„რით დასრულდება ომი უკრაინაში?“ - NYTIMES - კვირის პალიტრა

„რით დასრულდება ომი უკრაინაში?“ - NYTIMES

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „რით დასრულდება ომი უკრაინაში?“ (ავტორი - სპენსერ ბოქათ-ლინდელი), რომელშიც მიმოხილულია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა და გადმოცემულია სავარაუდო ვარიანტები ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

„უკრაინაში ერთი თვეა, ომი გრძელდება. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ამბობს, ერთი მხრივ, რუსეთის არმიის შეტევა შეჩერებულია, ჯარმა დღემდე ვერ მოახერხა ვლადიმერ პუტინის მიერ დაგეგმილი ვერც ერთი მთავარი მიზნის მიღწევა, მაგრამ მეორე მხრივ, დაკარგა რა ომში შვიდი ათასი სამხედრო მოსამსახურე (აშშ-ის მონაცემებით), ვლადიმერ პუტინს შეუძლია გააძლიეროს დაბომბვები, რომლის შედეგადაც უკვე დანგრეულია უკრაინის ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილი და დაღუპულია 900-მდე მშვიდობიანი მცხოვრები. როდემდე გაგრძელდება ომი და როგორ დასრულდება?“, - აღნიშნულია სტატიის დასაწყისში.

ავტორი ომის დასრულების რამდენიმე „პოტენციურ გზას“ გვთავაზობს, რომელიც გულისხმობს როგორც გაჭიანურებული საომარი მოქმედებების გრძელვადიანი დამთავრების ვარიანტს, ასევე - შედარებით მოკლევადიანს - დიპლომატიური მოლაპარაკებით დასრულებას.

პირველი ვარიანტი: მოლაპარაკება თურქეთის ძალისხმევით

გასულ კვირას, კიევისა და სხვა ქალაქების საავიაციო და საარტილერიო დაბომბვების მიუხედავად, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მათი თურქი კოლეგის შუამავლობით, ანტალიაში მოლაპარაკება დაიწყეს. დიალოგი რთულია, მაგრამ იმპულსი არის. „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიმომხილველის, დევიდ ლეონჰარდტის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ორივე მხარეს, რა თქმა უნდა, აქვთ ისეთი პირობები, რომლებიც „ხელშეუხებელია და განხილვას არ ექვემდებარება“. უკრაინა, სავარაუდოდ, არ დათმობს კიევზე კონტროლს და უარს იტყვის ყოველგვარ პირობაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო რუსეთი არ დაეთანხმება არავითარ პირობას, რომელიც უკრაინას ღია კარს დაუტოვებს ნატოში შესასვლელად.

რამდენად შესაძლებელია საზავო შეთანხმების დადება? ჯერჯერობით ამ მხრივ დიდი იმედები არ არსებობს. სკეპტიკურად არიან განწყობილნი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და მისი ფრანგი კოლეგაც. მაგრამ საომარი თეატრის სურათი სწრაფად იცვლება და ზოგიერთი ექსპერტი ფრთხილად, მაგრამ მაინც ლაპარაკობს დიპლომატიის პოზიტიურ პოტენციალზე. აშშ-ის ბრენტ სკოუკროფტის სახელობის უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ემა ეშფორდის თქმით, რუსული არმიის საომარი მოქმედებების დაბალმა ეფექტმა კრემლი აიძულა, თავისი მოთხოვნები შეერბილებინა. მოსკოველი ოფიციალური პირები დღეს ნაკლებად ლაპარაკობენ უკრაინის ხელისუფლების შეცვლასა და „დემილიტარიზებაზე“, მაგრამ უფრო ბევრს - ნეიტრალიტეტზე. „არ არის გამორიცხული, რომ ორიოდე კვირის შემდეგ დადგეს მომენტი, როცა სამშვიდობო მოლაპარაკება გააქტიურდება და მხარეები ზავზე შეთანხმდებიან“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მეორე ვარიანტი: ხანგრძლივი დამქანცველი ომი

რუსეთის ჯარების მოქმედების დაბალმა „მარგი ქმედების კოეფიციენტმა“ შეიძლება ვლადიმერ პუტინი დიპლომატიურ მოლაპარაკებაზე აიძულოს, მაგრამ, როგორც პოლიტიკური მიმომხილველი თომას ფრიდმანი აღნიშნავს, ეს იქნება რუსეთის პრეზიდენტის გეგმა „ბ“ - მოლაპარაკება ძლიერი პოზიციით, ანუ გააქტიურებული საჰაერო დაბომბვების თანხლებით. „თუ ვლადიმერ პუტინი ვერ მოახერხებს უკრაინის სრულ გაკონტროლებას, მაშინ იგი შეეცდება კიევს თავისი პირობები მოახვიოს - დაბომბვებით შექმნის ისეთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას, რის შედეგადაც მოსახლეობა იძულებული გახდება, კიდევ უფრო მეტი რაოდენობით გაიქცეს საზღვარგარეთ - პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში. ამ შემთხვევაში კონფლიქტი გაჭიანურდება და დამქანცველი გახდება, შედეგების პროგნოზირება კი შეუძლებელი იქნება.

როგორი რეაგირება ექნებათ დასავლეთის ქვეყნებს ამგვარი მოლაპარაკების (დიალოგი დაბომბვების თანხლებით) მიმართ? „ნიუ-იორკ თაიმსის“ ექსპერტი დევიდ სენგერი თვლის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი გაძლიერდება - იარაღით, მატერიალური რესურსებით, ჰუმანიტარული ძალისხმევით... თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ დადგება, ალბათ, მომენტი, როცა ამ ქვეყნების ლიდერები ზეწოლას მოახდენენ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე, რომ იგი ყოველგვარ პირობას დათანხმდეს ომის შესაჩერებლად.

მესამე ვარიანტი: ჩინეთის აქტიური როლი

დაეხმარება თუ არა რუსეთის ყველაზე უძლიერესი მოკავშირე ვლადიმერ პუტინს? როგორც აშშ აცხადებს, მოსკოვმა პეკინს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის თხოვნით მიმართა, მაგრამ ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი გააფრთხილა, თუ დაეხმარები, შენს მოქმედებას „შედეგები მოჰყვებაო“, მაგრამ არ დაუზუსტებია. „აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე არსებული დილემა იმაში გამოიხატება, რომ ჩინეთს მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს და გლობალური გავლენით სარგებლობს. რუსეთისაგან განსხვავებით, რომლისთვისაც შედარებით იოლი გადასატანია დასავლური სანქციების ნეგატიური ზემოქმედება, ჩინეთი მსოფლიოში გლობალურ როლს ასრულებს, პრაქტიკულად, ყველა სახის პროდუქციის მიწოდებაში - ელექტრომოწყობილობებიდან მზის ბატარეებამდე“, - წერს ავტორი, თუმცა იქვე შენიშნავს: რასაკვირველია, ჩინეთიც არის გარკვეულწილად რუსეთზე დამოკიდებული, მათ ბევრ საკითხში მსგავსი პოზიციები აქვთ და შესაძლოა სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს ერთგვარი დახმარებაც გაუწიოს ეკონომიკურ სფეროში.

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიმომხილველი პოლ კრუგმანი ამბობს, ჩინეთის ეკონომიკური დახმარება რუსეთის მიმართ დასავლეთმა შეიძლება მოითმინოს, მაგრამ რაც შეეხება პირდაპირ სამხედრო დახმარებას, ამ შემთხვევაში ჩინეთი ძალიან გარისკავს - დასავლეთი პეკინს ზურგს შეაქცევს.

ალბათ, ამიტომაც ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ჩინეთი სიტუაციაში აუცილებლად ჩაერევა და რუსეთს „აიძულებს“, უკრაინაში აგრესია შეწყვიტოს. რასაკვირველია, მოსკოვის პირობების მთლიანი თუ არა, ნაწილობრივ გათვალისწინებით. პეკინს არ აწყობს აშშ-ისა და ევროკავშირის დომინირება უკრაინის კრიზისში, მაგრამ არც კავშირების გაწყვეტა სურს. ამ მომენტში ჩინეთი შუალედური გზით მოქმედებს, არ გმობს რუსეთის ინტერვენციას, მაგრამ არც უარს აცხადებს ძალისხმევაზე კონფლიქტის დეესკალაციისათვის.

მეოთხე ვარიანტი: ვლადიმერ პუტინი იპყრობს უკრაინას და არ ჩერდება

ვთქვათ და, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობა როგორღაც მოახერხა და ქვეყნის მთავრობა დაამხო. რა პერსპექტივა აქვს ამის შემდეგ კრემლის დიქტატორს?

„ოპტიმისტური ვერსია იმაში გამოიხატება, რომ იგი უკრაინის დაპყრობის შემდეგ მოკვდება, მას მოკლავენ. იმიტომ, რომ თუ ის ცოცხალი დარჩება, უკრაინის დაპყრობას მოჰყვება მოლდოვას, საქართველოს, ბალტიისპირეთის, პოლონეთის ხელში ჩაგდება. ანუ მსგავსი მოვლენები განმეორდება“, - ამბობს „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიმომხილველი მაშა გესენი.

რუსეთის თავდასხმა იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, რომლებიც უკვე ნატოს წევრები არიან, ნებით თუ უნებლიედ, ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციასა და შეტაკებას გამოიწვევს. რაც უფრო გაფართოვდება საომარი მოქმედებები, მით უფრო მეტად სავარაუდოა რომელიმე „გზააბნეული“ რაკეტის ჩამოვადნა ნატოს ტერიტორიაზე, ან რუსები ჩამოაგდებენ ნატოს წევრი ქვეყნის თვითმფრინავს“, - აღნიშნავს ექსპერტი კეროლ ლენდრი.

ჯო ბაიდენის თქმით, ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გადატანა „მესამე მსოფლიო ომის დაწყების მანიშნებელი იქნება“. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, განცხადების ასეთი ფორმულირება გადაჭარბებულია: რუსეთი, რა თქმა უნდა, აცნობიერებს იმას, რომ ბირთვული დარტყმების შედეგად თვითონაც ძალიან დაზარალდება და საერთოდ, ატომური ომი პლანეტარულ კატასტროფას გამოიწვევს. ასეთი პერსპექტივა უსაფუძვლოდ უნდა ჩავთვალოთ, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მაინც არ გამორიცხავს ბირთვული კონფლიქტის დაწყებას პრინციპით - „კბილი კბილისა წილ“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ