რუსულ სამხედრო ხომალდებს ოკუპირებულ უკრაინულ პორტში „წერტილი“ წერტილს უსვამს... - კვირის პალიტრა

რუსულ სამხედრო ხომალდებს ოკუპირებულ უკრაინულ პორტში „წერტილი“ წერტილს უსვამს...

უკრაინის მიწაზე აფეთქებული რუსული ტანკი ხომ ლამაზად იწვის, უკრაინის ციდან „ჩამოხსნილი“ რუსული ბომბდამშენიც ხომ ეფექტიანად ფეთქდება, მაგრამ უკრაინულ პორტში ცეცხლის ალში გახვეული რუსული დიდი სადესანტო ხომალდების ხილვა, თურმე, სულ სხვა რამ ყოფილა...

მე სისხლისმსმელი არ გეგონოთ, სამხედრო ჟურნალისტიკაში 30-წლიანი სტაჟისა და 7 ომის ადგილზე გაშუქების შემდეგ, მგონი, ყველაზე მეტად მეზიზღება ომი, აფეთქებები და სისხლისღვრები, მაგრამ როდესაც საქმე ქვეყნის და ერის გადარჩენაზე მიდის, მტერს მტერი უნდა დაუძახო და ყველა შესაძლო მეთოდებით მის დამარცხებასა და შენი სამშობლოს ტერიტორიიდან განდევნას უნდა ეცადო...

ეს ძირითადი, რაც ჩვენ საქართველოში ვერც აფხაზეთისა და ვერც აგვისტოს ომების შემდეგ ვერ და არ გავითავისეთ, უკრაინელებმა პრაქტიკად აქციეს და რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი თვის თავზე კრემლს „მსუყე“ საჩუქარი მიართვეს...

2-poto-1648121583.jpg
ვინ იცის, უკრაინელმა მერაკეტეებმა შეიძლება სწორედ ამ „ტოჩკა-უ“-თიც დაუსვეს „წერტილი“ რუსულ ხომალდებს...

აზოვის ზღვის პირას მდებარე უკრაინის საპორტო ქალაქი ბერდიანსკი რუსმა ოკუპანტებმა ჯერ კიდევ 28 თებერვალს, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაიკავეს. რუსებმა სახმელეთო შეტევა მანამდე ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან წამოიწყეს და ჯერ მელიტოპოლს და შემდეგ - ბერდიანსკს დასავლეთი მხრიდან მიადგნენ.

უკრაინის არმიას ყველა ქალაქისთვის საბრძოლველად რესურსები არ ჰყოფნის და ამიტომაც ძირითადი ძალები, ასევე, აზოვის ზღვისპირა მარიუპოლის აღმოსავლეთის მხრიდან დასაცავად იყო მობილიზირებული.

ბერდიანსკში რუსმა ოკუპანტებმა თავი მშვიდად იგრძნეს, ქალაქელების სპროტესტო გამოსვლებს ნახევრად იუმორით უყურებდნენ და არხეინად გრძნობდნენ თავს, სანამ 24 მარტს, დილაადრიან, ბერდიანსკის პორტში აფეთქებების საშინელი ხმები არ გაისმა და პორტი ცეცხლის ალში გაეხვა...

რა მოხდა?

ამ აფეთქებებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც არ არის სრული სურათი ცნობილი, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, ბერდიანსკის პორტში ჩამოსაცლელად მიმდგარ რუსულ დიდ სადესანტო ხომალდებს მოულოდნელად „ესტუმრა“ უკრაინული „ტოჩკა“ და მათ წერტილიც დაუსვა...

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში მოჩანს ბერდიანსკის პორტში მძვინვარე ცეცხლის უზარმაზარი ალები და როგორ „გარბის“ პორტიდან რუსული დიდი სადესანტო ხომალდი...

3-poto-1648121621.jpg
ხანძარი ბერდიანსკის პორტში მდგარ რუსულ დიდ სადესანტო ხომალდზე

უშუალოდ ბერდიანსკის პორტში მყოფი რუსი სამხედროების მიერ ერთ-ერთ „ტელეგრამ-არხზე“ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ -

"7:45 წთ-ზე ბერდიანსკის პორტში „ტოჩკა-უ“-თი თავდასხმა მოხდა პორტში ჩამოტვირთვაზე მდგარ ჩვენს დიდ სადესანტო ხომალდებზე - „სარატოვზე“, „ცეზარ კუნიკოვზე“ და „ნოვოჩერკასკზე“. „სარატოვზე" დანაკარგი უცნობია, გრძელდება ლოკალური ხანძარი კიჩოს ნაწილში და საბრძოლო მასალების აფეთქების საფრთხის გამო, ხომალდი 5 მ-ის სიღრმემდე ჩავძირეთ. „კუნიკოვმა“ და „ნოვოჩერკასკმა“ დაზიანებები მიიღეს და გავიდნენ ზღვაში, დანაკარგები: „კუნიკოვზე“ 8 კაცი დაიჭრა, „ნოვოჩერკასკზე“ 3 დაიღუპა, 3 დაიჭრა, დანაკარგები ზუსტდება...“

თუ დავუჯერებთ პირველ ინფორმაციებს, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო დაზუსტდება, უკრაინელებს მართლაც მოულოდნელი, ზუსტი, ეფექტიანი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საინფორმაციო ომში, ეფექტიანი სარაკეტო დარტყმა განუხორციელებიათ „ტოჩკა-უ“-თი, ბერდიანსკის პორტში თავმოყრილი რუსული სამხედრო ხომალდების დაჯგუფების საწინააღმდეგოდ.

tass-17554632-pic905-895x505-30595-1648121718.jpg
რუსული დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“

მაგრამ ამ კონკრეტულ ინფორმაციაში არსად ფიგურირებს კიდევ ერთი რუსული დიდი სადესანტო ხომალდი - „ორსკი“, რომლიდანაც ბერდიანსკის პორტში ჯავშანტრანსპორტიორების გადმოტვირთვის ვიდეოკადრები რუსეთის სახელმწიფო არხებმა დიდი პომპეზურობით ჯერ კიდევ სამი დღის წინ გაავრცელეს - ხედავთ, უკრაინის ამ პორტს ჩვენ ვაკონტროლებთ და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდიდან საბრძოლო ტექნიკას უპრობლემოდ ვტვირთავთო...

ამ, რუსული პროპაგანდისტული ვიდეორგოლების უკან იმალებოდა იმის მცდელობა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ერთგვარი სირცხვილი ჩამოერეცხათ, პირველ რიგში - რუსეთის მოსახლეობის თვალში - მთელი რუსეთის არმია და ავიაცია ერთი თვეა. უკრაინაში იბრძვის და ამ შავი ზღვის ფლოტმა რა ვერ მოახერხა უკრაინის ნაპირებზე საზღვაო დესანტის გადასხმაო...

შეიძლება ამ, რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელესიუჟეტებმაც დააჩქარა უკრაინელების „წერტილით“ წერტილოვანი დარტყმა ოკუპირებულ ბერდიანსკის პორტში მჭიდროდ თავმოყრილ რუსულ, დიდი სადესანტო ხომალდების ჯგუფზე...

4-poto-1648121663.jpg
აფხაზეთის ომში ჩემ წინ „ამოლანდული“ და შემდეგ „ორსკად“ გადანათლული ეს რუსული დიდი სადესანტო ხომალდი დღეს შეიძლება შავი ზღვის ფსკერზე ეშვება?

თუკი აღმოჩნდება, რომ ბერდიანსკის პორტზე უკრაინის სარაკეტო დარტმის სამიზნე ეს „ორსკიც“ გახდა, ძალაუნებურად გამახსენდება 1993 წლის 27 სექტემბერი, როდესაც აფხაზეთში ალყაში ყოფნისას, მაჭარკასთან, ჩემ წინ, ზღვიდან ნაპირზე სანახევროდ უზარმაზარი სამხედრო ხომალდი ამოვიდა, აპარელი გააღო და იქიდან ორი ჯავშანტრანსპორტიორი გადმოვიდა, მებრძოლების თანხლებით - მე კი ერთი რუმინული „კალაშნიკოვით“, ორი ხელყუმბარითა და პაპაჩემის ნაჩუქარი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ხიშტ-დანით ვედექი წინ...

საბედნიეროდ (ეტყობა, პირველ რიგში, ჩემთვის), ეს ხომალდი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ჯერ კიდევ გაუყოფელი, ყოფილი საბჭოთა შავი ზღვის ფლოტის საკუთრება გახლდათ, საბრძოლველად არ იყო მოსული და იძულებით დევნილები გაიყვანა ფოთში, მე კი მის ბორტზე დიდი შრიფტით დაწერილი საბორტე ტაქტიკური ნომერი -148 დამამახსოვრდა და ფოტოც გადავუღე...

2002 წლის 20 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდს, საბორტე ნომრით -148, ეწოდა საკუთარი სახელი, რუსეთის ერთ-ერთ ქალაქის პატივსაცემად - „ორსკი“...