"არსებული ხელისუფლების პირობებში, ომი რომ დამთავრდება, მშვიდობის უნდა გვეშინოდეს" - რას წერს გია ხუხაშვილი?
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
აღნიშნულ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას ხუხაშვილი პირად ფეისბუკგვერდზე ავრცელებს:
"არსებული ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტად, ომი რომ დამთავრდება, მშვიდობის უნდა გვეშინოდეს…და აი რატომ: როგორი სამხედრო შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, სრულიად ცხადია, რომ მის შედეგად დაეშვება რკინის ფარდა დასავლეთსა და რუსეთს შორის.
ჩამოყალიბდება ორი სამყარო - ერთი, რომლის აღმოსავლეთი ფლანგის ცენტრი იქნება უკრაინა, ნაციონალებად შერაცხული ხელისუფლებით და მეორე, იზოლირებული, თავის ბუნაგში გამომწყვდეული, მაგრამ ჯერ კიდევ ამბიციური, საშიში და აგრესიული რუსეთი, რომელსაც ექნება პრეტენზია საქართველოზეც.
ეს იქნება მომენტი, როცა ორმაგი თამაშები და ბალანსების ძებნა შეუძლებელი გახდება. რას აირჩევს ხელისუფლება - "განაცებულ" უკრაინას, ცენტრისტულ აღმოსავლეთ ევროპის ალიანსს, ძალაუფლების გარდაუვალი დაკარგვის საფრთხით თუ "მშვიდობის" სახელით რუსეთთან კოლაბორაციას, ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიით?!" - წერს ხუხაშვილი