"ვიცი, რომ საქართველოში არის პარტია, რომელიც ჩემი ამ მოწოდების წინააღმდეგია, მაგრამ მე მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს!" - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ საქართველოში არის პარტია, რომელიც ჩემი ამ მოწოდების წინააღმდეგია, მაგრამ მე მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს!"

"...ხომ ხედავთ, ყველა როგორ უფრთხილდება თავის ქვეყანას! არავის უნდა, პირდაპირი დახმარების სურვილი გამოთქვას... თავიანთ მოსახლეობას უფრთხილდებიან, არ სურთ, თანამოქალაქეები დაეხოცოთ და ქვეყანა დაენგრეთ! ჩვენც ამ მხრივ, მგონი, ცოტა მეტი ჭკუა გვმართებს... მშვიდად, წყნარად ვიყოთ, ჩვენს თავს მოვუაროთ და ნუ მივძვრებით იქ, სადაც არ არის საჭირო ზედმეტად ჩვენი შეძრომა! " - გვითხრა რუსთაველის თეატრის მსახიობმა თათული დოლიძემ, რომელმაც თავისი მოსაზრება დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" გულწრფელად გაუზიარა და არც უმწვავეს კრიტიკას მორიდებია...

- ქალბატონო თათული, წარმოიდგენდით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, მიუხედავად ძალიან დაძაბული ვითარებისა?

- წარმოდგენით ადამიანმა ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინო... რაც ხდება, თითქოს, მთელი მსოფლიო ამაშია ჩართული, მაგრამ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ამ კოშმარს ბოლო არ უჩანს. არ ვიცი, საით მიდის ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, ზოგჯერ გაუგებარი განცხადებებიც კეთდება.

- ვისი მხრიდან?

- ყველასგან... სხვათა შორის, ყველაზე ნაკლებად ჩვენგან, ეს მინდა, მკაფიოდ ვთქვა! რასაც ვხედავ, იმას ვამბობ, თორემ მე არ მაქვს სამხედრო განათლება, რამე შეფასებები დავდო...

- თქვენი ხელოვნებით უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან თუ გქონიათ კავშირი?..

- როგორ არ მქონია?! ახლაც თბილისში არიან ჩამოსული ჩემი საუკეთესო მეგობრები, ოჯახია, სადაც ქმარი რუსია და მეუღლე - უკრაინელი... რადგან ეროვნებით რუსია, უნდა მეთქვა, შენს მეუღლეს მივიღებ და შენ არა-მეთქი? - ამ დროს, ორივემ დატოვა რუსეთის მოქალაქეობა და ახლა უკრაინაში შესვლას აპირებდნენ, მაგრამ შვილი ამერიკაში ჰყავთ და მან შემოუთვალა, თუ ჩემი ოდნავ სიყვარული და პატივისცემა გაქვთ, არ გაბედოთო... ამიტომაც თბილისში ჩამოვიდნენ.

საქართველოში რომ რუსეთიდან ჩამოსულების მიმართ აგრესიას ავლენენ, ეს უკვე აღარ ვიცი, რა ნორმაში ჯდება! ვინ მოიგონა და როგორ ეკადრება ნორმალურ ადამიანს?! ვინმეს ელემენტარული კულტურა და აღზრდა თუ აქვს, ეს არ ეკადრება!

- ამბობენ, საქართველოს 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს და რუსები აქ როგორ მოდიანო...

- მაშინ გერმანია დღემდე უარყოფილი უნდა იყოს და იქ არავინ არ უნდა ჩადიოდეს! ამ ხალხს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები? - თვითონ არიან რუსეთიდან გამოქცეულები... თუ აგენტების შემოსვლის ეშინიათ, რომელი აგენტი გეტყვის, მე ვარო?! თან, რაც უნდა გზები და საზღვრები გადაკეტო, აგენტი მაინც მშვენივრად შემოვა. ესენი ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები არიან! ასეა მსოფლიოს ყველა დედაქალაქში და აგენტებზე პირველად ახლა გაიგეს? ჩვეულებრივი სამსახურია მათი და საქართველოში ძალიან ცალმხრივად ესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა! აგენტები რომ არ არსებობდნენ, წარმოდგენაც არ შეიძლება, საერთოდ რა მოხდებოდა და რა დატრიალდებოდა! არსებობს მაღალი დონის აგენტურა და შეიძლება ადამიანი ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, მისი გარდაცვალების შემდეგ გაიგონ, აგენტი რომ იყო... წვრილ-წვრილი აგენტები არც ითვლებიან, ასე ჩვენც გვყავს სხვა ქვეყნებში, ალბათ, და ამიტომაც, ეს ძალიან იაფფასიანი მიზეზია, რომ რუს ხალხს ახლა აქ შემოსვლის გამო უდიერად მოექცნენ. საერთოდ, ძალიან ჩვეულებრივად უნდა მოვიქცეთ! ჩვენ ზომიერება არაფერში გაგვაჩნია! არ არის საჭირო უსაშველო რამეების ჩადენა... მშვიდობიანად ვიყოთ, შეურაცხყოფა არავის მივაყენოთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ...

მე უკვე აფთიაქებში შევამჩნიე, რუსი ეროვნების ადამიანი შედის წამლის საყიდლად, რუსულად ხმას ვერ იღებს და აფთიაქარს დამტვრეული ინგლისურით, ძალიან მორცხვად, მორიდებულად მიმართავს... ეს სამარცხვინოა!

პოლიტიკოსი არ გახლავართ, ერთადერთი, რაც მინდა, მსოფლიო დამშვიდდეს... მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს, ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინის და რუსეთის გადასაწყვეტი. მთელი მსოფლიო ერთმანეთზე გადახლართულ-გადაბმულია!

ახლა ძალიან ძნელია დასკვნების გამოტანა, როცა პირდაპირ ვუყურებთ ამ საშინელებას. გავა ცოტა დრო და, ალბათ, ყველაფერი დალაგდება... ერთადერთი, რასაც აღარ ეშველება, დაღუპული ხალხია... ეს არის კატასტროფა! ყველა ძალიან ცოდვაა, ვინც შეეწირა, მაგრამ ამდენი ბავშვის მსხვერპლი პირდაპირ გაუგონარი რამაა...

ხომ ხედავთ, ყველა როგორ უფრთხილდება თავის ქვეყანას! არავის უნდა პირდაპირი დახმარების სურვილი გამოთქვას...თავიანთ მოქალაქეებს უფრთხილდებიან, არ სურთ, თანამოქალაქეები დაეხოცოთ და ქვეყანა დაენგრეთ! ჩვენც ამ მხრივ, მგონი, ცოტა მეტი ჭკუა გვმართებს... მშვიდად, წყნარად ვიყოთ, ჩვენს თავს მოვუაროთ და ნუ მივძვრებით იქ, სადაც არ არის საჭირო ჩვენი ზედმეტად შეძრომა!

ვინც მოხალისეები არიან, ასეთი ხალხი ყოველთვის იყო და იქნებიან, ეს მათი მოწოდებაა... რა თქმა უნდა, ისინი დიდ პატივისცემას იმსახურებენ! ისინი უჩუმრად, არავითარ რეკლამას არ იკეთებენ, არც ვიცით, რა გზებით ჩადიან და თავიანთ საქმეს აკეთებენ! ეს მათი პროფესიაა! დანარჩენებმა ჯობია, ჩვენი ადგილი ვიცოდეთ, ჩვენს საქმეს მივხედოთ და ზედმეტად თვალებში ნუ მოვხვდებით ვინმეს! ვიცი, რომ საქართველოში არის პარტია, რომელიც ჩემი ამ მოწოდების წინააღმდეგია, მაგრამ მე მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს!

- ზოგიერთებისგან გაჟღერდა, ხელსაყრელი დროა აფხაზეთის და ოსეთის დასაბრუნებლადო...

- რა სისულელეა და გთხოვთ, გიჟებზე ნუ მეკითხებით ნურაფერს! მორჩა, დამთავრდა ეგ პარტიაც და ეგენიც! თუ არ დამთავრდა და ჩვენ ძალიან უჭკუო ერი ვყოფილვართ!

ვიმეორებ, ჩვენ მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, თუ შეგვიძლია! თუ არ შეგვიძლია და მოსახდენი მაინც მოხდება!

(სპეციალურად საიტისთვის)