„თურქეთი დილემის წინაშე: ვის მხარესაა რეჯეფ ერდოღანი?“ - The Spectator - კვირის პალიტრა

„თურქეთი დილემის წინაშე: ვის მხარესაა რეჯეფ ერდოღანი?“ - The Spectator

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით - „თურქეთი დილემის წინაშე: ვის მხარესაა რეჯეფ ერდოღანი?“ (ავტორი - ოუენ მეთიუზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის დაუფიქრებელი ბლიცკრიგი უკრაინაში ჩაიფუშა - პირველ რიგში, უკრაინელი ჯარისკაცების და სამოქალაქო პირების გამბედაობით და მათი გმირული მოქმედებით, ასევე, გადამწყვეტი როლი შეასრულა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებულმა ტანკსაწინააღმდეგო იარაღმაც... მაგრამ ომის ყველაზე მოულოდნელი და ეფექტიანი იარაღი აღმოჩნდა უკრაინის არმიის კუთვნილი, თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები - დრონები, რომლებსაც „ბაირაქტრებს“ (Bayraktar TB2) უწოდებენ. მოულოდნელი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლის ველზე ძლიერ გამანადგურებელ ძალას აჩვენებენ, არამედ იმიტომაც, რომ „ბაირაქტრების“ შემქმნელ-გამომგონებლის, სელჩუკ ბაირაქტარის სიმამრია რეჯეფ ერდოღანი - ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც თავის თავს ოდესღაც ვლადიმერ პუტინის მეგობარი უწოდა.

25032022-1045-1648190734.12_REC.png
პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა. სოჭი, 2020 წ.

რეჯეფ ერდოღანი, რომელსაც გავლენა აქვს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, რომლის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ერთნაირად უფრთხილდებიან როგორც მოსკოვი, ისე - ვაშინგტონი, მეომარ მხარეებს შორის მომლაპარაკებელ საკვანძო შუამავლად გადაიქცა. ახლახან, ნატოს სამიტზე ამერიკის პრეზიდენტი შეეცადა დაერწმუნებინა თურქეთის ლიდერი, რომ რუსეთისაგან 2017 წელს ნაყიდი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 უკრაინისთვის მიეცა, სამაგიეროდ კი თურქეთი მიიღებდა Patriot-ის ტიპის ამერიკულ სარაკეტო კომპლექსს და დაბრუნდებოდა F-35 ავიაგამანადგურებლის პროექტში, საიდანაც ანკარა სწორედ რუსეთისგან С-400-ების ყიდვის გამო, „დასჯილის“ სახით გააძევეს, მაგრამ ერდოღანმა ბაიდენს უარი უთხრა. თურქეთსა და ნატოს სხვა წევრებს ერთმანეთთან დიდი ხანია, არასახარბიელო ურთიერთობა აქვთ, რომლის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, მოსკოვთან ანკარის თბილი დამოკიდებულებაც არის. შესაბამისად, ვაშინგტონს ამჟამად უკიდურესად სჭირდება ნატოს „საოჯახო“ ერთიანობის აღდგენა-განმტკიცება, რუსეთის წინააღმდეგ.

დღემდე რეჯეფ ერდოღანი თავის სტრატეგიულ მდგომარეობას ინარჩუნებდა - ერთი მხრივ, ანკარა არ შეუერთდა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ ეკონომიკურ სანქციებს, ასევე, თურქეთის საჰაერო სივრცე ღია იყო რუსეთის სამოქალაქო ავიაციისათვის; მეორე მხრივ, თურქეთმა ბოსფორ-დარდანელის სრუტეებში რუსული სამხედრო გემების გატარების საკითხში (მონტრეს 1936 წლის კონვენციის მიხედვით) მოსკოვისათვის არცთუ მთლად სასურველი პოზიცია დაიკავა და განაცხადა, რომ სრუტეების გავლით შავ ზღვაში შევლენ მხოლოდ ის რუსული ხომალდები, რომლებთაც ბაზა ადგილობრივ ნავსადგურებში აქვთ. ეს ნატოსადმი ლოიალობას ნიშნავდა. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს „ომი“ უწოდა, რაც ეწინააღმდეგება კრემლის ვერსიას („სპეცოპერაციას“), თვით რეჯეფ ერდოღანმა კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა მიუღებლად ჩათვალა.

ამის მიუხედავად, კრიზისის განმავლობაში თურქეთის პრეზიდენტი რეგულარულად ელაპარაკებოდა ტელეფონით თავის რუს და უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში არიან, აგრეთვე - ბელარუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს. რეჯეფ ერდოღანის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი მუდმივად ხაზს უსვამდა რუსეთთან არსებულ ნდობის ფაქტორს, რაც ხელშემწყობია „დიპლომატიის წარმატებებისათვის“. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ამჟამად მოსკოვისთვის ერთადერთ საიმედო პარტნიორად რჩება დასავლეთთან მოლაპარაკების საკითხში, რადგან კრემლმა „ხიდები დაწვა“ სხვა სავარაუდო შუამავლების მიმართ. ობიექტურად თუ ვიტყვით, იბრაჰიმ კალინი მართალია: იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი მტკიცედ გამოდის ვლადიმერ ზელენსკის მომხრედ, სი ძინპინი კი ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ფრთხილ დიპლომატიურ მხარდაჭერას სთავაზობს, არავინ დარჩა, რეჯეფ ერდოღანის გარდა, რომელსაც სერიოზული შუამავლის როლის შესრულება შეუძლია. ამას ანტალიაში თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც ადასტურებს.

25032022-1048-1648191092.41_REC.png
სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთს პირველად 10 მარტს ანტალიაში შეხვდნენ

შუამავლის როლს - თუ რეჯეფ ერდოღანი წონასწორობას დაიცავს შეურიგებელ მტრებს შორის - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითონ თურქეთის პრეზიდენტისთვისაც, საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისა და სიცოცხლისუნარიანობისათვის. თურქეთის ტურისტული ინდუტრიის საფუძველს რუსი ტურისტები ქმნიან, ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდაპროდუქტში 13%-ს შეადგენს. მოსკოვში მშენებლობის ბუმის დროს, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის მეორე პერიოდში, უპირატესობა თურქმა კომპანიებმა მიიღეს. თავის მხრივ, რეჯეფ ერდოღანმა მტკიცედ დაუჭირა მხარი შავი ზღვის ფსკერზე ჩადებულ რუსეთ-თურქეთის მილსადენებს, რომლის მეშვეობით თურქეთი რუსეთიდან მისთვის საჭირო ბუნებრივი გაზის 30 პროცენტს იღებს. გარდა ამისა, რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს - „როსატომის“ მონაწილეობით თურქეთში, მერსინის პროვინციაში, ატომური ელექტროსადგური შენდება. სხვათა შორის, ანტალიაში არსებობს ვასილი ნეტარის ტაძარი, რომელიც მოსკოვის წითელ მოედანზე მდებარე იმავე სახელის მქონე დიდი ტაძრის შემცირებულ ასლს წარმოადგენს.

ვლადიმერ პუტინისაგან განსხვავებით, რეჯეფ ერდოღანს მომავალ წელს რეალურად კონკურენტიანი, რთული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოუწევს. მან რომ გაიმარჯვოს, ამისათვის ეკონომიკის კრახი თავიდან უნდა აიცილოს. სანქციების შედეგად რუსული რუბლის 40%-იანი ინფლაცია თურქეთის ეკონომიკასაც ძლიერად „დაარტყამს“, განსაკუთრებით - ტურისტულ სექტორს, რუსეთში ბიზნესის მქონე თურქული სამშენებლო კომპანიები დაზარალდებიან და თურქეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიც შემცირდება. რიგითი თურქი მოქალაქეების შემოსავლები ისედაც ძალიან დაეცა 38%-იანი შიდაინფლაციის გამო და თუ მას რუსეთის ფაქტორიც დაემატება, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, პლუს - ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების საშინელი ზრდა... რეჯეფ ერდოღანს, უბრალოდ, უკიდურესად არ აწყობს, რომ ვლადიმერ პუტინი მის მტრად გადაიქცეს.

ტემპერამენტით და იდეოლოგიურად რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ძალიან ჰგანან, შესაბამისად, მათ შორის ახლო მეგობრობის საფუძველი ნამდვილად არსებობს - ორივე ხელისუფლებაშია ორი ათეული წლის განმავლობაში, ორივე ზეწოლას ახდენს თავისუფალ პრესაზე, ორივე ანადგურებს თავიანთ მოწინააღმდეგე ბიზნესმენ ოლიგარქებს, ორივე ციხეში გზავნის პოლიტიკურ ოპონენტებს და წარმატებით სარგებლობს „ჯიბის მასმედიით“, საკუთარი პიროვნების კულტის შესაქმნელად. ვლადიმერ პუტინიც და რეჯეფ ერდოღანიც ღრმად არიან დაკომპლექსებულნი თავიანთი ქვეყნების (იმპერიების) ისტორიული წარსულით, ნოსტალგია აქვთ მასზე და საგარეო პოლიტიკასაც იმპერიულობის ნიშნით ატარებენ. ვაშინგტონის ჰეგემონია ორივესთვის - რუსი და თურქი ლიდერებისათვის ერთნაირი „საფრთხობელაა“, შესაბამისად, ორივე იზიარებს პარანოიდულ თეორიას დასავლეთის ხრიკებზე, დასავლეთის აგენტებზე, რომლებიც მათი მმართველობისთვის „ძირის გამოთხრას ცდილობენ“.

რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ ერდოღანს შორის საკმაოდ ბევრი უთანხმოება არსებობს. სტრატეგიული თანამშრომლობის მიუხედავად, ორივე ავტოკრატი საკუთარ „ციხე-სიმაგრეში“ ზის. ისინი ყველაფერში ნამდვილი მოკავშირეები არ არიან და ვერც გახდებიან, თითოეულს საკუთარი ინტერესები აქვს, რომელიც მეორეს არ აწყობს. პირველი დიდი პოლიტიკური სკანდალი ყირიმის ანექსია გახდა - უკრაინის ნახევარკუნძულისა, სადაც ყირიმელი თათრები ცხოვრობენ. მათ მიმართ რეჯეფ ერდოღანს საკუთარი ეთნონაციონალური ინტერესი აქვს. მან მწვავედ გააკრიტიკა თავისი რუსი კოლეგა და ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. შემდეგ ამას მოჰყვა სირიის მოვლენების ჯაჭვი - ინციდენტი თურქეთის მიერ რუსეთის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი, რომელიც თურქი სამხედრო მოსამსახურეების დაბომბვით გამოიხატა და - სხვა არასასიამოვნო ფაქტები. იმ ხანებში ორივე ლიდერს სოჭში საკმაოდ ცივი შეხვედრა ჰქონდა.

იმ დროს, როცა მოსკოვი და ანკარა ერთმანეთს „აზრებს უზიარებდნენ“ ყირიმელი თათრების უფლებებთან დაკავშირებით, თურქი ბიზნესმენები უკრაინასთან კავშირებს აბამდნენ. ყველაზე საბედისწერო იყო ის, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) კურსდამთავრებულმა 42 წლის ბიზნესმენმა, რეჯეფ ერდოღანის სიძემ სელჩუკ ბაირაქტარმა უკრაინას თავისი კომპანიის მიერ წარმოებული ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი (დრონები) მიჰყიდა. თურქული დრონები - Bayraktar TB2-ები - შედარებით იაფია და ფრენის მაღალი სიჩქარით გამოირჩევიან, მათ ჰაერში ყოფნა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ და ძლიერი დარტყმით-შემტევითი მახასიათებლები აქვთ. მათი ექსპლუატაცია საკმაოდ იოლია. უკრაინელმა სამხედრო ოპერატორებმა თურქული დრონებით რუსეთის ჯავშანტექნიკას დიდი ზიანი მიაყენეს. გარდა ამისა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე რეჯეფ ერდოღანმა ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივ შეთანხმებას.

რეჯეფ ერდოღანს დასავლეთი ისევე ძალიან სჭირდება, როგორც - რუსეთი. ათობით წლის განმავლობაში იგი ცდილობს, თურქეთი ენერგეტიკულ ცენტრად გადააქციოს, რომელიც ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და სამხრეთ ევროპას შორის მდებარეობს. ბოლო დროს თურქეთი ინტენსიურად უახლოვდება ისრაელს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გაზის საბადოებიდან მილსადენის სავარაუდო მშენებლობასა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თანამშრომლობაში გამოიხატება (თურქეთის დაზვერვამ თავიდან აიცილა ირანელი ტერორისტების მიერ ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობა).

ვლადიმერ პუტინისაგან განსხვავებით, რომელმაც თავისი პოლიტიკით თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა და სსრ კავშირის ყოფილი მოკავშირე რადიკალურად მოიძულა (ბელარუსისა და სირიის გარდა), რეჯეფ ერდოღანმა დაამტკიცა, რომ იგი ოსტატია როგორც მეგობრებს შორის შუღლის ჩამოგდებისა, ასევე - მათი შერიგებისა, ანუ იგი გარკვეულ ბალანსს იცავს [და შეიძლება ითქვას, სიტუაციიდან მშრალი გამოდის]. ბოლო დროს თურქეთის პრეზიდენტი „ბეწვის ხიდზე“ დადის ვაშინგტონს, მოსკოვსა და კიევს შორის, რამაც თავისი ნაყოფი გამოიღო როგორც ანკარისათვის, ასევე - მოსკოვისთვისაც. ვლადიმერ პუტინი ეძებს ომიდან სასწრაფო გამოსავალს, სახის შესანარჩუნებლად, და ეს გამოსავალი შეიძლება მას რუსეთის ძველმა მტერმა - თურქეთმა შესთავაზოს.

პუტინის არმია, დაგეგმილი ელვისებური „სპეცოპერაციის“ ნაცვლად, გაჭიანურებულ ბრძოლებში ჩაეფლო. მოსკოვი იძულებული გახდა, უარი ეთქვა სტრატეგიულ მიზნებზე - უკრაინის ხელისუფლების შეცვლასა და უკრაინის ტერიტორიის დანაწილებაზე. ანტალიაში შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ საოცრად „მორიდებული“ პოზიცია გამოავლინა იმასთან შედარებით, რაც ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების წინ განაცხადა. ანტალიაში რუსი მინისტრი სერგეი ლავროვი ლაპარაკობდა მხოლოდ იმაზე, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში შესვლაზე, შეამციროს თავისი არმია და დათმოს ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი. რასაკვირველია, კიევისათვის ამ მოთხოვნების შესრულებაც მტკივნეულია, მაგრამ უკრაინას დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აწყობს - გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მაინც არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ რუსეთის ჭარბ ძალებს ომს მოუგებენ. კიევისათვის დღეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ისაა, რომ ცეცხლი შეწყდეს, ომი არ წააგოს [კაპიტულაციის გარეშე] და იმავდროულად, რუსეთი სისხლიან ჩიხში მოაქციოს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რეჯეფ ერდოღანი დაინტერესებული უნდა იყოს უკრაინის კრიზისის მოგვარებით, ლტოლვილებია. ათობით ათასი რუსი ჩავიდა სტამბოლში და ანტალიაში რუსეთიდან. ზოგიერთები რეპრესიებს გაექცნენ, უმრავლესობამ თავი იმ ეკონომიკურ კოლაფსს აარიდა, რომელიც რუსეთს ელოდება. თურქეთი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, სადაც რუსეთის მოქალაქეს ვიზის გარეშე ყოფნა შეუძლია. თურქეთში მოსკოვიდან ჯერ კიდევ დაფრინავენ რუსული სამგზავრო თვითმფრინავები და - პირიქით. მაგრამ ანკარას რუსი განათლებული ლტოლვილები იმდენად არ აღელვებს, რამდენადაც ახლო აღმოსავლელები, რომლებიც თურქეთს, სავარაუდოდ, მალე მიაწყდებიან. საქმე ისაა, რომ რუსეთი და უკრაინა ხორბლის მსხვილი ექსპორტიორები არიან, უკრაინულ და რუსულ ხორბალს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ყიდულობდნენ ერაყი, ეგვიპტე, სირია და რეგიონის რიგი სახელმწიფოები. ომმა გააჩინა იმის საფრთხე, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი შეწყდება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოება დაირღვევა, ფასები მკვეთრად იმატებს, შესაძლოა, შიმშილიც დაიწყოს, თურქეთი კი იქვეა...

მოკლედ რომ ვთქვათ, რეჯეფ ერდოღანი ძალიან არის დაინტერესებული, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ორი მეზობლის კონფლიქტი, რომელიც მისი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი არის.

ამასთან, ვაშინგტონის შეხედულებით კი, რეჯეფ ერდოღანმა [მხარეების დაზავებისთვის] არ უნდა იჩქაროს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არ სურს, რომ ამ ომიდან რუსეთი გამარჯვებულის სახით გამოვიდეს. აშშ-ის ნატოელი მოკავშირეებიც იმას ფიქრობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ პუტინის რეჟიმის შეცვლის შემდეგ თუ მოხერხდება.

მეორე მხრივ კი, ვლადიმერ პუტინი მისი მეგობრებისთვის - ისეთებისთვის, როგორიც სი ძინპინი და რეჯეფ ერდოღანია, მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს: მის გარეშე სრულიად მოიშლება უკვე არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, დაიწყება რეჟიმის ქაოსური კრახი. რამდენადაც ვლადიმერ ზელენსკიმ უკვე აღიარა, რომ უკრაინის ნატოში წევრობა უკვე დღის წესრიგში აღარ დგას, რეჯეფ ერდოღანი მხარს დაუჭერს ომიდან ისეთ გამოსავალს, რომელიც ვლადიმერ პუტინს სახეს შეუნარჩუნებს და გადაარჩენს. რასაკვირველია, ერდოღანის ასეთმა მოქმედებამ შეიძლება მისი ნატოელი მოკავშირეები გაანაწყენოს და ისრაელსაც არ მოეწონოს, მაგრამ ეს მომავლის სადისკუსიო საკითხია. ამჟამად კი უკრაინა, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე ოსმალეთ-რუსეთის იმპერიებისა და ევროპულ ქვეყნებს შორის კონფლიქტში, ჩაბმულია „სამეფო კარის“ სტრატეგიულ თამაშებში, რომელშიც მას მხოლოდ ცოტა რამ თუ აქვს სათქმელი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ