"ვფიქრობ, სამსახიობო გაკვეთილები ხომ არ ჩავუტაროთ ქართველ პოლიტიკოსებს..." - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, სამსახიობო გაკვეთილები ხომ არ ჩავუტაროთ ქართველ პოლიტიკოსებს..."

"შეიძლება ისე "შემოგეღალატოს" ადამიანი, ვერც კი მიხვდე"

მსახიობ ანა ამილახვარის აზრით, როდესაც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ემსახურები, ემსახურები ქვეყანასაც, ღმერთსაც და საკუთარ თავსაც. ზედმეტად გულახდილია, რაც ბევრჯერ სანანებლადაც გახდომია, მაგრამ მაინც ასე ურჩევნია. როგორც რესპონდენტი კი მართლაც ენაწყლიანი და გულწრფელი მოსაუბრე აღმოჩნდა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ერთხელ ზღვაზე მოულოდნელად ისეთი ქარი ამოვარდა, ერთი მშვენიერი, მზიანი და ფანტასტიკური დღე უცებ ჯოჯოხეთად გადაგვიქცია. ვერ წარმოიდგენთ, იქ რა ხდებოდა: გაშლილი ქოლგები, როგორც ისრები, ისე ცვიოდა, ჩვენ გავრბოდით... კატასტროფა იყო. ასეთი ემოცია მაქვს ომთან დაკავშირებითაც, თუმცა ყალბ და არაფრისმომტან სიჩუმეს, მონობას მაინც გაბრძოლება სჯობს..."

"სადაც გონება მუშაობს, იქ გული მიწყნარდება ხოლმე, სადაც გული - იქ პირიქით, გონება. მე მირჩევნია, გული მქონდეს გახსნილი და როგორმე გადავიტან, თუ ვინმე უსამართლოდ მომექცევა. მთავარი ხიბლი ამ გულღიაობას ის აქვს, რომ თვითონაც ხვდები, როდესაც სხვას არასწორად, დაუმსახურებლად ექცევი. ზედმეტად გულახდილი ვარ და სანანებელიც ბევრჯერ გამხდომია..."

"სიმდიდრის სიყვარული სწორედაც რომ ამონებს სულელებს. ბევრჯერ მიოცნებია, ნეტავ საერთოდ არ არსებობდეს-მეთქი ფული. უცნაური დამოკიდებულება მაქვს ფულთან. უხერხულობას ვგრძნობ, როდესაც ფულს ეხება საქმე, მეზიზღება ხელფასზე ლაპარაკი, უხერხულობაში მაგდებს, არ მიყვარს ვაჭრობა, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და უნდა მოითხოვო შესაბამისი ჰონორარი..."

"სიყვარული მდგომარეობაა, რაღაცნაირად უცებ აგვანთებს ხოლმე, უცებ შემოიჭრება და იწყება თავგადასავლები. სიყვარულის გარეშე ძალიან უინტერესოა ცხოვრება. მართლაც საოცარი შეგრძნებაა - ყველაფერი ფერს იცვლის შენ გარშემო, ყველა და ყველაფერი გიყვარს, არანაირი სიბოროტე არ არსებობს შენში. ერთი დღე არ მაცოცხლოს ღმერთმა უსიყვარულოდ!.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 24 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი