქცევიან, მათ შორის - ნატოც.
- ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ნატოსკენ უკრაინის სვლა ამ ფონზე დაჩქარდებოდა, მაგრამ ვხედავთ იმედგაცრუებულ ზელენსკის...
- ვინაიდან მათ დაინახეს, რომ პარანოიდთან აქვთ საქმე, ამიტომ ძალიან ფრთხილობენ, თორემ ნატოს შეიარაღებისთვის მისი მთლიანად განადგურება არაფერია. მაგრამ წარმოიდგინეთ მასშტაბი, სად გადადის ეს ყველაფერი. ამ დროს ვხედავთ, საშინელ მდგომარეობაშია ეს ვაჟკაცი უკრაინელი ხალხი, რომელიც სამაგალითო არის, სამშობლოს, თავიანთ მიწას იცავს, მოტივაცია აქვს, შენ სხვის მიწაზე მოროდიორივით შესული რომ არ ხარ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ერთი მოხუცი ამბობდა, ბავშვი ვიყავი, დედ-მამა და ნათესავები ომში რომ დამეხოცა, ახლა მოვხუცდი და კიდევ აქ, ჩემს მიწაზე შემომივარდნენ, ამასაც მოვესწარიო... პუტინმა პლანეტა შეაწუხა. ინფორმაციები გვაქვს, რომ კატასტროფულად განადგურდა მისი არმია და მარცხიც ეს არის, სხვა არაფერი, მაგრამ რაზეც ზემოთ გესაუბრეთ - უბლოკო სტატუსის თემა, ესეც ისედაც პრაქტიკულად ომია. მე რომ ვნახე ბრიფინგი 2018 წელს, ამ პოლიტიკანს - ბურჯანაძეს გაახმოვანებინა პუტინმა ბრიფინგით და თან დააკვირდით, რას ამბობს: - საქართველო უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანებაზეო, არც ნატოში და არც სხვა ქვეყნის რომელიმე ორგანიზაციაში, ნებისმიერ სხვა შენაერთზე უარიო, თან მის გვერდით დიმიტრი ლორთქიფანიძე დგას - პრიმაკოვის ფონდის ლორთქიფანიძე. საქართველოსთვის ყველაზე საშიში შემოთავაზებაა რუსეთისგან. აი, ამიტომ ვიმეორებდი ჯიუტად, მოაცილეთ, რადგან უბედურებაა საქართველოსთვის და ღია ღალატია-მეთქი. ახლა ხომ მიხვდა ზოგიერთი "ოპტიმისტი" და უნებურად ფსევდო გაერთიანების მომხრე, რატომ ვებრძვი ასე იმ რუსეთუმე პოლიტიკანს, ბურჯანაძე რომ ჰქვია. როცა მისი ბრიფინგი მოვისმინე, ცუდად გავხდი, ზუსტად წავიკითხე, რა ხდებოდა, ამაზე ინფორმაციაც მქონდა და ველოდებოდი კიდეც, მაგრამ ბოლომდე თუ ამას იკადრებდა, ეს ძნელი დასაჯერებელი იყო. მე არ მიყვარს დაფარული ლაპარაკი. ახლა რასაც წერენ, ეს არის მეხუთე კოლონაო, ამას რამდენი წელია მე ვყვირი - მოაცილეთ-მეთქი ეს რუსეთუმე ხალხი. საშიშია, პოლიტიკური დივერსია სხვა რა არის? ამიტომ ძალიან საშიშია ეს ვითარება.
2012 წელს მე მხარი დავუჭირე სახელისუფლებო ცვლილებას და სწორად ვაკრიტიკებდი მაშინ ყოფილი ხელისუფლების სამართლებრივ სისტემას, იმან მოიყოლა მერე მთელი პარტია, თორემ საგარეო პოლიტიკაში ბადალი არ ჰყავდა მიხეილ სააკაშვილს.
2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილმაო, რომ აბრალებს ხან ერთი ქალი, ხან მეორე ქალი - ერთი ამბობდა, მძინარე ცხინვალი დაბომბაო, მეორე ამბობდა - გორი დაბომბაო, თან უცხოურ მედიასთან საუბრობდნენ ამაზე. როგორ კადრულობ ამას შენს ქვეყანაზე, განა 2008 წელს დაგვიწყო რუსეთმა ომი? სად იყო სააკაშვილი საერთოდ, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ან ოსეთის ომის დროს? ბნელები ხომ არ ვართ. ინსტიტუციურად გასტყორცნა სააკაშვილმა ქვეყანა დასავლეთით, ისტორია იმახსოვრებს ამ ნაბიჯებს. აქ რომ ჩამოდიოდნენ იგივე რუსეთიდან, გაოგნებულები უყურებდნენ არსებულ ვითარებას, ცვლილებებს. არადა, ვნახეთ, ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გვერდით როგორ ეჯდა პუტინს. რუსული სტრუქტურები ორგანულად იყო შემოჭრილი პოსტსაბჭოურ ქვეყანაში და მისი განდევნა რთული იყო, შევარდნაძესაც კი გაუჭირდა. ბევრი პრეტენზია მქონდა შევარდნაძესთან, მაგრამ მან, როგორც პოლიტიკოსმა, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი გააკეთა, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო ეს. იყო პერიოდი, როცა რუსეთის დავალებით აქ მინისტრები ინიშნებოდნენ...
- ამ დღეებში ზურაბ ჟვანია რუსეთის კაცად მოიხსენიეთ, რატომ? არადა ზურაბ ჟვანიამ იმ დროის ყველაზე გახმაურებული სიტყვა წარმოსთქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი
- რა თქმა უნდა. თუ რამე დასავლური შემოიტანა ამ ქვეყანაში ვინმემ, ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. არ არსებობდა ჟვანია-სააკაშვილის გუნდი. ბევრი რამ ვიცი... მე არასოდეს მეშინია სიმართლის თქმის, არ მჩვევია, დავმალო ის, რაც ვიცი. გავიხსენებ ედუარდ შევარდნაძესთან ჩემს შეხვედრას, მარტო არ ვიყავი, ჩემთან ერთად ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი იყო. მე მას ვესაუბრე - ჟვანია და ბურჯანაძე წაშლილი სახით გამოვიდნენ-მეთქი. ყველა ამბობს, რევოლუციის დროს ივანოვი მიშა სააკაშვილის გამო ჩამოვიდაო, ეს ტყუილია. ქრონიკის არქივს თუ გადახედავთ, ნახავთ, სააკაშვილი აღმოცენდა უცებ. ბურჯანაძე-დემოკრატების პარტია რომ გაკეთდა, რატომ არ იყო ეს პარტია სააკაშვილი, ბურჯანაძე-დემოკრატები? რომ ნახეს, მიშა მოდიოდა, ისინი შოკში ჩავარდნენ და ჩამოიყვანეს ივანოვი, რომ ეთხოვა შევარდნაძისთვის, ერთი თვით დარჩენილიყო. ალბათ, გახსოვთ მისი გამოსვლა, როცა გამოაცხადა, ვრჩები თანამდებობაზეო და უცებ, სადღაც ერთ საათში მგონი, გადადგა. სწორი სვლა გააკეთა. საინტერესო საუბარი მქონდა შევარდნაძესთან, ვკითხე, ეს რატომ გააკეთეთ-მეთქი, ძალიან მოკლედ მიპასუხა, დასავლეთი ვამჯობინეო. ჩემთვის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ეს სიტყვები, რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. შეიძლება შევარდნაძეს არც ერთი არ ეპიტნავებოდა, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ბურჯანაძე და ჟვანია ერთი გუნდი იყო. დამტკიცდა თუ არა, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთია. მის უკან კი ყოველთვის იდგა ჟვანია. ეს იყო ტანდემი.
- ძალიან ხშირად მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ადანაშაულებენ ზურაბ ჟვანიას სიკვდილში.
- მე ასე ვერ ვსაუბრობ ამ თემაზე, მაშინ ჟვანიას გუნდს უნდა მოენდომებინა ამ საქმის გამოძიება. გავიდა 9 წელი და მოსთხოვონ ამ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება, ჭორაობის დონეზე რომ საუბრობენ. მე რა ინფორმაციაც მაქვს, იმას ვბედავ და ვამბობ. ახლა მაქსიმუმი გითხარით და ჩემს კრებულში შევიტან მეტ ინფორმაციას. "მე ვარჩიე დასავლეთი" - შევარდნაძის ეს ფრაზა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გადასძლია პოლიტიკოსის მასშტაბმა და არ დაწვრილმანდა, სწორი არჩევანი გააკეთა დასავლეთისკენ. სწორი ტაქტიკა იყო, ახალგაზრდა კაცი მოვიდა, რომელმაც რეფორმები ჩაატარა და დასავლეთისკენ ინსტიტუციურად უზარმაზარი ნაბიჯები გადაადგმევინა ჩვენს ქვეყანას.
- ბევრჯერ მსმენია სააკაშვილზეც, რომ ის რუსეთის კაცია. ხშირად საუბრობენ მისი ბიძის - ალასანიას და რუსეთის კავშირებზეც, იმაზეც, როგორ გახადა სააკაშვილმა რუსეთზე დამოკიდებული მთლიანად ქვეყანა, ამაზე რას იტყვით?
- ამ ხელისუფლების დროს 3-ჯერ გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება ნავთობპროდუქტების იმპორტის კუთხით, ბენზინი მთლიანი ბაზრის 44%-ს შეადგენს. უფრო მეტად გავხდით დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ვიყავით 2012 წლამდე, 2,5-ჯერ გაიზარდა ელექტრორესურსის დამოკიდებულება, რუსული გაზი გაიზარდა. ეს არის 2021 წლის ანტიკორუფციულის მონაცემები. ღია დოკუმენტაციაა. ამიტომ სააკაშვილის რუსეთუმეობაზე საუბარი სასაცილოა. თუ ომს გულისხმობენ, დაიდო ჰააგის დასკვნა, რომ საქართველო მოქმედებდა კანონის დაცვით. სააკაშვილმა ბოლომდე ვერ მიიყვანა სამართლებრივი სისტემა. მე არ მყავს კერპები, მე ვაკეთებ ანალიზს. სასამართლო რეფორმა ვერ გაატარა. უშეცდომო იყო-მეთქი, არასოდეს მითქვამს, გირგვლიანის გამო ქუჩაშიც ვიყავი, ახლა ვხედავთ, უბნებში ბანდები რომ დაქრიან. მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს ციხიდან. ამ თემაზე მე ვმუშაობ... რაღაც ძვრები, ალბათ, იქნება. ამ კაცს ციხეში არაფერი არ უნდა მოუვიდეს, ამის საფრთხე არის. 5 თვეა ვიხვეწებით "მრტ" გადაუღონ, თავის ტვინის კვლევა და დიაგნოზი დაუსვან. ძლივს თქვეს ნდობით აღჭურვილმა ექიმებმა, რომ ძალიან მძიმე ცვლილებებია. ომების შემდგომ არის დიდი ამნისტიები, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინა ითხოვს მის გადაცემას, მძიმდება მისი მდგომარეობა და უნდა გამოუშვან ციხიდან სასწრაფოდ.
- მერე რა უთხრას ხელისუფლებამ იმ ხალხს, ვინც მის დასჯას ითხოვს?
- არასოდეს მითქვამს, მისი საქმე არ გაირჩეს-მეთქი. საქმე უნდა განიხილონ, მაგრამ ნონსენსია მურუსიძეს რომ ასამართლებინებენ პრეზიდენტს. ჯერ სასამართლოს რეფორმა ჩატარდეს და მერე გაირჩეს ეს საქმე.
- ეს მურუსიძეც ხომ სააკაშვილის მოყვანილია?..
- ასე შეიძლება თქვა ბურჯანაძეზეც, მისი მოყვანილი არ იყო, რუსული სისტემის ნაწილი იყო და შემოჰყვნენ ამ რევოლუციას... შეუძლებელი იქნება კორუფციაში ჩაფლული მართლმსაჯულების გაკონტროლება, ჯერ რეფორმა უნდა ჩატარდეს... უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყო გიგა ბოკერია, ის ახლა ურტყამს მათრახს სააკაშვილს, ეს სასაცილო და სამარცხვინოა. ასე არ შეიძლება არც მორალურად, არც პოლიტიკურად, ეს არაფერში ჯდება.
(სპეციალურად საიტისთვის)